პაკისტანში 3 თვის ფეხმძიმე ფარზანა ფარვენი ოჯახის 20-მა წევრმა, მათ შორის მისმა მამამ და ძმებმა სასიკვდილოდ მხოლოდ იმისთვის გაიმეტეს, რომ გოგონამ იმ მამაკაცზე გათხოვება გადაწყვიტა, ვინც უყვარდა. გოგონა ოჯახის წევრებმა უმაღლესი სასამართლოს წინ ქვებით ჩაქოლეს, რადგანაც სიყვარულით გათხოვდა.
„Washington Post"-ის ინფორმაციით, 25 წლის ფარზანა მუჰამედ იქბალზე წლების განმავლობაში ოჯახის ნებართვის გარეშე იყო დანიშნული. ფარზანას მამამ სიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა. წყვილს ოჯახის წევრები თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ქმართან ერთად სასამართლოდან გამოდიოდა. მამა და ძმები ფეხმძიმეს ხელკეტებითა და აგურებით სასტიკად გაუსწორდნენ. როგორც 45 წლის ქმარი, იქბალი ამბობს, მან და ფარზანამ შეხვედრები პირველი ცოლის (მასთან 5 შვილი ჰყავს) სიკვდილის შემდეგ დაიწყეს და ერთმანეთი შეუყვარდათ. მამაკაცი ამტკიცებს, რომ ცოლის ოჯახის წევრები კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ ვიდრე მათ ქალიშვილს ცოლად შეირთავდა, ფული მიეღოთ.
ვინაიდან პაკისტანში ე.წ. შეთანხმებული ქორწინებაა გავრცელებული, კონსერვატორი პაკისტანელები სიყვარულით გათხოვებას დანაშაულად აღიქვამენ. სამწუხაროდ, ფარზანა ერთ-ერთია იმ უამრავ ქალს შორის, რომლებიც მხოლოდ იმისთვის მოკლეს, რომ ოჯახის ნებართვის გარეშე საკუთარი სურვილით გათხოვდა.