ბოლო დღეებში საქართველოში აქტუალური გახდა მარიხუანას ლეგალიზაციის თემა. ამას აქტიურად განიხილავენ მასმედიასა და სოციალურ ქსელებშიც. მიზეზი კი 2 ივნისს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქცია გახდა. ორგანიზატორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიზიაროს გაეროს დასკვნა და ეს საშუალება კრიმინალური ჩამონათვალიდან ამოიღოს.
„მარიხუანას მოხმარება არ არის სასურველი, მაგრამ ამის გამო დევნა დაუშვებელია", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
დღეისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების (მ.შ.: მარიხუანას) განმეორებით მოხმარება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, ხოლო, იმავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ აღნიშნული ადამიანი ინახავს მარიხუანას გარკვეულ ოდენობას, შესაძლოა დაისაჯოს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იმავე კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, აღელვების ნიადაგზე განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე.
მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეები აცხადებენ, სწორედ იმაში მდგომარეობს პრობლემა, რომ ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღლა, სახელმწიფო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლას აყენებს.
მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე ჟურნალისტებთან კომენტარს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ აკეთებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის თქმით, კი უახლოეს მომავალში მსგავსი საკითხის განხილვას პარლამენტი არ აპირებს.
„რეპორტიორი" შეეცადა გაერკვია, რას ფიქრობ საზოგადოება მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე.