აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი განცხადებას ავრცელებს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ანქვაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 27 მაისს, მიტინგის მიმდინარეობის დროს, ადმინისტრაციის შენობაში რამდენიმე ოპოზიციონერი შევიდა და დაიწყო მოლაპარაკებები.
„ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, როგორ უნდა მომხდარიყო ვითარების ნორმალიზება. იყო მათი მხრიდან კატეგორიული მოთხოვნები, რომ მე უნდა დამეტოვებინა პოსტი, ასევე თანამდებობიდან გადამდგარიყო მინისტრთა კაბინეტი, ორი რაიონის პროკურორი", - აცხადებს ანქვაბი.
მისი თქმით, ოპოზიციას სთხოვეს დახურულ კარს მიღმა რიგი საკითხების განხილვა გაეგრძელებინათ, თუმცა, ისინი მოულოდნელად წავიდნენ თავიანთ მომხრეებთან, რომლებიც ადმინისტრაციის შენობასთან იყვნენ შეკრებილებები.
„ამის შემდეგ ფაქტობრივად შენობაში შეჭრა დაიწყო. უსაფრთხოების სამსახურმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს მიზანი მიღწეული არ ყოფილიყო. მე არსად წავსულვარ. ვიმყოფები აფხაზეთში, უშიშროების საბჭოსთან ერთად მოვლენების განვითარების სხვადასხვა გზას განვიხილავთ. ჩემი და ჩემი კოლეგების ქმედებების მიზანი იყო არ დაგვეშვა იმ სცენარის განხორციელება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის გამოუსწორებელი იქნებოდა. დიდი რაოდენობა ხალხი, მათ შორის იყვნენ შეიარაღებული პირებიც, მივიდნენ აფხაზეთის ტელევიზიასთან და ის ფაქტობრივად აიღეს. რა თქმა უნდა, დაცვას შეეძლო ადეკვატური ზომები მიეღო, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით სადამდე მიგვიყვანდა ეს და ეს არ მოხდა. ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი ვითარება სამართლებრივ ჩარჩოებში დავაბრუნოთ. იურიდიულად, ეს რა თქმა უნდა, არის შეიარაღებული გზით, ძალისმიერი მეთოდით ხელისუფლების შეცვლის მცდელობა", - ნათქვამია ანქვაბის განცხადებაში.