საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მისაკუთრებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე , ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, შპს "არტესის" და AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP" დამფუძნებელი ზაზა კაპანაძე პასუხისგებაში მისცეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "არტესმა" სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" დაკვეთით ქ.თბილისში 2009 წლიდან 2012 წლის ბოლომდე საბიუჯეტო დაფინანსებით შეასრულა კალაუბნის, აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნის სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოები. რა დროსაც შპს "არტესის" დამფუძნებელმა ზაზა კაპანაძემ, ამავე საწარმოს არაოფიციალურ დამფუძნებელ გია ნაცვლიშვილთან ერთად, ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" იმჟამინდელ ხელძღვანელ სერგო ქავთარაძის დახმარებით, საბიუჯეტო თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ფიქტიურად გაზარდეს, რითაც ისინი თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილ 4 052 108 ლარს.
"გია ნაცვლიშვილმა და ზაზა კაპანაძემ დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხების ლეგალიზების მიზნით, შპს "არტესიდან" გაიტანეს დივიდენდის სახით და კანონიერი სახის მისაცემად, შეიტანეს მათ მიერვე დაფუძნებულ შპს "AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP"-ში. აღნიშნული თანხები ხსენებული საწარმოს მიერ გამოყენებული იქნა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან თბილისის N2 სამშობიარო სახლის, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის და ბათუმის სამშობიარო სახლის, პედიატრიის ინსტიტუტის ალერგიისა და რევმატოლოგიის ცენტრის, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის და მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს შესაძენად, რითაც მოახდინეს უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით და 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.