reportiori.ge - ,,მაესტრო" და ძალაუფლების დეფორმაცია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:44
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
,,მაესტრო" და ძალაუფლების დეფორმაცია
ავტორი:
29 მაისი, 2014. 14:46



გაზეთი „კვირის პალიტრა“  „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარის პეტრე მამრაძის წერილს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ და ჟურნალისტ ვახო სანაის გახმაურებულ გადაცემას ეხება.

 

გენერალისიმუსი ფრანცისკო ფრანკო ერთპიროვნულად მართავდა ესპანეთს თითქმის 40 წლის განმავლობაში. ფრანკო კეკლუცობით არ გამოირჩეოდა და საკუთარ რეჟიმს ტოტალიტარულს უწოდებდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ხანდაზმული კაუდილიო წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ამზადებდა ესპანეთში მონარქიის აღდგენას და შემდგომ დემოკრატიზაციას. იმ ხანად მისი ქალიშვილი ერთერთი მინისტრის ცოლთან მეგობრობდა და ხშირად სტუმრობდა მას თავის პატარა გოგონასთან ერთად. ერთხელ ტელეგადაცემას უყურებდნენ ერთად და გენერალისიმუსის 6 წლის შვილიშვილმა, დაინახა რა ეკრანზე პოპულარული და სიმპატიური ტელეწამყვანი ქალბატონი, წამოიძახა: ,,როგორ მოგვაბეზრა თავი ამ ქალმა!". ამას შემთხვევით მინისტრი შეესწრო. გამოცდილმა სახელმწიფო მოღვაწემ მაშინვე ცქვიტა ყურები და ჰკითხა პატარას, რატომ მიაჩნდა მას, რომ ტელეწამყვანმა ,,თავი მოგვაბეზრა". ,,პაპაჩემი ამბობს, რომ მოგვაბეზრაო", უპასუხა მას ფრანკოს შვილიშვილმა. იმ დღის შემდეგ ის პოპულარული ტელეწამყვანი ესპანეთის ტელევიზიით აღარასოდეს გამოსულა. ამ შემთხვევას ახსენებს აწ უკვე გარდაცვლილი გაბრიელ გარსია მარკესი თავის ესსეში ,,მარტის იდები" და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტმა, სხვა რამდენიმე ფაქტთან ერთად, უბიძგა მას შეესწავლა ძალაუფლების არსი და დაეწერა რომანი ,,პატრიარქის შემოდგომა".

 

მარკესის მიერ მოყვანილი ამბავი საინტერესოა იმით, რომ რეჟიმის მანქანამ ავტომატურად იმოქმედა: მინისტრმა გაიფიქრა ,,პირველს" ესიამოვნებაო, ან ,,პირველის" ქალიშვილთან მაინც ჩამეთვლებაო და მიიღო სათანადო ,,ზომები". ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, მინისტრი შესაბამისი უწყების ხელმძღვანელთან საუბრისას იმას არ გაამხელდა, რომ ეს მისი ინიციატივა იყო, არც იმას იტყოდა, რომ ეს ფრანკომ უბრძანა, არამედ ხმის დაწევითა და სათანადო მოდულაციების თანხლებით კორექტულად მიანიშნებდა მოსაუბრეს, რომ ,,არის მოსაზრება რომ..." და რომ ,,საქმისათვის ასე უკეთესია" და ეს, ცხადია, საკმარისი იქნებოდა. თვითონ გენერალისიმუს ფრანკოს თავშიაც არ მოუვიდოდა ასეთი ჩარევა. გამოცდილი დიქტატორი არც თავის თავს და არც სხვას აკადრებდა მსგავსი ბრძანების გაცემას. სხვა თუ არაფერი, შესანიშნავად იცოდა, რომ ეს გახმაურდებოდა და ძალზე უარყოფითად იმოქმედებდა მის სახელზე და ,,იმიჯზე". მოხუცი ფრანკო მხოლოდ თავისთვის ბუზღუნებდა ოჯახურ წრეში და შემთხვევის წყალობით ეს საკმარისი აღმოჩნდა რეჟიმის რეაგირებისათვის.

 

ეს ამბავი გამახსენდა, როცა ვკითხულობდი მთავრობის პრეს-სამსახურის გახმაურებულ განცხადებას ტელეკომპანია ,,მაესტროსა" და ვახო სანაიას არაობიექტურობის შესახებ. თავისი აბსურდულობით, უსუსურობით და ხელისუფლებისათვის მიყენებული ზიანით ეს განცხადება მინარეთის დემონტაჟს, რასმუსენის თბილისში ყოფნის დღეს ოციოდე ადამიანის სკანდალურ დაპატიმრება-გათავისუფლებას და სხვა მსგავს ქმედებებს უტოლდება. ფარცხალაძის მიერ მერაბიშვილის ციხიდან უკანონო გაყვანის შემდეგ ვუშვებდი, რომ ეს შეიძლება ნაცების კარგად მოფიქრებული პროვოკაცია ყოფილიყო. პრეს-სამსახურის განცხადების შემთხვევაში ნაცების ხელს გამოვრიცხავ, მაგრამ ძველი ანდაზა გვასწავლის, რომ ,,უგნურ მოყვარეს ჭკვიანი მტერი ჯობია", და ეს ჭეშმარიტად ასეა.

 

მთავრობის განცხადების შემდეგ მოვძებნე იუთუბზე განთავსებული სანაიას გადაცემა და ყურადღებით ვნახე თავიდან ბოლომდე. დროის დეფიციტის გამო ტელევიზიას იშვიათად ვუყურებ. ძირითადად მაშინ, როცა სანდო ადამიანები მირჩევენ ამა თუ იმ გადაცემის ნახვას. სანაიას გადაცემაზე ჩემთვის არაფერი უთქვამთ და ათასობით სხვა ადამიანის მსგავსად მე მას მხოლოდ მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გაწეული რეკლამის გამო ვუყურე. ამ გადაცემას აშკარად აკლია სიმძაფრე. ობიექტური მაყურებელს უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ გადაცემის ავტორი, ან ტელევიზიის ხელმძღვანელობა შეგნებულად მოერიდნენ იმ მწვავე კრიტიკულ შეფასებებს, რომელსაც ობიექტურად იმსახურებს განაცებული ქოცების წელიწადნახევრიანი უნიათო მმართველობა. ეს პირუთვნელი და მწვავე კრიტიკა ხშირად იბეჭდება ჩვენს პრესაში და მისი ავტორები არიან არა ნაცები, რომლებისგან უწყვეტად მოედინება ბინძური ცილისწამების ნიაღვარი ივანიშვილისა და ,,ოცნების" მიმართ, არამედ ექსპერტები, რომლებიც არასოდეს უჭერდნენ მხარს სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს და მის მწვავე კრიტიკასაც ბედავდნენ. არ ვიცი, რამ განაპირობა სანაიას გადაცემის აშკარად ჭარბი ,,კორექტულობა"  ხელისუფლების მიმართ: ,,მაესტროს" შიშმა, რომ უფრო მძაფრი კრიტიკით ნაცისტების წისქვილზე წყალს დაასხამდნენ, თანაც არჩევნების წინ, თუ იმან, რომ ,,მაესტრომ" ძალაუფლების მპყრობელთა განაწყენება არ მოინდომა. ფაქტია, რომ ჭარბი ,,პოლიტკორექტულობა" სახეზეა და ვახო სანაიაც აშკარად გულწრფელად იყო გაოგნებული ხელისუფლების არაადექვატური რეაქციით - ,,გაგვიჭირდა იმის დაჯერება, რომ მთავრობა კონკრეტული გადაცემის გამო განცხადებებსა და ბრიფინგებს მიმართავდა", განაცხადა სანაიამ და მე მჯერა მისი. მთავრობის რეაქციის დაჯერება მხოლოდ იმას არ გაუჭირდებოდა, ვინც კარგად შეისწავლა მმართველ გუნდში ძალაუფლების განაწილება და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ მაშინაც კი, როცა ნაცების რეჟიმი ძლიერ ზეწოლას ახდენდა დამოუკიდებელ ტელევიზიებზე და ფინანსურადაც ახრჩობდა მათ, სხვებთან ერთად მეც არაერთხელ მომეცა საშუალება სრული სიმძაფრით მეთქვა ,,კავკასიის", ,,მაესტროს", ,,ობიექტივის",  ,,თრიალეთის",  ,,მეორე არხის" ეთერში ყველაფერი, რაც ვიცოდი და რასაც ვფიქრობდი საკაშვილის სადისტურ რეჟიმზე, მერაბიშვილის, ადეიშვილის და სხვების დანაშაულებზე, სააკაშვილის სამხედრო-პოლიტიკურ ავანტიურაზე, ნაცების მიერ ჩადენილ სამშობლოს ღალატზე და .. ამ ტელეკომპანიის კოლექტივებმა, თავისუფალ ბეჭდვით მედიასთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანეს სააკაშვილის კოშმარული, ანტიეროვნული რეჟიმის დასრულებასა და ივანიშვილის გამარჯვებაში. საკმარისია გავიხსენოთ ციხეებში წამების ამსახველი კადრების მოპოვება და ჩვენება...

 

ისიც მჯერა, რომ სანაია არ ცხრილავდა მოქალაქეების პასუხებს და აჩვენა ის, რაც რეალურად მიიღო. პირადად მე რეგულარულად ვისმენ ჩვენი მოქალაქეებისაგან ქოცების მმართველობის გაცილებით უფრო მძაფრ შეფასებებს, ვიდრე ეს სანაიას გადაცემაში ვნახე და მოვისმინე. მიშისტები არ მეკარებიან და სხვადასხვა სოციალური ფენის იმ წარმომადგენელთა აზრს ვისმენ, ვინც ივანიშვილს უჭერდა მხარს (ბევრი მათგანი ივნისში ხმას ისევ ,,ოცნებას" მისცემს). რაშია საქმე? ვფიქრობ საქმე ის არის, რომ ადამიანებზე, როგორც ყოველთვის, მოქმედებდა ,,მიშვერილი ტელეკამერის" ეფექტი და იმაზე ფიქრი, რომ მათი პასუხი ტელეეკრანზე იქნებოდა ნაჩვენები. ვფიქრობ, ეს ფაქტორი რომ არა, ბევრი უფრო მძაფრად და კრიტიკულად შეაფასებდა ქოცების მმართველობას.

 

სანაიას გადაცემაზე თავისი არაადექვატური რეაქციით მთავრობამ გაცილებით მეტი ზიანი მიაყენა საკუთარ თავს, ვიდრე თვით გადაცემამ, რომელზედაც მისი სიმძაფრის დეფიციტით უკმაყოფილო ბევრი მაყურებელი მხოლოდ იმას იტყოდა, რომ ,,ესენიც აღარ ამბობენ სიმართლეს". როგორ მოხდა ეს?

 

"ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, გადამოწმებული რამდენიმე წყაროსთან, რომ ამ გადაცემას (ვახო სანაიას "რეპორტაჟი") მოგვიანებით უყურა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და მისი მწვავე რეაქციის შედეგია, რომ დღეს, სამშაბათს, საკმაოდ მოგვიანებით, მაშინ, როდესაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი არ არის საქართველოში, სწორედ ამიტომ დაჩქარებული წესით გაკეთდა ასეთი ტიპის განცხადება, რომელშიც ფაქტობრივი მასალა ფაქტობრივად არ იყო", - აღნიშნა "მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჟიჟილაშვილმა.

 

,,თერთმეტი წლის განმავლობაში მარგარეტმა არც ერთხელ არ უყურა ტელევიზიას და არცერთი გაზეთი არ წაიკითხა. მხოლოდ ჩვენს მიერ მომზადებულ კლიპებს და პრეს-რელიზებს ეცნობოდა. ასეთი იყო მისი ნება. ტელევიზიას რომ შევხედო, ან გაზეთი რომ წავიკითხო, ორი-სამი დღე ვეღარ ვმუშაობ. იმდენი ბინძური ცილისწამება, ბოღმა, დეზინფორმაცია, უსამართლობა არის იქ ჩემზე და ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებზე, რომ თავს ვეღარ ვერევი და სხვაზე ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ", ამბობდა მარგარეტი და თავის წესს განუხრელად იცავდა", მიყვებოდა ოცი წლის წინათ გამოჩენილი ბრიტანელი პუბლიცისტი და მარგარეტ ტეტჩერის უცვლელი პრეს-მდივანი სერ ბერნარ ინგამი. სერის ტიტულიც მან თავისი პუბლიცისტიკისათვის მიიღო. ბევრი რამ მომცა მისმა ლექციებმა და კიდევ უფრო მეტი მასთან გულახდილმა საუბრებმა წლების განმავლობაში. შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრესას ოთხსაუკუნოვანი ისტორია და ტრადიცია აქვს. დღესაც ბრიტანული მედია თავისუფალი მსოფლიოს ყველაზე რესპექტაბელურ მედიათა რიცხს განეკუთვნება. ბრიტანეთში მოქალაქეების, ხელისუფლების და მას-მედიის ურთიერთობაზე სასამართლოზე უფრო დიდ გავლენას მედიის ეთიკის კლუბი ახდენს. ,,რკინის ლედი" მრავალი წლის განმავლობაში იწრთობოდა პროფესიონალ პოლიტიკოსად და მაინც უფრთხილდებოდა თავს...

 

დავუშვათ ჟიჟილაშვილის ინფორმაცია სწორია იმ ნაწილში, რომ ივანიშვილს სანაიას გადაცემაზე მძაფრი ემოციური რეაქცია ჰქონდა. ადამიანურად ეს სავსებით გასაგებია. ბევრჯერ მითქვამს, რომ საქართველოს ისტორიაში უდიდესმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი რესურსებისა და გმირული თავგანწირვის ფასად გადაარჩინა ერი სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს, ჩვენი გაუბედურებული სახელმწიფო კი მასობრივ დესტაბილიზაციას, ეკონომიკურ კოლაფსს და სრულ ჩამოშლას. პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვით ივანიშვილმა უდიდეს საფრთხეში ჩაიგდო არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ, რაც მთავარია, ოთხი შვილი და მეუღლე. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ წლების განმავლობაში საკუთარი ქონების დიდ ნაწილს სრულიად უანგაროდ და ყოველგვარი აფიშირების გარეშე ახმარდა ერს. არადა ხელს არაფერი უშლიდა, რომ მსოფლიოს ყველაზე დაცულ და ფეშენებელურ ადგილას არხეინად ეცხოვრა ოჯახთან ერთად და მილიარდებიც დაეზოგა. ჭეშმარიტი პატრიოტი, ივანიშვილი, ერს აღიქვამს, როგორც თავის დიდ ოჯახს და ყველას გაგვიკეთა ის, რასაც სადღეისოდ ძმა-ძმას აღარ უკეთებს ხოლმე. არ არის გასაკვირი, რომ ამის შემდეგ ადამიანმა მტკივნეულად და მძაფრად აღიქვას კრიტიკა და სკეპტიციზმი. მით უფრო, რომ მისი გარემოცვა სულ სხვა ინფორმაციას აწვდის მას არსებულ ვითარებაზე და ხალხის განწყობაზე. პრობლემა არის ის, რომ მისი მწვავე რეაქცია საკმარისი აღმოჩნდა მართვის არსებული სისტემის დეფორმირებული რეაგირებისათვის. მთავრობის ვერც ერთი წევრი და, მით უფრო, პრესსამსახური ვერ გაბედავდა განცხადების გაკეთებას სანაიას გადაცემაზე. ასეთ რამეს ერთპიროვნულად წყვეტს ვუნდერკინდი პრემიერი. მისთვის კი კარგია ის, რაც მისი აზრით ესიამოვნება ივანიშვილს. ისიც დიდი პრობლემაა, რომ აპარატში არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც შეუძლია მტკიცედ განაცხადოს, რომ უწინ თანამდებობას დატოვებს, ვიდრე შეასრულებს უაზრო, კონტრპროდუქტიულ დავალებას, რომლის შესრულება ხელისუფლებას და სახელმწიფოს ზიანის გარდა არაფერს მოუტანს. ახლა მას-მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთხმად და სრულიად სამართლიანად გმობენ მთავრობის არაადექვატურ რეაქციას სანაიას გადაცემაზე. უცხოელების განწყობაზე არაფერს ვამბობ - მათთვის ცხადზე-ცხადია, თუ რა ხდება და კიდევ შეიძლება მოხდეს იმ ხელისუფლების ხელში, რომელსაც მსგავსი რამეებისგან დაცვის მექანიზმი არ გააჩნია. საგულისხმოა, რომ თინა ხიდაშელი მკვეთრად გაემიჯნა მთავრობის პრეს-სამსახურის შეფასებას და განაცხადა, რომძალიან კარგ საქმეს აკეთებს დღეს ,,მაესტრო" და რომ ის მხოლოდ მიესალმება ამას.

 

ახლა ცოტა რამ სიტყვის თავისუფლების არსზე. აი რას წერდა შესანიშნავი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი მიხეილ ბეჟანიშვილი ჯერ კიდევ 1997 წელს თავის ბროშიურაში ,,საუბარი ადამიანის უფლებებზე":  „როგორც სამართლიანად შენიშნავდა ცნობილი ინგლისელი მოაზროვნე ჯონ სტიუარტ მილი, სიტყვის თავისუფლების აკრძალვა ყველასთვის საზიანოა, რადგან თუ სიტყვებში ჭეშმარიტი აზრია გამოთქმული, მაშინ მათი აკრძალვა ადამიანებს უსპობს შესაძლებლობას დაინახონ შეცდომა და შეცვალონ იგი ჭეშმარიტებით, ხოლო თუ სიტყვებში გამოთქმული აზრი მცდარია, მაშინ მათი აკრძალვა ადამიანს უსპობს შესაძლებლობას შეიგრძნოს ის სიცხადე, ცხოველმყოფლობა და ძალა, რომელსაც ჭეშმარიტება იძენს სიყალბესთნ შეხების დროს.

რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული, რომ სიტყვის თავისუფლება ბოროტად გამოიყენონ ცალკეულმა პირებმა, საინფორმაციო საშუალებებმა ან სხვა ორგანიზაციებმა. მათ შეიძლება ხალხს მიაწოდონ უპასუხისმგებლო, ცილისწამებლური და ყალბი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევებში დემოკრატიული საზოგადოებების მთავრობებმა არაფერი არ უნდა მოიმოქმედონ, ვინაიდან ეს მთავრობის საქმე არ არის. სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების ერთადერთი საწინააღმდეგო საშუალება არის სიტყვის კიდევ უფრო მეტი თავისუფლება, ვინაიდან მხოლოდ თავისუფალ სიტყვას შეუძლია დაგვანახოს ინფორმაციის უპასუხისმგებლობა, გამოააშკარაოს ცილისწამება და სიყალბე. ცხადია, ცილისწამება შეიძლება გახდეს სასამართლოს განსჯის საგანიც, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში სასამართლო ხელისუფლება მთავრობისაგან მთლიანად გამოყოფილია.

 

ტოტალიტარული რეჟიმებისაგან განსხვავებით, დემოკრატიული ქვეყნების მთავრობები არ აკონტროლებენ, არ კარნახობენ და არ გმობენ წერილობით თუ ზეპირ გამოსვლებში გამოხატულ შეხედულებებსა და აზრებს. დემოკრატიის საყრდენი მხოლოდ განათლებული და გონიერი მოქალაქეებია, რომელთა განკარგულებაში უფართოესი ინფორმაციაა. ინფორმაციის ვაკუუმი, უვიცობა და უგუნურება საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი გულგრილობას ბადებს. დემოკრატია წარმამტებებს მხოლოდ იმ მოქალაქეთა წყალობით აღწევს, რომლებიც ხელმძღვანელობენ გონების ხმითა და შეუზღუდავი ინფორმაციით. გონების ხმა კი გვკარნახობს: არ ჩაიდინო სხვის მიმართ ის, რაც არ გინდა შენს მიმართ ჩაიდინონ, კერძოდ არ აუკრძალო სხვას ის, რაც არ გინდა შენ აგიკრძალონ".

მინდა დავადასტურო, რომ დემოკრატიული ქვეყნების მთავრობები მართლაც არ აკონტროლებენ, არ კარნახობენ და არ გმობენ წერილობით თუ ზეპირ გამოსვლებში გამოხატულ შეხედულებებსა და აზრებს. მათ კარგად იციან, რომ ამის მცირე მცდელობაც კი, საპირისპირო შედეგებს მოიტანს და ძალიან ძვირად დაუჯდება მათ. ამიტომ უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა, რომ ისინი ვერ აკონტროლებენ, ვერ კარნახობენ და ვერ გმობენ თავისუფალ, თუნდაც მცდარ აზრს. საერთაშორისო მას-მედიის მიერ ,,ტეფლონად" აღიარებულმა რონალდ რეიგანმა ერთხელ გულწრფელად გაუმხილა ედუარდ შევარდნაძეს თავისი ემოციები მეორე უძველესი პროფესიის - ჟურნალისტიკის ზოგიერთი წარმომადგენელისადმი: ,,პრეს-კონფერენციის დაწყებამდე დარბაზს თვალს რომ გადავავლებ, ბევრ ნამუსგარეცხილ ნაძირალას ვხედავ, თან კარგად ვიცი, ჟურნალისტობას ამოფარებულნი რომელი ჯგუფების დავალებას ასრულებენ და რა ფულს აკეთებენ თავისი ბინძური საქმიანობით. ბოღმა მახრჩობს და რომ შემეძლოს, ორ დიდ ქვას ავიღებდი და თავებს დავუჭეჭყავდი. მაგრამ თავს ვიკავებ, თავაზიანად ვუღიმი და მშვიდად და ხალისიანად ვპასუხობ ყველას, მათ შორის პროფესიონალ პროვოკატორებსაც - პრესასთან სხვანაირად მოქცევა არ შეიძლება".

 

სანაიას გადაცემაზე მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში იოტისოდება მინიშნებაც არ არის იმაზე, რომ ხელისუფლება აპირებს რაიმე აკრძალვების ან შეზღუდვების შემოღებას მას-მედიის საქმიანობის სფეროში. ჩემი აზრით, ეს განცხადება უფრო განაწყენებული და გაბუტული ბავშვის რეაქციას ჰგავს, ვიდრე პასუხისმგებელი მთავრობის გონიერ მოქმედებას, მაგრამ განურჩევლად მთავრობის ზრახვებისა, მისი მხრიდან ,,მაესტროს"  მიჯირკვნა/მიჭირხვნა ობიექტურად წარმოადგენს თავისუფალ მედიაზე მთავრობის მხრიდან ზეწოლას და ასეც შეფასდება როგორც დასავლეთში, ასევე იმ ჩვენი მოქალაქეების მიერ, ვინც გონების ხმით ხელმძღვანელობს.

დაბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ მარკესის ,,პატრიარქის" ძირითადი პროტოტიპი არის არა გენერალისიმუსი ფრანკო, არამედ ვენესუელის პირველი დიქტატორი (1908-1935 წწ), ხუან ვისენტე გომესი, რომელზედაც ამბობდნენ, რომ იგი ისე მართავდა ვენესუელელებს, როგორც საკუთარ ნახირს.

 

მეოცე საუკუნის გამოჩენილმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბიზნესის მართვის პრინციპების გადატანა სახელმწიფო მართვაზე კრახისთვისაა განწირული ამ ორ სფეროში არსებული პრინციპული განსხვავებების გამო. მეცნიერთა ამ დასკვნის ჭეშმარიტება პრაქტიკამაც არაერთხელ დაასაბუთა.

 

 


 

 

გაზეთი „კვირის პალიტრა“

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016