ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი მოთხოვნა აფხაზეთის ევრაზიულ კავშირში შესვლაა.
„აფხაზი ერის რამდენიმე თაობა უკვე ორიენტირებულია რუსეთზე, რომელშიც ის თავისი ეროვნული ინტერესების ერთადერთ გარანტს ხედავს. ასე იყო 1992-93 წლების ომის დროსაც. ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები აბსოლუტურად შეიცვალა და რუსეთმა ეტაპობრივად განახორციელა აფხაზეთის ინეტერესების დაცვა, 2008 წელს კი მიღებულ იქნა ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. ამ მომენტიდან ჩვენი თანამშრომლობა ახალ დონეზე ავიდა. აფხაზეთი გულწრფელად მადლიერია რუსეთის ამ ყოველმხრივი მხარდაჭერის გამო. ამავდროულად, ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს სიტუაციას მსოფლიოში და ვხედავთ, რომ ახალი გლობალური საშიშროებების წინაშე ვდგავართ, რაც დასავლეთის მიერ თავისი გეოპოლიტიკური და სამხედრო გავლენის სფეროების გაფართოებას უკავშირდება. ჩვენ დაინტერესებული ვართ თანაბარუფლებიანი მონაწილეობით საბაჟო კავშირში, ასევე ევრაზიული კავშირით, რომელიც იქმნება და ამ საკითხში რუსეთის მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ავტორები საფრთხედ აფასებენ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესს და საპასუხოდ რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე საუბრობენ, რაც ეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი სივრცის შექმნას.
საკოორდინაციო საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის საფუძველი აფხაზეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი შეთანხმება უნდა გახდეს.