ბათუმში, ანბანის კოშკთან, პოლიციის პროფესიული დღის აღსანიშნავად ემზადებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა ტექნიკა, იარაღები და აღჭურვილობა წარმოადგინეს. როგორც შს სამინისტროს სპეციალური ღონისძიებების სპეციალისტმა ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონი ბოჭოიძემ განმარტა, გამოფენაზე წარმოდგენილია შსს-ს სისტემაში არსებული შეიარაღება, მათ შორის, სნაიპერული შაშხანები, ყუმბარმტყორცნები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები.
ასევე, სასაზღვრო პოლიციამ წარმოადგინა ვერტმფრენი, რომელიც გამოიყენება სამაშველო ოპერაციების დროს და მთიან რეგიონებში პირადი შემადგენლობის გადასაყვანად. გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრის დირექტორის გიორგი ბიჭაშვილის თქმით, 112-მა გამოფენაზე წარმოადგინა ტურისტებისთვის განკუთვნილი SOS სიგნალის გადამცემი საშუალება, რომელიც ტურისტების უსაფრთხოებისთვის დაინერგა.
„დღეს 112-მა წარმოადგინა „GPS ტრეკერები", რომლებიც უშუალოდ განკუთვნილია ტურისტებისთვის, რომლებსაც მაღალმთიან რეგიონებში გადასაადგილებლად შეუძლიათ გამოიყენონ. სატელიტური სისტემის საშუალებით, ჩვენ ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრას უზრუნველვყობთ და დავეხმარებით", - აღნიშნა გიორგი ბიჭაშვილმა.
ანბანის კოშკთან ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დაიწყება 14:00 საათზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავს და პროფესიულ დღეს მიულოცავს.
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამშრომლებს პოლიციელის დღეს მიულოცავს და პირადად დააჯილდოებს მოქმედ პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერანებს.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციები პარტნიორი ქვეყნებიდან.