reportiori.ge - ნინა სუბლატი: არ მეშინია იმ ხალხის, რომელიც ჩემი ხმამაღალი განცხადებების გამო შემიძულებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:54
ინტერვიუ
ნინა სუბლატი: არ მეშინია იმ ხალხის, რომელიც ჩემი ხმამაღალი განცხადებების გამო შემიძულებს
30 მაისი, 2014. 15:52


მომღერალმა ნინა სუბლატმა თავის პირველ  სადებიუტო ალბომზე მუშაობა დაასრულა და ახლა უკვე მეორე ალბომის ჩაწერაზე ფიქრობს. ნინა ყოველდღიურად ცდილობს საკუთარი თავის პროფესიულად დახვეწას. სწორედ ამიტომ არ ერიდება ხმამაღალ განცხადებებს. მისმა ბოლო პოსტმა სოციალურ ქსელში, სადაც ქართულ შოუ-ბიზნესში საკუთარ თავს პირველი უწოდა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნინა ამ თემაზე და საკუთარ შემოქმედებაზე „რეპორტიორს" ესაუბრა.

 

__ ნინა, რა სიახლეებია თქვენსკენ?

_  სიახლეები, როგორც ყოველთვის, კარიერას უკავშირდება. პირველი ალბომის ჩაწერის შემდეგ ვაწყობ გეგმებს მეორე ალბომის კონცეფციის შესახებ. ვწერ სიმღერებს, ვმუშაობ თავდაუზოგავად... ჩემი დღის რეჟიმი ისევ ისეთი გიჟურია. დღეში ხუთ-ექვს საათს ვმუშაობ ვოკალზე, პლასტიკაზე, ვაკეთებ სუნთქვის ვარჯიშებს, საშემსრულებლო ფსიქოლოგიას მივსდევ. ამის შემდეგ ისევ ჩემი საქმით ვკავდები-ან სიმღერას ვწერ, ან რამე ახალს ვსწავლობ. იგივე რეჟიმი მაქვს, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მქონდა.

 

__ თქვენს პირველ ალბომზე გვესაუბრეთ.

_ ჩემი სადებიუტო ალბომი ძალიან მრავალფეროვანია. „ბრავო რექორდსის", რუსთავი 2-ისა და „ბილაინის" კონტრაქტის მიხედვით, უფლება მქონდა ათი სიმღერა ჩამეწერა. ხუთი საავტორო, ხუთი კი-„ქავერი". ამ ალბომში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, რადგან მინდოდა ჩემი მსმენელის იმედი არ გამეცრუებინა. ჩავწერე ათი ძალიან გემოვნებიანი და თანამედროვე სიმღერა. ვცადე ყველანაირად გამეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ ჩემი მსმენელის გემოვნება მრავალფეროვანია. ამიტომ ალბომში შესულია თითქმის ყველა ჟანრის სიმღერა: პოპი, როკი, ფოლკი... ამის გამო ძალიან გაგვიჭირდა ალბომის გაფორმების გაკეთება. გვქონდა სამი ფოტო გადაღება გრეგორი რეჯინთან და „ლეკო სტუდიასთან". საბოლოოდ, ვფიქრობ, ძალიან უბრალო, თუმცა საინტერესო და ლამაზი ალბომის „ქავერი" გამოვიდა. ორი სხვადასხვა იმიჯით და ჩემი საყვარელი ფიგურებით გაფორმებული.

 

__ თუ გეგმავთ კლიპის გადაღებას?

_ ამჟამად გია ჭანტურიასთან ვთანამშრომლობ, ვიდეოკლიპს ვიღებთ ალბომში შესულ ერთ-ერთ საავტორო სიმღერაზე. რამდენიმე კვირაა ვმუშაობთ. ძირითადად შუა ღამისას გვიწევს გადაღება, ამიტომ ძალიან დამღლელი, თუმცა საინტერესო პროცესია. ვიდეოკლიპი საკმაოდ ფერადი და მხიარულია. წარმოდგენილია ქართული სტერეოტიპული და არა სტერეოტიპული ცხოვრება მსუბუქ და სასაცილო ფორმებში. იმედია მაყურებელს მოეწონება.

 

__ ნინა, თქვენმა სტატუსმა სოციალურ ქსელში, სადაც ამბობდით, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში ყველაფერი თქვენ და მარიკო ლეჟავამ  დაიწყეთ, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რას გულისხმობდით?

_ ამ პოსტმა მართლაც რომ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ცოტა არ იყოს და ქედმაღლურად იქნა გაგებული. მე და მარიკო ლეჟავამ მხოლოდ ის ვიგულისხმეთ, რომ ჩვენი გამოჩენით ბევრი რამ შეიცვალა. მაგალითად ის რომ ერთი ჩვეულებრივი პროექტი ნამდვილ შოუბიზნესად იქცა. ვიგულისხმეთ, რომ სცენაზე ჩვენი გამოჩენით „პოლის ჯოხი" მომღერლების რაოდენობა შემცირდა და სტანდარტმა აიწია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იყო საქართველოში, მაგრამ იყო ბევრი წლის წინ. ახლა კი „პერფორმერი" მომღერლები, რომლებიც მხოლოდ ვოკალური მონაცემებით არ შემოიფარგლებიან, ნამდვილად გვაკლია.

შესაძლოა მართლა ქედმაღლური იყო ჩვენი პოსტი და ზოგმა შესაძლოა იფიქრა, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, თავში აგვივარდა, თუმცა ასე სულაც არ არის. უბრალოდ, არსებობს ხალხის რაღაც კატეგორია, რომელიც ყველაფერს, რასაც ქართველი მომღერლები აკეთებენ, აკნინებს, შეურაცხყოფს, და ცუდად, უფრო სწორად კი-არაადეკვატურად აკრიტიკებს. ეს არა მხოლოდ ჩემთვის, ყველასთვის, ვინც შრომობს, მთელი დღის განმავლობაში საქმითაა დაკავებული და თავდაუზოგავად ცდილობს ქვეყანაში მუსიკალური სფეროს განვითარებაში თავისი წვლილი მაინც შეიტანოს, ძალიან საწყენია. იმის მიუხედავად, რომ პირადად მე არ მიყვარს სხვისი კრიტიკა, არ მიყვარს ხმამაღალი წამოძახილები, მაინც თავს ვალდებულად მივიჩნევ, ჩემი „ქედმაღლური" და სხვადასხვანაირი პოსტებით ხალხს ვუთხრა სინამდვილეში რა ხდება. რადგან ვფიქრობ, რომ რაც ამჟამად ქართულ შოუბიზნესში ხდება, დიდი, მუქი ფარდის ქვეშაა შემალული და ამ ყველაფერს მხოლოდ ხმამაღალი პროტესტი, გაუთავებელი ომი და მწვავე კრიტიკა შეცვლის.

მე არ მომწონს ქართველი მომღერლები, რომლებიც არ მღერიან, არ წერენ სიმღერებს, თუმცა მაინც  ტელეგადაცემებში თავხედურად ფეხი ფეხზე გადადებულები სხედან და თავის თავს მიაწერენ ყველანაირ წარმატებას. მე ჩემი საქმის ფანი ვარ, მე ვიცი რას ნიშნავს თავდაუზოგავად შრომა, ვიცი რა გზაც უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ საქართველოში პირველი კარგი კონცერტი გაიმართოს. სწორედ ამიტომ არ ვერიდები კრიტიკას, არ მეშინია იმ ხალხის, რომელიც ჩემი ხმამაღალი განცხადებების გამო შემიძულებს. არ მეშინია ნეგატივის, რადგან მე მიყვარს ქვეყანა, რომელშიც ვცხოვრობ, მიმაჩნია, რომ ქართველი მსმენელი მეტს იმსახურებს, ვიდრე გაპრანჭულ, უსაქმურ, ტელეგადაცემებში პირად ცხოვრებაზე მოლაქლაქე ვითომმომღერლებს. თავად თავიდან ფეხებამდე მზად ვარ  ქართული მუსიკალური სფეროს განვითარებისთვის. ჩემი სადებიუტო ალბომიც სწორედ ამის ნათელი მაგალითი იქნება.

 

__ ნინა, როგორ აფასებთ ახალ მუსიკალურ პროექტებს, თუ უყურებთიქს ფაქტორს", გულშემატკივრობთ ვინმეს?

_ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სახლში ტელევიზორი არ მაქვს, ამიტომ ამ პროექტში მაინცდამაინც ჩართული არ ვარ. თუმცა რა თქმა უნდა, მივესალმები ყველა ახალ პროექტს. სწორედ ამ პროექტებიდან წამოსული ახალგაზრდა, ნიჭიერი და ამბიციური მომღერლები შეცვლიან რეალობას. პროექტში ჩემი დიდი ხნის მეგობარი, სოფი სააკაშვილი იღებს მონაწილეობას, რომელიც უზომოდ ნიჭიერი ადამიანია და ვფიქრობ, ერთადერთი ღირსეული გამარჯვებული ის იქნება.

 

__ შტატებიდან დაბრუნდით. რა მოგცათ ამ ვიზიტმა და თუ იგეგმება რამე კონკრეტული ამასთან დაკავშირებით?

_ ამერიკაში ვიზიტი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. საქმიან შეხვედრებთან ერთად, გულდასმით ვაკვირდებოდი იქაურ ხალხს, იქაურ მუსიკას და მუსიკასთან დამოკიდებულებას. ჩემი ვიზიტი უფრო  დაკვირვებას ემსახურებოდა, ვიდრე -გართობა-დათვალიერებას. მცირე დაკვირვებით ვადგენდი თუ როგორი უნდა იყოს მუსიკალური სფერო, როგორი სიმღერებია საჭირო. მოკლედ, ძალიან პროდუქტიული ვიზიტი მქონდა. მომავალში ისევ ვაპირებ წასვლას, თუმცა სამომავლო გეგმებზე საუბარი არ მინდა.


ნინა სუბლატი ფართო საზოგადოებამ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავიდან" გაიცნო, სადაც ნინამ გამარჯვება მოიპოვა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016