გასული წლის ბოლოს, საქართველოს კონსტიტუციის გადახედვის და ახალი კონსტიტუციური პროექტის შემუშავების მიზნით, პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიია შექმნა.
კომისიის შემადგენლობაში - 20 დეპუტატი, არასაპარლამენტო, ე.წ. კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ის სახელმწიფო თანამდებობის პირები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებული კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხებით, სამართლის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები შედიან.
პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი, კახა კუკავა, „რეპორტიორთან" საუბრისას, კომისიას უნდობლობას უცხადებს...
-დახურული რომ არის საკონსტიტუციო კომისია, ეს უკვე არასწორია. არაერთხელ ვითხოვეთ, რომ ამ კომისიაში მუშაობის უფლება მოგვცემოდა, მაგრამ არ დაუშვეს. ხელისუფლებას სურს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოებისგან მალულად განახორციელოს, მაგრამ ვერ მოესწრება ამ საკონსტიტუციო რეფორმის დასრულებას. შემდეგ მთვრობას მოუწევს მისი დამთავრება.
-ბატონო კახა, უშუალოდ განსახილველ პროექტებთან გაქვთ შენიშვნები?
-არ ვიცნობ განსახილველ პროექტებს. მხოლოდ კომისიაში ჩართული კომისიის წევრები აკეთებენ ცალკეულ განცხადებებს.
-რამდენიმე დღის წინ კონსტიტუციონალისტ, ავთანდილ დემეტრაშვილს ვესაუბრე კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით..
-ავთანდილ დემეტრაშვილს ძალიან დიდი პატივს ვცემ, როგორც დამსახურებულ მეცნიერს, მაგრამ სიმბოლურია მისი კომისიაში მონაწილეობა. მას რომ კარგი კონსტიტუციის დაწერა შეძლებოდა, შევარდნაძის და სააკაშვილის დროს დაწერდა. ახლაც რომ დემეტრაშვილი წერს საქართველოს კონსტიტუციას - უკვე ყველაფერი გასაგებია. სანამ ქვეყანაში კონსტიტუციასთან დაკავშირებული „დემეტარშვილობა" არ დასრულდება, მანამდე ამ ქვეყანას არ ეშველება!
-ბატონო კახა, კომისიის მთლიან შემადგენლობას იწუნებთ?
-საქართველოს კონსტიტუცია იმ ადამიანებმა უნდა დაწერონ, რომლებიც არ არიან შევარდნაძის და სააკაშვილის პერიოდში არსებული კომფორმიზმით დამძიმებული, ისე, როგორც - ავთანდილ დემეტრაშვილია. ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი ბატონ ავთანდილს თუ გული ეტკინება, მაგრამ ფაქტია, კარგი კონსტიტუცია რომ დაეწერა, დღეს არ მოუწევდა მისი გამოსწორება.
კონსტიტუციის შექმნა, საკმაოდ რთული საქმეა, ამ საქმის კეთებისთვის, მარტო იურისტობა არ კმარა. კარგი საზოგადო მოღვაწეც უნდა იყო. შესაძლოა, დემეტრაშვილი 100%-ით აკმაყოფილებს იურისტის მოთხოვნებს, თუმცა, როგორც საზოგადო მოღვაწის მაჩვენებელი, 1% არ არის.
კომისია, ისეთი ადამიანებისგან უნდა შედგეს, რომლებიც განვითარებაზე იქნებიან ორიენტირებული. დემეტრაშვილი ხელფასზეა ორიენტირებული და როგორც ეტყვიან, ისე აკეთებს.
არ ვენდობი ამ კომისიას! ჩვენ იმიტომ არ შეგვიყვანეს ამ კომისიაში, რომ არსებითი განხილვა არ ყოფილიყო.
-ყოფილ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, კონსტიტუციას „მამა-პაპისეული" ჩოხასავით ირგებდნენო. რას იტყვით ამ თვალსაზრისით ამჟამინდელ ხელისუფლებაზე?
-პრემიერის და პრეზიდენტის არსებული დაპირისპირება, ძალიან არასერიოზულად წარმოაჩენს სახელმწიფოს - კონსტიტუციურ ჭრილში. ვინ უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების ხელსეკრულებას - ეს არ გადაწყდა კონსტიტუციის ფარგლებში. ღარიბაშვილი ამბობს - ფეხებზე მკიდია კონსტიტუცია, მე მოვაწერ ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, იმიტომ, რომ მე ასე მსურსო! - ეს არის კონსტიტუციის იდეის უპატივცემულობა. კანონის დარღვევა! მაგრამ არც არის გასაკვირი. ღარიბაშვილი პოლიციური რეჟიმის წარმომადგენელია, მისთვის კონსტიტუცია ისეთივე ფასეულობაა, როგორც ჩემთვის ნოდარ ლადარიას დისერტაცია. სწორედ ამიტომ, ამ სუბიექტების მიერ შედგენილი კონსტიტუცია, დღეგრძელი ვერ იქნება.
P.S. კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მარტიდან მუშაობს. კომისიაზე რამდენიმე სადავო საკითხი განიხილება, თუმცა კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა.