სასჯელაღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს. უწყების ცნობით, მსჯავრდებულმა გელა ჯაყელმა თავი მოიკლა.
"პირველადი ინფორმაციით, მსჯავრდებული გ.ჯ. რომელმაც წარსულში არაერთხელ მიმართა თვითდაზიანებას, საკანში, მექანიკური ასფიქსიით გარდაცვლილი იპოვეს. 2013 წლის იანვრის შემდეგ, მსჯავრდებული გ.ჯ. თვითდაზიანებების გამო, 5-ჯერ გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოებში, სადაც მას დროული და ადეკვატური დახმარება აღმოუჩინეს. მსჯავრდებულს არაერთხელ გაეწია ფსიქიატრის კონსულტაცია, რის საფუძველზეც სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა. მასთან მუშაობდა ფსიქოლოგიც", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მსჯავრდებული გელა ჯაყელი სასჯელს 2009 წლიდან იხდიდა. სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. განცხადება მსჯავრდებულის გარდაცვალების შესახებ სამინისტრომ 25 აგვისტოს გაავრცელა. გარდაცვლილი კი საკუთარ ოჯახში, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში დღეს დილით მიასვენეს.