პრემიერ-მინისტრის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში სტურმობისას ცნობილი გახდა, რომ სოფელში სკოლის მშენებლობის დაწყების შემდეგ ოთხი ოჯახი დაბრუნდა.
ირაკლი ღარიბაშვილის პრესცენტრის ინფორმაციით, პრემიერმა სოფელ წიფნარის სკოლის მშენებლობა დაათვალიერა. მთავრობის მეთაურს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განუმარტა, რომ სოფლის სკოლის შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, ამიტომ სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღის შენობაში ტარდებოდა, რაც არ აკმაყოფილებდა სკოლისთვის შესაბამის ელემენტარულ მოთხოვნებს. სოფელი სკოლის აშენებას ოცი წლის განმავლობაში ელოდებიდა, რის გამოც მოსახლეობა სოფელს ტოვებდა. 2013 წელს მოხდა ძველი შენობის დემონტაჟი და დაიწყო ახალი სკოლის მშენებლობა. სამოც მოსწავლეზე გათვლილი სკოლის ფართობი 1000 მ. კვ. მოიცავს. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.
წელს გურიის რეგიონში სოფელ ზოტის და სოფელ შუა ამაღლების სკოლების მშენებლობა დაიწყება. ასევე, სრულად რეაბილიტირდება რეგიონის 18 სკოლა.
პრემიერი სკოლის ეზოში შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო. მოსახლეობამ პრემიერს შიდა გზის ასფალტირება და სოფლის გაზიფიცირება სთხოვა.
"ელემემტარულ პირობებზეა საუბარი. ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, მაგრამ ეტაპობრივად ვაგვარებთ მათ. დიდი მადლობა თქვენ ამ მოთმინებისთვის", - მიმართა პრემიერმა მოსახლეობას.
სოფლის სკოლის ყოფილმა დირექტორმა ნუნუ ანდღულაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მის სოფელში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.
"ღმერთმა გიმრავლოთ ჩემნაირი კმაყოფილი ადამიანები და ღმერთმა შეგაძლებინოთ სასიკეთო საქმის კეთება ჩვენი ქვეყნისთვის", - მიმართა მან პრემერს.