თბილისის საკონცერტო დარბაზში ფრანგი მომღერლის პატრისია კაასის კონცერტი გაიმართება. პროექტის სახელია „კაასი მღერის პიაფს“.
კაასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პიაფის სიმღერების შესრულებისკენ მეგობრებმა უბიძგეს.
"ჩემი მეგობრები მიიჩნევდნენ, რომ მზად ვიყავი შემესრულებინა ედიტ პიაფი, ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, რადგან პიაფის შესრულებას სჭირდება ცხოვრებისეული გამოცდილება. ამ პროექტის განხორციელების დროს მინდოდა ისეთი შოუ დამედგა, რომელიც იქნებოდა 21-ე საუკუნის და არა პიაფის ცხოვრების პერიოდის გამეორება", - განაცხადა პატრისია კაასმა.
„ისთერნ ფრომოუშენის“ დირექტორის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, დღევანდელი კონცერტით მომღერლის მსოფლიო ტურნე დასრულდება.
"ეს იქნება მისი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში 145-ე კონცერტი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეს შოუ 400 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა. ქართველ მსმენელს დღეს აქვს საშუალება მოისმინოს ეს ჰიტები და როგორც თავად მომღერალი გვპირდება, ეს იქნება განსაკუთრებული საღამო და განსაკუთრებული შოუ, რადგან ეს მისი მსოფლიო ტურნეს დასასრულია", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
დღევანდელ კონცერტზე პატრისია კაასი ედიტ პიაფის სიმღერებთან ერთად საკუთარ ჰიტებსაც შეასრულებს.