სასჯელაღასრულების N6 დაწესებულებაში გარდაცვლილი გელა ჯაყელის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი შვილი მოკლეს. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. გარდაცვლილის დედის, ზოია ჯაყელის თქმით, მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონია.
"პარასკევს ციხეში ვიყავი ჩემი შვილის სანახავად, ციხის ადმინისტრაცია ჩემი თვალის ასახვევად კარგად ექცეოდა, თუმცა გელამ მითხრა, რომ მის მოკვლას აპირებდა ვინმე ზურა, გვარი არ ვიცი, მითხრა, რომ ის არის ციხის უფროსის მოადგილის დროებითი შემსრულებელი," - განაცხადა ზოია ჯაყელმა.
გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, ციხეში მისმა შვილმა მართლაც მიიყენა თვითდაზიანება, იმიტომ, რომ გადასხმის გაკეთება მოითხოვა, ციხის ადმინისტრაციაში კი უარი უთხრეს.
"გარდაცვლილს საფეთქელზე აქვს ზონარი შემოჭერილი და თავზე აქვს დაზიანებები. ამას თვითონ ვერ მიიყენებდა, ჩემი შვილი მოკლულია," - აღნიშნა ზოია ჯაყელმა.
შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ გელა ჯაყელის გარდაცვალებასტან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულმა გელა ჯაყელმა თავი მოიკლა.
მსჯავრდებული სასჯელს 2009 წლიდან იხდიდა.
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
განცხადება მსჯავრდებულის გარდაცვალების შესახებ სამინისტრომ 25 აგვისტოს გაავრცელა.
გარდაცვლილი კი საკუთარ ოჯახში, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში დღეს დილით მიასვენეს.