გალის რაიონში სიტუაცია მძიმდება. ადგილობრივების განმარტებით, ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯინბა აფხაზეთიდან ქართველების გასახლებას აპირებს.
"აფხაზური პასპორტები ნაწილს უკვე ჩამოართვეს და ალბათ, მალე ყველას ჩამოართმევენ. ამით კი გვეზღუდება გადაადგილების უფლება.ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე "საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის" ყოველდღიურად ათობით ადამიანს აკავებენ და თითოეულ მათგანს ფულის გადახდა უწევს. თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობა იძულებული გახდება აქაურობა დატოვოს, სოფლები ახალგაზრდებისგან, ფაქტობრივად, უკვე დაცლილია, რადგან მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ. გალის რაიონის ქართული მოსახლეობა მთავრობისგან არანაირ მხარდაჭერას და თანადგომას არ გრძნობს", - აცხადებენ ადგილობრივები. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, რაულ ხაჯინბას თქმით კი, „აფხაზეთიდან იმ ქართველების გასახლება, ვისაც აფხაზური პასპორტები კანონდარღვევით აქვთ მიღებული, აფხაზი ხალხის დაკვეთაა". როგორც ხაჯინბამ განაცხადა, არავის უნდა ჰქონდეს იმედი, რომ აფხაზეთში არსებულ სიტუაციას სათავისოდ გამოიყენებს.