„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა თბილისელებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა სპორტის სასახლის წინ, ღია ცის ქვეშ გაიმართა. მას 6000-მდე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
შეკრების მონაწლეებმა სპორტის სასახლის წინ შეკრება დღის სამი საათიდან დაიწყეს. თავდაპირველად საჩვენებელი სპორტული ღონისძიება გაიმართა, რომელშიც „წმინდა გიორგის" კარატეს აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. მოგვიანებით, შეკრება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა გახსნა, რომელმაც მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი საზოგადოებას წარუდგინა. ირმა ინაშვილს სპორტის სასახლის წინ შეკრებილი ადამიანების ოვაციებით შეხვდნენ.
მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო. გამომსვლელთა შორის იყვნენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივანი ადა მარშანია, პოეტი ერეკლე საღლიანი, მწერალი ვაჟა ოთარაშვილი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი იოსებ მანჯავიძე, ქართული სპორტის ლეგენდა ლევან თედიაშვილი, რომელიც კენჭს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" სიით იყრის. შეკრება საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
მოსახლეობას ყველაზე მეტად ირმა ინაშვილის მოწოდება მოეწონა, რომლის თანახმადაც, მერობის კანდიდატმა უარი თქვა სპორტის სასახლის შენობის იჯარის საფასურის გადახდაზე (რაც 20 000 ლარზე მეტს შეადგენს) და შეკრება პირდაპირ ღია ცის ქვეშ გამართა. „როცა ქვეყანაში ყოველწლიურად 300-ზე მეტი ბავშვი შიმშილისაგან გიკვდება, არც პოლიტიკურ პარტიას არა აქვს მორალური უფლება შენობის იჯარაში 20 000 ლარზე მეტი გადაიხადოს და თანაც, იმ ფონზე, როცა ჩემი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი- სოციალურად გაჭირვებული ადამიანების დახმარებაა.
ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამდენი ადამიანი მოვიდა და მხარი დაგვიჭირა. თბილისში უკვე გამოიდარა, ისეთი მზიანი ამინდი იყო ჩვენი შეკრებისას",- განაცხადა ირმა ინაშვილმა.