reportiori.ge - საქართველო უცხოურ პრესაში (26-31 მაისი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:53
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
საქართველო უცხოურ პრესაში (26-31 მაისი)
ავტორი:
02 ივნისი, 2014. 16:44


გასული კვირის უცხოურ პრესაში საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ამსახველი მასალები კვლავ უხვად იყო გამოქვეყნებული. პუბლიკაციების პათოსი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძირითადად კრიტიკულია. რაც შეეხება მასალების გამოქვეყნების სიხშირეს, ამპლიტუდა კვირის დასაწყისიდან დინამიურად მატულობს და თავის პიკს კვირის დასასრულს აღწევს: ამის მიზეზია აფხაზეთში მომხდარი მოვლენები, რომლებმაც რუსული და დასავლური პრესის დიდი დაინტერესება გამოიწვია.


მკითხველს ვთავაზობთ უცხოური პრესის მასალების მიმოხილვას:


ა) ქართული ნოსტალგია:


წინათ მდიდარი, ახლა ღარიბი


ჟურნალ ოგონიოკში" (რუსეთი) გამოქვეყნებულია პეტერბურგელი ისტორიკოსისა და ჟურნალისტის ლევ ლურიეს ვრცელი სტატია, რომელშიც იგი თბილისურ შთაბეჭდილებებზე საუბრობს და საქართველოს მდგომარეობას აანალიზებს.

 

 

ავტორი აღნიშნავს, რომ იგი თბილისში 2008 წლის შემდეგ აღარ ყოფილა და შესაბამისად, მისთვის თვალშისაცემია საქართველოს დედაქალაქში და ზოგადად, ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები: კარგი გზები, თანამედროვე არქიტექტურა, სასტუმროებისა და რესტორნების სიმრავლე, ღვინო - მდინარესავით, ქეიფი და დროსტარება, უცხოელი ტურისტების ნაკადი, უსაზღვრო პატივისცემა, კორუფციისა და ნარკომანიის დაბალი დონე... საქართველო თავისუფალი ქვეყანაა. მაგრამ, შესამჩნევი პროგრესის მიუხედავად, შექმნილი სიტუაციით თითქმის არავინ კმაყოფილი არ არის. ჰაერში სოციალური სიდუხჭირე იგრძნობა. მშრალ ხიდთან უზარმაზარი „ბარახოლკაა", ყიდიან ყველაფერს, უკანასკნელ ნივთებს, რაც ოჯახებს გასაყიდი შემორჩათ საბჭოთა ეპოქიდან: კლასიკოსთა წიგნებს, ლენინგრადულ ფაიფურს, ეგზოტიკურ გრამფირფიტებს. ბევრია გაჭირვებული ადამიანი... არა, „ბომჟები" კი არა, ნორმალური ხანშიშესული მოქალაქეები.

 

 

ქუჩებში უამრავი ტაქსია. საერთოდ, კერძო ტაქსების სიმრავლე ყოველთვის უმუშევრობის ნიშანია. დღეს საქართველოში უმუშევრობის დონე ოფიციალურად 15 პროცენტია. ქალაქის შესასვლელში და ბაზრობებთან უამრავი ახალგაზრდა დგას, ელოდებიან ყველანაირ სამუშაოს... მაგრამ იმათაც, რომლებიც მუშაობენ, მძიმე ცხოვრება აქვთ: საშუალო ხელფასი - 15 ათასი რუბლი, პენსია კი უფრო ნაკლები - 2700.

 

 

ქართველებმა სამი პრეზიდენტი გამოიცვალეს და კრიტიკას ახალსაც არ აკლებენ. ბევრი ნოსტალგიით იხსენებს საბჭოთა წარსულს. ეს გასაგებია.

 

 

1989 წელს საქართველოს პირველი ადგილი ჰქონდა დაკავებული ბინათმშენებლობის დარგში საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ავტომანქანების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩებოდა.

 

 

საქართველო, რომელიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მდიდარი და წარმატებული რესპუბლიკა იყო, დღეს პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთ ყველაზე გაჭირვებულ და ღარიბ სახელმწიფოს წარმოადგენს და ცხოვრების დონით მსოფლიოში 113-ე ადგილი უკავია. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან მის შემდეგ მხოლოდ სომხეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთია, - აღნიშნულია სტატიაში.

 

 

ავტორი ვრცლად აღწერს საბჭოთა ეპოქაში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს, განსაკუთრებით 1930-იან წლებში, როცა საფუძველი ჩაეყარა მსხვილმასშტაბიან მეჩაიეობას, მევენახეობას, მეციტრუსეობას, მეთამბაქოებას, მეაბრეშუმეობას და მრეწველობის იმ დროისათვის მოწინავე დარგებს. საქართველოში კოლექტივიზაციაც შედარებით რბილი ფორმებით გატარდა, გლეხობას შეღავათები დაუწესდა. იოსებ სტალინი მოითხოვდა, რომ ქართული მანდარინი და ლიმონი ყოველი საბჭოთა ოჯახის მაგიდაზე უნდა ყოფილიყო, ქართული ჩაი ყველას უნდა დაეგემოვნებინა, ქართულ ღვინოს რუსული არაყი უნდა შეეცვალა, ქართული ხილი ციმბირშიც უნდა გაყიდულიყო... ეს ყველაფერი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობისა და კომფორტული კლიმატის მქონე რესპუბლიკაში უხვად მოდიოდა: თუ 1932 წელს საქართველოში 1200 ტონა ჩაი მოკრიფეს, 1940 წელს უკვე 45 ათასი ტონა. ციტრუსების ფართობი 400-დან 20 ათას ჰექტრამდე გაიზარდა. შავი ზღვის სანაპირო, გაგრიდან ბათუმამდე არსებული ტერიტორია სანატორიუმებითა და ტურბაზებით იყო მოფენილი. მოკლედ, ლავრენტი ბერიამ სუბტროპიკული საქართველო „კავკასიის რივიერად" და „საბჭოთა კალიფორნიად" აქცია.

 

 

 

ავტორი ეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემებს და აღნიშნავს, რომ „ეს საკითხი ქართველებისათვის ძალიან მტკივნეულია, უმჯობესია კამათი არ დაიწყო, თუმცა თანდათანობით ჭრილობები შუშდება". ამას ხელს უწყობს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება.

 

 

 

დასასრულს, სტატიაში გამოთქმულია სურვილი ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის კავსირების უფრო მეტად განვითარების შესახებ. ავტორის აზრით, საჭიროა რუსეთმაც გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, რადგან რუსებს ქართველები უყვართ - მათ ხომ ქართველოფილობა (ქართველთსიყვარული) სისხლში აქვთ გამჯდარი...

 

 

 

ბ) ქართული პოლიტიკური ელიტა

და უკრაინის კრიზისი

 

 

 

ნეზავისიმაიგაზეტაში" (რუსეთი) გამოქვეყნებული ვრცელი ანალიტიკური სტატია საქართველოს საგარეოპოლიტიკური ორიენტირებისა და საშინაოპოლიტიკურ ძალთა თანაფარდობას ეხება. პუბლიკაციაში კრიტიკული პათოსითაა გადმოცემული საქართველო-რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მდგომარეობა ახალი პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით (რუსეთ-უკრაინის კრიზისი, ყირიმის მიერთება), აგრეთვე საქართველოს მმართველი ელიტის გავლენა საგარეოპოლიტიკურ კურსზე უკრაინასთან მიმართებით.

 

 

 

„უკრაინის კრიზისმა კვლავ დააყენა საგარეოპოლიტიკური მოკავშირის არჩევის საკითხი [საქართველოს] წინაშე, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში სამი იმპერიის - რუსეთის, სპარსეთისა და ოსმალეთის ინტერესების გზაჯვარედინს წარმოადგენდა. იცვლებოდნენ  გავლენიანი სუბიექტები (სპარსეთისა და ოსმალეთის ნაცვლად კავკასიაში რუსეთთან ერთად უკვე ამერიკა და ევროკავშირი ფიგურირებს), მაგრამ არსი იგივე რჩებოდა.

 

 

 

საქართველოს იმ საზღვრებში, რომლებშიც საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა, პრობლემური სახელმწიფოებრიობა აქვს: მას არ შეუძლია მონოპოლური უფლების განხორციელება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებსაც საკუთარ ნაწილად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ ყოველი სასაზღვრო-ტერიტორიული საკითხი საქართველოსთვის უკიდურესად მგრძნობიარეა - მოსახლეობა და მმართველი ელიტა ამ საკითხების ექსტრაპოლირებას საკუთარ რეალობაში ახდენს. რასაკვირველია, თბილისი ტერიტორიული დანაკარგების თვალსაზრისით მთავარ როლს რუსეთს მიაეკუთვნებს.

 

 

 

ერთი მხრივ, საქართველო-რუსეთის ანტაგონიზმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არსებობის საბაზო პლატფორმას წარმოადგენს: ყირიმის მიერთების გამო თბილისი სულ უფრო მეტად მიიწევს ევროსტრუქტურებისკენ, ხოლო რუსეთი ამის სანაცვლოდ, ევროპისკენ მომზირალ საქართველოზე გავლენის შესანარჩუნებლად, აფხაზურ-ოსურ კარტს აძლიერებს, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსაგან დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იქნება.

 

 

 

მეორე მხრივ, რუსეთის მთელი ყურადღება და ბუნებრივია, ინვესტიციები ყირიმისკენაა მიმართული, ხოლო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაურკვეველ ვითარებაში რჩებიან: არც საქართველოს, არც რუსეთის და არც საერთაშორისო სტრუქტურების შემადგენლობაში. ამასთან, ქართველებს გულწრფელად სჯერათ, რომ მათი ქვეყანა ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს და ამისათვის აუცილებელია მხოლოდ შესაბამისი ხელსაყრელი რეგიონული კონიუნქტურა, რომელშიც წამყვანი როლი რუსეთს მიეკუთვნება.

 

 

 

უკრაინასთან მიმართებით თბილისის პოზიცია ასე გამოიხატება: მოსახლეობის სურვილისა და იმედების საწინააღმდეგოდ, რუსეთმა აიძულა უკრაინის წინა ხელისუფლება უარი ეთქვა ევროინტეგრაციაზე, მოსკოვმა რუსულენოვან რეგიონებზე ზეწოლით კრიზისის ინიცირება მოახდინა, საერთაშორისო ნორმების დარღვევით მიიერთა ყირიმი (როგორც ეს 2008 წელს საქართველოსთან გააკეთა) და ამით საფრთხე შეუქმნა მსოფლიო უსაფრთხოების სისტემას. ამიტომაც საქართველო მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და იმედოვნებს, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით.

 

 

 

აშკარაა, რომ უკრაინის კრიზისს, ერთი მხრივ,  ქართული ელიტა უნდა შეემჭიდროვებინა, მაგრამ მეორე მხრივ, ელიტის ჯგუფებში არსებული ერთნაირი მაგისტრალური კურსის მიუხედავად, მათ შორის ურთიერთობებში გარკვეული ნიუანსები შეიმჩნევა, რომლებსაც ძალის რამდენიმე ცენტრი განსაზღვრავს. პირველი - კონკურენტულ პოლიტიკურ და ელექტორალურ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; მეორე - არსებობს მოქმედი, მაგრამ უუფლებო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი; მესამე - ასევე არსებობს მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რომლის შიგნითაც განსაკუთრებით აქტიურობს მაია ფანჯიკიძის საგარეო საქმეთა სამინისტრო (წესით, ასეც უნდა იყოს - საგარეოპოლიტიკური უწყება ყოველთვის აქტიურია, მაგრამ ამას ემატება თავდაცვის უწყებაც ირაკლი ალასანიას ჩათვლით); მეოთხე - არანაკლებ მნიშვნელოვანია ორი სუბიექტის -  ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოზიციები. აი, ყველა ამ მოთამაშის პოზიციათა ერთობლიობა შეადგენს ძალების განლაგების არსს უკრაინის კრიზისთან მიმართებით", - ნათქვამია სტატიაში.

 

 

 

სტატიაში გადმოცემულია მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ: საზღვარგარეთ ყოფნისას მას უკვე აღარ სჭირდება ლავირება და კომპრომისის ძიება, ექს-პრეზიდენტი ტრადიციულად ინარჩუნებს რიტორიკის საბრძოლო ანტირუსულ მიმართულებას. ეს ნათლად გამოჩნდა უკრაინასთან მიმართებით, სადაც მიხეილ სააკაშვილი ხშირად ჩადის და რუსეთის წინააღმდეგ მკვეთრ განცხადებებს აკეთებს. „მოკლედ, მისი პოზიცია უკრაინის კრიზისის შესახებ ნათელია", - აღნიშნულია მასალაში.

 

 

 

როგორია ირაკლი ღარიბაშვილის მიდგომები უკრაინის პრობლემატიკის მიმართ? სტატიაში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ავანსცენაზე იმყოფება და მისი დამოკიდებულება ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ხაზის ჩარჩოებში თავსდება: ყირიმის რეფერენდუმის მიუღებლობა, უკრაინელი ხალხისა და ახალი ხელისუფლების მხარდაჭერა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება."ვგმობთ უკრაინის სუვერენიტეტის შელახვას. ეს ჩვენი როგორც მეგობრული ქვეყნის პოზიციაა. პარალელურად ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ რადიკალური განცხადებებისაგან, ჩვენ უნდა გვქონდეს პრაგმატული, გონივრული პოზიცია და ამავე დროს გადამწყვეტი მიდგომა ყოველი საკითხისადმი",  - ამბობს ღარიბაშვილი. იმავდროულად სტატიაში ხაზგასმულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დისტანცირებულია მიხეილ სააკაშვილისაგან და მოუწოდა კიდეც უკრაინის ახალ ხელისუფლებას, რომ  ავანტიურისტული მიდრეკილების მქონე ექს-პრეზიდენტისაგან თავი შორს დაიჭიროს.

 

 

 

პუბლიკაციაში ნაჩვენებია საკმაოდ დელიკატური მომენტიც: „საინტერესოა თავდაცვის მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ტანდემი, რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული არა მხოლოდ ერთობლივი საგარეოპოლიტიკური საქმიანობით, არამედ ნათესაური კავშირებითაც: მაია ფანჯიკიძის უმცროსი და ნათია ირაკლი ალასანიას მეუღლეა). ასევე საინტერესოა, რომ ირაკლი ალასანია აშშ-ში თავისი პიროვნული დამოუკიდებელი ვიზიტის დროს შეხვდა ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს და სხვა მაღალ პირებს. ალასანიას პოზიცია უკრაინის მიმართ ასეთია: „უკრაინის რევოლუცია გარდამტეხი მომენტია ვლადიმერ პუტინის 14-წლიან ბატონობაში რუსეთსა და მის მეზობლებზე". ამ ფონზე მაია ფანჯიკიძის განცხადება „უკრაინის მოვლენების გამო გამოხატულ შეშფოთებასა და მის შეუსაბამობაზე ევროპული ფასეულობების მიმართ" მხოლოდ დეკლარატიულად ჟღერს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ორ მინისტრს შორის „შრომის დანაწილების"" საკუთარი პრინციპი მოქმედებს, რომლის თანახმად, მამაკაცის პრეროგატივაა წამყვანი როლის შესრულება და ინიციატივის გამოჩენა.. ეს უწყებათა მეთაურების წონაშიც აისახება: სოციოლოგიური გამოკითხვით, ალასანიას საქმიანობას დადებითად აფასებს მოსახლეობის 44 პროცენტი, ფანჯიკიძის მუშაობას კი - 31%".

 

 

 

რაც შეეხება პრეზიდენტს: სტატიაში აღნიშნულია, რომ გიორგი მარგველაშვილი თავისი სტატუსით სიმბოლური მედიატორის როლს ასრულებს. მას არჩევისთანავე „უხერხემლო" ლიდერი უწოდეს, თუმცაღა სწორედ ის აჩვენებს ყველაზე უფრო ზომიერ პოზიციას უკრაინის კრიზისის მიმართ და სხვებთან შედარებით ყველაზე ნაკლებ „საომარ განწყობას" გამოხატავს რუსეთის მიმართ. როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილი ანგარიშს უწევს შემდეგ ფაქტორებს:

 

 

 

ა) რუსეთთან, როგორც მეზობელ ბირთვულ სახელმწიფოსთან კონფლიქტს 2008 წელს საქართველოსთვის არავითარი დადებითი შედეგი არ მოუტანია და არც შეიძლებოდა მოეტანა;

 

 

 

ბ) რუსეთთან ემბარგოს უმნიშვნელოდ შესუსტების შედეგაც კი რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა შორის მესამე ადგილზეა;

 

 

 

გ) რუსეთში მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორა ცხოვრობს (2010 წლის მონაცემებით, დაახლოებით 158 ათასი ადამიანი, რაც საქართველოს ტიტულოვანი მოსახლეობის 4%-ზე მეტს შეადგენს). დიასპორა საქართველოს ეხმარება უმუშევრობის პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრაში. გარდა ამისა, რუსეთიდან საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყოველთვიურად ყველაზე მეტი ფულის გადარიცხვები ხორციელდება;

 

 

 

დ) რუსეთთან ურთიერთობის მდგომარეობით უკმაყოფილოა მოსახლეობის 74% რაც ნიშანავს, რომ არსებობს ურთიერთობის გაუმჯობესების აშკარა პოტენციალი.

 

 

 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიდის იმ გზით, რომელიც ყველაზე ნაკლებად გამაღიზიანებელია რუსეთის ხელისუფლებისათვის და იგი იმედოვნებს, რომ მოსკოვთან ურთიერთობა გაუმჯობესდება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკური ოლიმპიდან სამოაქალაქო სექტორში გადავიდა, იგი მხარს უჭერს კიევის ხელისუფლებას", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

დასასრულს, სტატიაში ასეთი დასკვნაა გაკეთებული: ზოგადად, ქართული ელიტური ჯგუფების პოზიცია საზოგადოებრივ აზრს ემთხვევა. საზოგადოება პირველ რიგში იმითაა შეშფოთებული, რომ საქართველოს უკვე აქვს ოკუპაციის სამწუხარო გამოცდილება და აგვისტოს ომი მკვეთრადაა ჩაბეჭდილი ადამიანთა ცნობიერებაში. საქართველოში კარგად ესმით უკრაინისა და უკრაინელი ხალხისა - ორივე ქვეყანას მსგავსი პრობლემები აქვთ და ეს ყველაფერი რუსეთთან და მეზობლებთან ურთიერთობაში აირეკლება. უკრაინის კრიზისი კვლავ დრის წესრიგში აყენებს საგარეოპოლიტიკური მოკავშირის არჩევის საკითხს. ევროპულ და ტრანსატალანტიკურ გზაზე მდგარ საქართველოს ისევ არ შეუძლია მოლაპარაკება მძლავრ მეზობელთან. დღევანდელი ხელისუფლება ფრთხილად მოქმედებს, მაგრამ რადგანაც ხალხში ძველი წყენა და წინა ხელისუფლების რიტორიკის შედეგი ჯერ კიდევ შემორჩენილია, ამის გამო რუსეთთან კომპრომისებზე წასვლა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. ასეთი კურსის გამოცხადება პოლიტიკური კარიერის დასასრულის ტოლფასი იქნებოდა. რა იქნება შემდეგ? როგორც ჩანს, ეს საქართველოს ხელისუფლებამ თვითონაც არ იცის. არის მხოლოდ ძველი ქართული ოცნება ერთიან და ძლიერ სახელმწიფოზე და სტატუს-ქვო, რომლის შეცვლა თავის სასარგებლოდ საქართველოს არ შეუძლია".

 

 

 

გ) დსთ-დან გასვლა: ქართული და უკრაინული მიდგომები

 

 

 

რუსეთის პრესაში საკმაოდ აქტიურად გაშუქდა უკრაინის ახალი ხელისუფლების პოზიცია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მიმართ - დარჩეს უკრაინა დსთ-ში თუ გამოვიდეს? ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა სტატიები, რომლებშიც ამ ორგანიზაციის წევრობის მიმართ უკრაინისა და საქართველოს დამოკიდებულებაა გადმოცემული.

 

 

 

გაზეთ კომერსანტის" პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებაზე, რომელიც მან მინსკში დსთ-ის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების სამიტზე გააკეთა: არ შეიძლება წყალში გადაიყაროს ამდენი წლის ერთად საქმიანობის შედეგები, დსთ-ის წევრები ერთ ენაზე ლაპარაკობენ, ერთ ენაზე აზროვნებენ... სანამ დსთ-დან გასვლის ნაბიჯი გადაიდგმება, როგორც ეს საქართველომ გააკეთა და მერე, როგორც  ვიცი, [არასწორი გადაწყვეტილების გამო] იდაყვზე კბენას ცდილობდნენ, დაფიქრებაა საჭირო".

 

 

 

როსიისკაია გაზეტაში" გამოქვეყნებულია ცნობილი რუსი პუბლიცისტის ლეონიდ რაძიხოვსკის სტატია, რომელშიც იგი არჩევნების შემდგომი უკრაინის საგარეო პოლიტიკის პერსპექტივის პროგნოზს აკეთებს, მათ შორის დსთ-სთან დამოკიდებულებაში და ერთმანეთს ადარებს თბილისისა და კიევის პოზიციებს.

„რუსეთი უკრაინის მთავრობას ოფიციალურად „ხუნტას" უწოდებდა და სხვა მაგარი ეპითეტებით ამკობდა, უკრაინა კი მეზობელს „აგრესორს" და „ოკუპანტს" ეძახდა. ამის მიუხედავად, სავაჭრო და ჰუმანიტარული კონტაქტები არცერთი დღე არ შეწყვეტილა. აბა, შევადაროთ: 2008 წელს საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, უკრაინამ კი შეინარჩუნა; საქართველო დსთ-დან გავიდა, უკრაინა კი დარჩა. შეიძლება ვთქვათ, რომ ტემპერატურა დაბლა მეტად აღარ დაიწევს, გაცივებამ თავის ბოლო წერტილს მიაღწია და ახლა სიტუაცია თანდათან უნდა გამოსწორდეს.

 

 

 

დსთ-დან უკრაინის შესაძლო გასვლასა და ამასთან მიმართებით უკვე არსებულ ქართულ პრეცედენტს ეხმაურება გაზეთ „იზვესტიის" პუბლიკაცია, რომელშიც ცნობილი პოლიტოლოგი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხოეთის ქვეყნებთან კულტურული კავშირების სამმართველოს ყოფილი უფროს მოდესტ კოლეროვის თვალსაზრისია გადმოცემული.

 

 

 

„როგორც მოდესტ კოლეროვი ამბობს, დსთ-დან გასვლის მაგალითი უკვე არსებობს - საქართველოს პრეცედენტი. ოფიციალურად საქართველომ თანამეგობრობა 2009 წლის 18 აგვისტოს დატოვა, მანამდე კი თბილისმა, როგორც ამას დსთ-ის წესდება მოითხოვს, გასვლის სურვილი ერთი წლის წინ გამოაცხადა: 2008 წლის 12 აგვისტოს გამართულ მიტინგზე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რადგანაც თანამეგობრობამ არაფერი გააკეთა რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის აღსაკვეთად, მან მიიღო გადაწყვეტილება დსთ-დან გასვლის შესახებ. ორი დღის შემდეგ პარლამენტმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება ერთხმად დაამტკიცა, 18 აგვისტოს კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ყველაფერი დსთ-ის აღამსრულებელ კომიტეტს აცნობა. 

 

 

 

საქართველო დსთ-ის ჩარჩოებში ხელმოწერილ 113 შეთანხმებაში მონაწილეობდა. ბევრი მათგანი, განსაკუთრებით ეკონომიკური სფეროს დოკუმენტები, ორმხრივ ფორმატში გადავიდა, ასე რომ, საქართველოს ეკონომიკა ამით დიდად არ დაზარალებულა (რუსეთმა ანტიქართული ემბარგო უფრო ადრე, 2006 წელს შემოიღო). რაც შეეხება დსთ-ის ჩარჩოებში ხელმოწერილ კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულებას, საქართველო იქიდან უფრო ადრე, 1990-იან წლებში გავიდა. „საქართველოს დსთ-დან გასვლამ რუსეთი ბევრი ვალდებულებისაგან გაათავისუფლა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ვალდებულებისაგან, - ასე თვლის ზურაბ ხონელიძე, საქართველოს ბოლო სრულუფლებიანი წარმომადგენელი დსთ-ში.

 

 

 

1993 წლის დეკემბერში საქართველოს იმდროინდელმა მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველო უერთდება თანამეგობრობის ორგანიზაციას. სსრკ-ის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს იმედი ჰქონდა, რომ დსთ-ის დახმარებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების პრობლემას მოაგვარებდა. 1994 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა,  მღელვარე განხილვისა და კამათის შემდეგ, შევარდნაძის გადაწყვეტილება დაამტკიცა, ივლისში კი დსთ-ის ეგიდით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამშვიდობო ძალები შევიდნენ. მათი მისია 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დასრულდა.

 

 

 

თავდაპირველად ედუარდ შევარდნაძის მანევრი ეფექტური ჩანდა: დსთ-ის წევრ-სახელმწიფოთა მეთაურები რეგულარულად გმობდნენ სეპარატიზმის გამოვლინებას, 1996 წლის იანვარში კი აფხაზეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლოკადაც იქნა შემოღებული, რომელიც ოფიციალურად 2008 წლამდე გაგრძელდა. როცა საქართველომ დსთ-დან გასვლა გადაწყვიტა, ედუარდ შევარდნაძემ ასე თქვა: დსთ-ში გაწევრიანებას საქართველოსთვის არაფერი ცუდი არ მოუტანია. დსთ-ის სწევრები, როგორც წესი, ყოველთვის იზიარებდნენ საქართველოს პოზიციას სეპარატიზმის დაგმობის საკითხში. ჩემი აზრით, ასე სწრაფად გამოსვლის გადაწყვეტილება არ უნდა მიგვეღო, შეგვეძლო თანამეგობრობა კიდევ გამოგვეყენებინა საქართველოს სასარგებლოდ", - ნათქვამია პუბლიკაციაში.      

 

 

 

უკრაინის თემას მიხეილ სააკაშვილის სტატიით დავასრულებთ, რომელიც აშშ-ის  გაზეთ უოლ სთრით ჯორნელში" დაიბეჭდა. საქართველოს ექს-პრეზიდენტის აზრით, პეტრე პოროშენკოს ქვეყნის პრეზიდენტად არჩევა უკრაინელი ხალხის საუკეთესო გადაწყვეტილებაა: მე პეტრე პოროშენკოს 1980-იანი წლების ბოლოდან ვიცნობ, როცა კიევის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართალს ერთად ვსწავლობდით. იგი ძალიან კარგი სტუდენტი იყო და ბიზნესის წარმოება ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი თავის სტატიაში. მისი აზრით, პეტრე პოროშენკო სხვებთან შედარებით ბევრად კარგადაა მომზადებული პრეზიდენტობისათვის, რადგან მას უკრაინის მთავრობაში მუშაობის გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, „იგი პირველი პრეზიდენტია უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, რომელიც ინგლისურ ენაზე თავისუფლად ლაპარაკობს", - წერს მიხეილ სააკაშვილი. იგი ახალი პრეზიდენტის სამომავლო ამოცანებს ეხება და მას ერთგვარ რჩევებს აძლევს: „ამჟამად პოროშენკომ მთელი თავისი გონება, ცოდნა და უნარი უნდა მოიკრიბოს, რათა არა მარტო უკრაინის ეკონომიკაზე იზრუნოს, არამედ გაატაროს საკმაოდ მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი რეფორმები".

 

 

 

ე) საქართველო და ნატო:

როგორ შევაჩეროთ პუტინი

 

 

 

გასულ კვირას უოლ სთრით ჯორნელში" კიდევ ერთი ქართველი ავტორის - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის სტატია დაიბეჭდა, რომელშიც იგი ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ ვექტორებს ეხება.

როცა 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, მისი ტერიტორიის მეხუთედის ოკუპირება მოახდინა და ისე გამოვიდა, თითქოს არაფერი მომხდარა, [მოსკოვს აპატიეს], - წერს ალექსი პეტრიაშვილი, - საქართველოს მწარე ბედი ხვდა წილად იყოს მოსკოვის საცდელი პოლიგონი ყოფილ ვასალურ სახელმწიფოებზე გავლენის ძალისმიერი აღდგენისათვის. იმ მიზეზით, რომ დასავლეთმა თვალი დახუჭა რუსეთის მიერ საქართველოს მიწების მიტაცებაზე, მოსკოვი გათამამდა და ყირიმიც მიიერთა. კრემლის შემდგომი წინსვლის შესაჩერებლად დასავლელმა მოკავშირეებმა აქტიურად უნდა იმოქმედონ - კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში [საკუთარი პოლიტიკური ნება] უნდა აჩვენონ. დასავლეთმა ასევე ხელი უნდა შეუშალოს კრემლს ახალი ე.წ. ექსკლუზიური გავლენის სფეროების შექმნის საქმეში. სანამ დასავლეთი უკრაინის კრიზისის გადასაჭრელად ყველაზე უკეთეს გზას ეძებს, ერთი მიმართულება ახლავე აშკარაა: საქართველოს ნება უნდა მიეცეს გადადგას შემდეგი ნაბიჯი ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანებისათვის", - აღნიშნავს ალექსი პეტრიაშვილი.

 

 

 

„ამაში ორმაგი აზრი დევს: პირველი - საქართველო ალიანსში გასაწევრიანებელ კიბეზე ასასვლელად ყველა მოთხოვნას პასუხობს, რაც ნატოშიც და საქართველოშიც კარგად იციან; ეს იციან რუსეთშიც და რეგიონის სხვა ქვეყნებში. თუ სექტემბერში კარდიფში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას („მაპ"-ს) არ შესთავაზებენ, თბილისი ძალიან იმედგაცრუებული დარჩება, რუსეთი და რეგიონის პატარა ქვეყნები კი ამისგან შესაბამის მკვეთრ დასკვნებს გააკეთებენ. ნატოს ყოველი თავშეკავებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან მიმართებით იქნება მიღებული, რეგიონში გაგებული იქნება როგორც ალიანსის სისუსტე და რუსეთისათვის „მწვანე შუქის" ანთება შემდგომი აგრესიისათვის;

 

 

 

მეორე - საქართველოსთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთობის გაღრმავება უნიკალური შესაძლებლობა იქნება რეგიონში მისი დასამკვიდრებლად, ნატოსადმი ნდობის ასამაღლებლად და იმ დადებითი მაგალითის საჩვენებლად, რომელსაც შემდეგ სხვებიც მიბაძავენ", - ხაზს უსვამს მინისტრი.

 

 

 

„2005 წელს ვლადიმერ პუტინმა დაიჩივლა, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლა საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა იყოო". ჩვენ, ქართველები, ამას არ ვეთანხმებით. ჩვენ მზად ვართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვაჩვენოთ, რომ ის ეპოქა დიდი ხანია მიიცვალა, უკვე დამარხულია და რომ უკრაინის ამბების მიუხედავად, ჩვენი რეგიონის მომავალი სრულიად სხვაგვარად გამოიყურება", - ასკვნის ალექსი პეტრიაშვილი.

 

 

 

ვ) საქართველო და ევროკავშირი:

გაუგებარი ინტერესები

საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა გასაგებია, მაგრამ რა სურს ევროკავშირს საქართველოში? ამ თემაზე „საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს" სტუდიაში ისაუბრა პარიზის პოლიტიკური მეცნიერების უმაღლესი სკოლის თანამშრომელმა ჟან-რობერ ჟუანმა, რომელიც შეეხო ევროკავშირთან საქართველოსა და მოლდოვას ასოცირების შეთანხმებებს.

 

 

 

როგორც ფრანგმა ექსპერტმა აღნიშნა, ასოცირების შეთანხმება ნიშნავს თავისუფალი ვაჭრობის გაფართოებას ევროკავშირსა და ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის. მოსალოდნელია სავიზო რეჟიმის გამარტივებაც... ბუნებრივია, ასოცირების შეთანხმება ევროკავშირისათვის ის ინსტრუმენტია, რის მეშვეობითაც ბრიუსელი აღნიშნულ პოსტსაბჭოთა ტერიტორიებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს. იგივე მიზნები აქვს რუსეთს, რომელსაც მათი სრული კონტროლი თუ არა, გავლენის გაძლიერება მაინც სურს. ვნახოთ, რა იქნება, თუმცა საეჭვოა, რომ რეალურად ეს [ბრიუსელისთვის] წარმატებული იქნება. ამიტომაც როგორი ინტერესები უნდა დაიცვას ევროკავშირმა, მაგალითად, საქართველოში, ცოტა გაუგებარია... საქართველოსთან შედარებით მოლდოვა უფრო ახლოა ევროკავშირთან. საქართველო ამიერკავკასიაში მდებარეობს, სადაც გაყინული კონფლიქტებია [და მას მოლდოვასთან შედარებით უარესი მდგომარეობა აქვს]".

 

 

 

ჟან-რობერ ჟუანის თქმით, არც მოლდოვამ და არც საქართველომ ისე არ უნდა იფიქროს, რომ ასოცირება პირველი ნაბიჯია ევროკავშირში შესასვლელად. სწორედ ამაშია დოკუმენტის ორაზროვნება, რაც ძალიან სახიფათოა ამ ორი ქვეყნისათვის. გავიხსენოთ ევროკომისიის ექს-მეთაურის რომანო პროდის ფრაზა: „ასოცირება - ეს ყველაფერია, გარდა ინსტიტუტებისა", ანუ ევროკავშირის პოლიტიკა, მისი პროგრამები, მაგრამ არა ევროკავშირის წევრობა. შესაძლოა შარშან კიევში, ნოემბერში, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს ლიდერმა უკრაინელ ხალხს უთხრა, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა ევროკავშირში გაწევრიანების პირველი საფეხურიაო, მაგრამ სინამდვილეში მასზე ხელმოწერა არავითარი გაწევრიანების გარანტია არ არის. ამიტომაც თუ რაიმეს ვიტყვით, უნდა დავაზუსტოთ კიდეც, თორემ მერე ის ქვეყნები, რომლებიც ასოცირების შეთანხმების მხარეები იქნებიან, ვერ გაიგებენ, თუ რატომ ვერ გახდებიან ევროკავშირის წევრები", - ხაზი გაუსვა ფრანგმა ექსპერტმა.

 

 

 

ზ) საქართველო და ირანი:

ვაშინგტონის აჩრდილი თბილისსა და თეირანს შორის

 

 

 

ვესტნიკ კავკაზა"-ში გამოქვეყნებულია სტატია, რომელშიც გადმოცემულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ირანის ელჩის მიღების ფაქტი და რუსი პოლიტოლოგის კომენტარი ამასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, 29 მაისს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და ესაუბრა აბას ტალებიფარი, ირანის ელჩი საქართველოში, რომელმაც ქართველ ლიდერს მისი ირანელი კოლეგისაგან თეირანში ოფიციალურად მიწვევის  თხოვნა გადასცა.

 

 

 

თანამედროვე ირანის შემსწავლელი ცენტრის დირექტორის რაჯაბ საფაროვის აზრით, ამ დიპლომატიურ ჟესტს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

 

 

 

ირანის ისლამური რესპუბლიკა მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას ატარებს და ცდილობს მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობები ჩამოაყალიბოს. რასაკვირველია, ამ კონტექსტში თეირანისათვის პრიორიტეტულად ითვლება მეზობელი სახელმწიფოები. „საქართველო იმ სახელმწიფოებს მიეკუთვნება, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვნადაა კონცენტრირებული ირანის ინტერესები... ამასთან, ირანს კარგად ესმის, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ფარვატერში იმყოფება და შესაბამისად, პრაქტიკულად საკითხებს თვითონ ისე ვერ წყვეტს, როგორც ეს დამოუკიდებელ სახელმწიფოს შეეფერება".

 

 

 

საქართველოს შეზღუდული დამოუკიდებლობის გამოვლინების მაგალითია ის, რომ თბილისმა [აშშ-ის მოთხოვნით] დაბლოკა საქართველოს ბანკებში არსებული ირანული კომპანიების ანგარიშები, თანაც ისეთების, რომლებსაც დიდი ინვესტიციები ჰქონდათ ჩადებული ფოთის პორტის განვითარების მიზნით. ამრიგად, ირანს საკმაოდ მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა - რამდენიმე მილიარდი დოლარის ოდენობით. „სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსა და ირანს ერთმანეთთან პრაქტიკულად აღარ აქვთ, მაგრამ საქართველოს, როგორც შუამავალს ირანსა და დასავლეთს ევროპას შორის, შეუძლია დახმარების გაწევა კონტაქტების გაბმის საკითხში და ამით მუდმივად ცდილობს ირანის მოხიბვლას.

 

 

 

იმავდროულად, ირან-საქართველოს ურთიერთობის დინამიკა შეიძლება საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდეს: თავის დროზე ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმი არსებობდა და ცხადია, ეს გარკვეულწილად ეხებოდა იმ ქვეყნებსაც, რომლებსაც ირანთან მჭიდრო ურთიერთობები აქვთ. აშკარაა, რომ საქართველო-ირანის კონტაქტებში არსებული ყოველი პოზიტივი რუსეთისათვის ერთგვარ გამაღიზიანებელ ფაქტორად ითვლება. აბა, წარმოიდგინეთ: ირანს და საქართველოს ერთმანეთთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვთ, ამ დროს კი საქართველოს გავლით ირანში შეპარვა შეუძლიათ დასავლეთის სპეცსამსახურებს... ამ შემთხვევაში ეს არამარტო ირანის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება, არამედ რუსეთისა და სხვა ქვეყნების ინტერესებსაც.

 

 

რა თქმა უნდა, რუსეთი აცნობიერებს, რომ ირანს აქვს უფლება თვითონ განსაზღვროს თავისი ურთიერთობები მსოფლიო თანამეგობრობასთან, საკუთარი ინტერესების მიხედვით. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის ირანში მიწვევას, ეს შესაძლოა ქართული დიპლომატიური წრეებიდან მომდინარეობდეს, მაგრამ გაფორმდა როგორც მიწვევა პრეზიდენტ ჰასან რუჰანისგან. გეოპოლიტიკის თვალსაზრისით, ირან-რუსეთის თანამშრომლობის ფონზე, ჰასან რუჰანის ნაბიჯი მაინც და მაინც წარმატებული არ უნდა იყოს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ირანელ ბიზნესმენთა ინტერესებიც, რომელთა კაპიტალი საქართველოს ბანკებში ჯერ კიდევ გაყინულ მდგომარეობაში იმყოფება. ალბათ, სწორედ ეს ფაქტორი აძლევს ბიძგს თეირანს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის განახლებისათვის, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

 

 

თ) არეულობა აფხაზეთში:

კლანური დაპირისპირება, უკრაინის გავლენა

თუ რუსული ინტერესები?

 

 

 

როგორც უკვე ავღნიშნეთ მიმოხილვის დასაწყისში, გასული კვირის კვირის მასალებში ყველაზე აქტიურად აფხაზეთში მომხდარი მოვლენები გაშუქდა. ეს ბუნებრივია ყირიმის მიერთების ფონზე, რადგან არაა გამორიცხული რომ რუსეთმა აფხაზეთის მიმართაც თითქმის იგივე პოლიტიკა განახორციელოს.

 

 

 

პირველი მასალები აფხაზეთში დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლების შესახებ შვეიცარიის პრესაში გამოჩნდა: შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ „ნოიე ციურჰერ ცატუნგში" გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც ძირითადად საინფორმაციო ხასიათისაა, გადმოცემულია სოხუმში გამართული სახალხო კრების დროს მომხდარი დრამატული ამბების პერიპეტიები, აღწერილია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთმანეთთან დაპირისპირება და ხაზგასმულია მთავარი მოთხოვნა - პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბისა და მთავრობის გადადგომა. სტატიის ბოლო ნაწილში საუბარია აფხაზეთის გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსზე („ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო"), ეკონომიკურ სიტუაციაზე („აფხაზეთი საბჭოთა პერიოდში პოპულარულ დასასვენებელ ადგილად ითვლებოდა და ნაწილობრივ დღესაც ასეა - რუსი ტურისტები იქ ხშირად ჩადიან. მიუხედავად ამისა, მსოფლიოსაგან იზოლირებულ რესპუბლიკაში ეკონომიკური სიტუაცია ძალიან მძიმეა").

 

 

 

აშშ-ის გავლენიანი გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი" საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს - აფხაზეთს პოსტსაბჭოთა „რუხ ზონად" მიიჩნევს და წერს, რომ შესაძლოა მოსკოვი მართლაც გულწრფელადაა შეშფოთებული აფხაზეთში შექმნილი ვითარებით: ისევე როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა მსგავსი ტერიტორია, აფხაზეთიც ძალიანაა დამოკიდებული რუსეთზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ „აფხაზეთის პოლიტიკურ ლანდშაფტში ანტირუსული პოლიტიკის ადგილი არ არის". პუბლიკაციაში გარკვეული პარალელებია გაკეთებული უკრაინის მოვლენებთან: „აფხაზეთისა და ყირიმის აშკარა განსხვავების მიუხედავად, კითხვა მაინც ჩნდება - როგორ ეფექტს მოახდენს აფხაზეთზე უკრაინის კრიზისი? შესაძლოა სოხუმში შეკრებილმა მომიტინგეებმა, რომლებიც უკრაინის კრიზისს უყურებდნენ, გაიფიქრეს - ჩვენ რითა ვართ უკრაინელებზე ნაკლები, განა ჩვენც არ შეგვიძლია მსგავსი მოქმედება?", - აღნიშნულია სტატიაში.

 

 

 

ბრიტანული ფაინენშელ თაიმსი": აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკური მღელვარების გამო მოსკოვი იძულებული გახდა უკრაინის კრიზისიდან ყურადღება კავკასიის პატარა დამოუკიდებელ სახელმწიფოზე გადაეტანა, რომელსაც რუსეთი 2008 წლიდან მფარველობს. აფხაზეთში წარმოქმნილი პოლიტიკური ჩიხი ერთგვარი გამოცდაა რუსეთისათვის, აქ გამოჩნდება მოსკოვის უნარი - შეუძლია თუ არა რუსეთს თავისი გავლენით ვითარება მოაგვაროს სადაო რეგიონში ან ხელში ჩაგდებულ ტერიტორიაზე (ყირიმში). „კონფლიქტის ფესვები საკმაოდ შორს მიდის, თუმცა მიზეზები უფრო მეტად ადგილობრივია.  უკმაყოფილება ერთი წლის წინათ დაიწყო, - ამბობს თომას დე ვაალი კარნეგის ფონდიდან, - თუმცა ამჟამად ოპოზიცია შესაძლოა უფრო მეტად „მაიდანის ეფექტმა" წააქეზა. გარდა ამისა, როგორც ჩანს ფიქრობენ. რომ ალექსანდრე ანქვაბს მოსკოვიდან ისეთი მხარდაჭერა აღარ აქვს, როგორიც ადრე ჰქონდა". საეჭვოა, რომ ვინმე დაეთანხმოს მოწოდებებს აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ, თუმცა არსებობს აშშ-ის მიერ დაფინანსებული რუსული სოციოლოგიური გამოკითხვის დამოუკიდებელი ორგანიზაციის „ლავადა-ცენტრის" ოთხი წლის წინანდელი მონაცემები, რომელთა თანახმად,  აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა (სომხური ეთნიკური ჯგუფის გარდა) რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე თანხმობა განაცხადა. როგორც „ფაინენშელ თაიმსთან" საუბარში აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა კან ტანიამ განაცხადა, „ვერ ვიტყვით იმას, რომ რუსეთი არ გვჭირდება და არ გვსურს რუსეთთან კავშირი, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებლად დარჩენა გვინდა".

 

 

 

გაზეთი მოსკოვსკიი კომსომოლეცი": „ალექსანდრე ანქვაბთთნ ბრძოლა აფხაზეთში დიდი ხანია მიმდინარეობს, ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდიდან, როცა საქართველოსთან ომი დაიწყო. აფხაზი ლიდერისა და პირველი პრეზიდენტისათვის - ვლადისლავ არძინბასათვის ალექსანდრე ანქვაბი ძლიერ მეტოქეს წარმოადგენდა. ამბობენ იმასაც, რომ ანქვაბი არძინბასთან დაპირისპირებაში წარმატების მოსაპოვებლად თბილისთან კავშირების გამოყენებასაც არ ერიდებოდა [იგი 1980-იან წლებში საქართველოს სსრ შს მინისტრის მოადგილედ მუშაობდა]. თვითონ ანქვაბი ამას კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ ქართული არმიის დამარცხების შემდეგ მან აფხაზეთი მრავალი წლით დატოვა. მოგვიანებით, პოლიტიკური დავიწყებიდან გამოვიდა და აქ გარდაცვლილ სერგეი ბაღაფშთან ერთად სათავეში ჩაუდგა „ხავერდოვან გადატრიალებას", რომლის შედეგად ვლადისლავ არძინბას გუნდი ხელისუფლებას ჩამოაშორა.

 

 

 

რითი არიან აფხაზები უკმაყოფილო? უპირველესად იმით, რომ რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსები მოპარულ-გაფლანგულია. ირგვლივ ჰყვავის კორუფცია, ბანდიტიზმი, ქურდობა და მამაძაღლობა. გარდა ამისა, ალექსანდრე ანქვაბმა თანამდებობიდან დაუმსახურებლად მოხსნა დიდად პატივსაცემი ადამიანები, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, თანაც, როგორც ამბობენ, პირადი ანტიპათიების გამო. ამჟამად აფხაზებს საგარეოპოლიტიკური პრობლემები არ ადარდებთ, ისინი შიდა პრობლემების მოგვარებას ცდილობენ. სიტუაციის გამწვავება არ აწყობს არც ოპოზიციას, არც ხელისუფლებას. ერთი გასროლა და უმართავი პროცესები დაიწყება, კლანი კლანს გადაემტერება, აფხაზეთში ხომ სისხლის აღების ინსტიტუტი არაოფიციალურად დღემდე არსებობს".

 

 

 

აფხაზეთის მოვლენების შესახებ სტატია სომხურ გაზეთ ნოვოე ვრემიაშიც" გამოქვეყნდა, რომელშიც შეშფოთებაა გამოხატული ამ სეპარატისტულ რეგიონში მცხოვრები სომხურენოვანი მოსახლეობის პერსპექტივის შესახებ. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთში დაწყებული დესტაბილიზაციის ფონზე, როცა ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს უპირისპირდება, ძალიან ძნელია ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს სომხურენოვანმა მოსახლეობამ, რომელიც თავისი რაოდენობით ყველაზე მრავალრიცხოვანია სხვა ეროვნულ უმცირესობებთან შედარებით. ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში სომხები ქართველებზე ნაკლები ცხოვრობს, მაგრამ აშკარაა, რომ მათი რაოდენობა ხელოვნურადაა შემცირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ისე გამოვიდოდა, რომ სომხები აფხაზებზე მეტი არიან. სოხუმში სომხების აქტიურობა ბევრს არ მოსწონთ, ზოგიერთი კი მათ „მეხუთე კოლონას" უწოდებს კრემლის ხელში, რომლებსაც „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაცია სურთ", - ნათქვამია სტატიაში.

 

 

 

დასამალი არაა, რომ ჩვენი თანამემამულეები ზოგადად უფრო მეტად პრორუსულად არიან განწყობილნი, ვიდრე თვითონ აფხაზები. მწვავე კრიზისის ფონზე ადგილობრივი სომხები თავს დისკომფორტულად გრძნობენ - ისინი ორივე მხარის დარტყმის საფრთხის ქვეშ არიან. ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით სომხური ბატალიონების ყოფილმა საველე მეთაურებმა განცხადება გააკეთეს და აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. სომხები ბარიკადების ორივე მხარეს არიან, რადგან თითოეულ მათგანს თავისი პოზიცია და შეხედულება აქვს. ვერავინ დაიჯერებს იმას, რომ 60 ათასიან სომხურ დიასპორაში ყველას ერთნაირი აზრი ექნება. ერთი რამ ცხადია: ვინც არ უნდა გაიმარჯვოს აფხაზეთში - ანქვაბის მომხრეებმა თუ მოწინააღმდეგეებმა, მათ შორის ყოველთვის მოიძებნება ისეთი სომხეხი, რომელიც მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე შეიძლება იქნენ დანიშნულნი", - ნათქვამია მასალში.

 

 

„რაც შეეხება თვით სომხეთის სახელმწიფო ინტერესებს აფხაზეთში, ჩვენთვის სასარგებლო იქნებოდა, რომ აფხაზებმა რუსეთისადმი ლოიალურობა შეინარჩუნონ და იმავდროულად თბილისთან დიალოგი დაიწყონ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დავუბრუნდეთ ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედების საკითხის განხილვას. გასულ წელს ეს წინადადება საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ წამოაყენა, მაგრამ მისი განხილვა აფხაზმა ნაციონალისტებმა ჩაშალეს - რკინიგზის ამუშავება აფხაზეთის „ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებაო". იდეის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი სტანისლავ ლაკობა გახლდათ. სწორედ იმ ხანებში ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რკინიგზის ამუშავებას მხარი დაუჭირა და თბილისს მოუწოდა, რომ არ დაჰყვეს აზერბაიჯანის ზეწოლას და საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოიქცეს. დღეს სერგეი შამბა ოპოზიციაშია.

 

 

 

ამგვარად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ აფხაზეთის ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა, გამორიცხული არაა, რომ სომხეთისა და რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზის ამუშავების საკითხი უფრო იოლად გადაწყდეს. ყველა შემთხვევაში აშკარაა, რომ აფხაზეთის ხელისუფლების კრიზისმა მოსკოვის პოზიციები უფრო გაამყარა, რომელსაც ასევე სურს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა უმოკლეს ვადებში", - ასეთი დასკვნაა გამოტანილი პუბლიკაციაში.

 

 

 

ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში მიმდინარე ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებაში გამარჯვება ოპოზიციამ მოიპოვა, ალექსანდრე ანქვაბი გადადგა. აუსრულდება თუ არა ერევანს „სომხური ოცნება"?

 

 

 

წყაროები

1. „ოგონიოკი" (რუსეთი), http://www.kommersant.ru/doc/2474622?isSearch=True

2. „ნეზავისიმაია გაზეტა" (რუსეთი), http://www.ng.ru/scenario/2014-05-27/13_gruzia.html

3. „კომერსანტი" (რუსეთი), http://kommersant.ru/doc/2484118

4. „როსსიისკაია გაზეტა" (რუსეთი), http://www.rg.ru/2014/05/27/radzihovsky.html

5. „იზვესტია" (რუსეთი), http://izvestia.ru/news/571563

6. „უოლ სთრით ჯორნელი" (აშშ), http://online.wsj.com/articles/mikheil-saakashvili-the-tasks-ahead-for-ukraines-new-president-1401318064?tesla=y&mg=reno64-wsj&url=http://online.wsj.com/article/SB10001424052702304587704579584682681712494.html

7. „უოლ სთრით ჯორნელი" (აშშ), http://online.wsj.com/articles/to-halt-putin-bring-georgia-closer-to-nato-1401390640?KEYWORDS=Russia

8. „რადიო ფრანსე ინტერნასიონალე" (საფრანგეთი), http://www.russian.rfi.fr/ukraina/

20140528-zhan-rober-zhuanni-assotsiatsiya-eto-vse-krome-pervogo-shaga-k-vstupleniyu-v-es

9. „ვესტნიკ კავკაზა" (რუსეთი), http://www.vestikavkaza.ru/news/Neprostoe-priglashenie-dlya-Margvelashvili.html

10. „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგი" (შვეიცარია), http://www.nzz.ch/aktuell/international/

auslandnachrichten/tumulte-in-abchasien-1.18311510

11. „ვაშინგტონ პოსტი" (აშშ), http://www.washingtonpost.com/blogs/worldviews/

wp/2014/05/28/abkhazia-protests-flare-in-post-soviet-gray-area-near-ukraine/

12. „ფაინენშელ თაიმსი" (დიდი ბრიტანეთი), ttp://www .ft.com/intl/cms/s/0/043b58ac-e67c-11e3-9a20-00144feabdc0.html#axzz332GAqr8X

13. „მოსკოვსკიი კომსომოლეც" (რუსეთი), http://www.mk.ru/politics/2014/05/27/glavu-abhazii-pyitayutsya-ubrat-siloy.html

14. „ნოვოე ვრემია" (სომხეთი), http://www.nv.am/region/35733-2014-05-31-04-03-18


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016