თამთა გოდუაძე წლებია, საბერძნეთში მოღვაწეობს და იქაური შოუ-ბიზნესის გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველების უმეტესობამ მის შესახებ რამდენიმე თვის წინ გაიგო, როცა "რუსთავი 2"-ის მოწვევით, "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრი გახდა.
ყველას აინტერესებს მისი პირადი ცხოვრება, ოჯახური მდგომარეობა, თუმცა საკუთარი ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე საჯაროდ არასდროს საუბრობს. თამთა ინტერვიუებში ამბობს, რომ საქართველოდან პირად დრამას გაექცა. მისი მეუღლე ბიზნესმენი შმაგი ხაჭვანი გახლდათ. თამთას და შმაგის საერთო ქალიშვილი, 18 წლის ანი ხაჭვანი ჰყავთ. "მარაო.ჯი" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს შმაგი ხაჭვანთან:
– შმაგი, რა ასაკში შექმენით ოჯახი თქვენ და თამთამ?
– მე და თამთამ პატარა ასაკში შევქმენით ოჯახი, ის 14 წლის იყო, მე კი 16-ის. ჩვეულებრივად გავიცანით ერთმანეთი. დაახლოებით 6 თვე ვიყავით შეყვარებულები და მერე გავიპარეთ. 6 წელი ვიყავით ერთად. როცა გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ის სიყვარული არ ყოფილა სიყვარული, რასაც ოჯახი ჰქვია და დავშორდით. იმან თავისი გზით გააგრძელა ცხოვრება, მე ჩემი გზით. იმაზე მწყდებოდა გული, რომ შვილთან არ მქონდა მამაშვილური ურთიერთობა, ტელეფონით და სხვადასხვა საშუალებით ვკონტაქტობდით. ზაფხულობით, როცა თბილისში ჩამოდის, 2–3 კვირით ჩემთან არის. წელს დაამთავრა სკოლა, ჯერ გამოცდებს აბარებს და ამ ზაფხულსაც ველოდები.
– თამთა ოჯახის დანგრევის შემდეგ წავიდა საბერძნეთში?
– დედამისი საბერძნეთში ცხოვრობდა. ალბათ, აქ ვეღარ გაჩერდა და დედასთან წავიდა. იქ აიწყო კარიერა, გაუმართლა. ძალიან მიხარია, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ეგ რომ კარგად იქნება, ჩემი შვილიც კარგად იქნება. ღმერთმა მისცეს ყველაფერი, რაც ეკუთვნის.
– შვილის ნახვის პრობლემა ხომ არ გქონდათ დაშორების შემდეგ?
– არა, ჩემი მეორე მეუღლე და ანა (შმაგის და თამთას შვილი) მეგობრობენ.
– თუნდაც შვილის გამო შერიგება არასდროს გიცდიათ?
– უკვე ისეთ დონეზე ვიყავით, ურთიერთობის გადარჩენას აზრი არ ჰქონდა. ადამიანთან ყოფნა და ურთიერთობა როცა არ გინდა, უნდა დაამთავრო. ვერც ბავშვმა უშველა ამ ურთიერთობას.
– როცა თქვენი ცოლი იყო, მაშინაც მღეროდა თამთა?
– სანამ ცოლად მოვიყვანდი, მანანა თოდაძესთან მღეროდა. როცა ვიქორწინეთ, სცენაზე აღარ უმღერია.
– თქვენ უკრძალავდით?
– არ ამიკრძალია, 15 წლის ასაკში გახდა დედა, ბავშვი უნდა გაეზარდა და ავტომატურად ჩამოშორდა სცენას. ასე მოხდა, რადგან ბავშვის აღზრდით იყო დაკავებული.
– მშობლები როგორ შეხვდნენ თქვენს დაქორწინებას?
– სიყვარულს ვერავინ აღუდგებოდა წინ. პირიქით, გვერდით დაგვიდგნენ და ხელი შეგვიწყვეს, ქორწილიც გადავიხადეთ და ჯვარიც დავიწერეთ. ხელი ვერ მოვაწერეთ, რადგან არასრულწლოვანები ვიყავით. ასე შეიქმნა ჩვენი ოჯახი და ვერავინ ვერ დაანგრევდა ამას, ისევ ჩვენ თუ დავანგრევდით.
– თამთა ამბობს, რომ საბერძნეთში პირად დრამას გაექცა...
– არ ვიცი, რას თვლის პირად ტრაგედიად, ძალით არავის დაუჭერია თამთა. მისთვის არაფერი დამიძალებია და არასდროს მითქვამს, ან ეს გააკეთე და ან ის გააკეთე-მეთქი. არც ხელით შევხებივარ და არც შეურაცხყოფა მიმიყენებია. ადამიანური ოჯახი გვქონდა.
– უკვე რამდენიმე თვეა, თამთა თბილისშია. არ შეხვედრიხართ მას?
– მაგის ნახვა პრობლემა არც აქ არის და არც საბერძნეთში, მაგრამ სურვილი არ მაქვს. თუ შემხვდა, როგორც ჩემი შვილის დედას, ადამიანურად დაველაპარაკები. მე ჩემი ოჯახი, ჩემი ბარდღუნია მყავს და უბედნიერესი ადამიანი ვარ. ვცდილობ და-ძმას არ დავაკარგვინო ერთმანეთი და დაძმურად იცხოვრონ. შვილის გარდა, არაფერი მაკავშირებს თამთასთან და ალბათ, არც არაფერი მოხდება ისეთი, რაც დაგვაკავშირებს. ძალიან მაგარი ოჯახი მყავს, პატარა ვაჟი საბა ხაჭვანი და მეუღლე ხატია სიყმაშვილი, რომელიც ძალიან მიყვარს. იმით ვარ ბედნიერი, რომ ჩემს შვილებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და უყვართ ერთმანეთი. ღმერთმა არაფერი დააჭირვოს თამთას, მაგრამ თუ ოდესმე დავჭირდები, როგორც ჩემი შვილის დედას, გვერდით დავუდგები.
– თამთასთან დაშორების შემდეგ ადვილად შექმენით მეორე ოჯახი?
– დაახლოებით 3–4 წელიწადში დავქორწინდით მე და ხატია. ღმერთმა გამომიგზავნა ხატია. მანამდე მეჯვარე და ბიძაშვილი დამეღუპა, ამერია ცხოვრება და ჩემმა მეორე ცოლმა ახალი ცხოვრება დამაწყებინა, ცხოვრების აზრი დამიბრუნა. უბედნიერესი ადამიანი ვარ ჩემი ოჯახით. მეორე ოჯახი 28 წლის ასაკში შევქმენი, ჩამოყალიბებული ადამიანი ვიყავი. მინდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად ვიყო. მე-8 წელი დაიწყო, რაც ვიქორწინეთ და უბედნიერესი ადამიანი ვარ.
(წყარო: marao.ge, თამარ ბოჭორიშვილი)