ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, გია ნაცვლიშვილსა და შპს "არტესის" და AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP-ის დამფუძნებელს, ზაზა კაპანაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ 200-200 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნაცვლიშვილმა და კაპანაძემ აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.ბრალდების მხარე კი გია ნაცვლიშვილისა და ზაზა კაპანაძისათვის 300 ათას ლარის შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლო პროცესზე საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან პირადი თავდებობის შესახებ განცხადება წარადგინა. განცხადებას ხელს 15 პირი აწერდა და მათი ნაწილი სხდომათა დარბაზშიც იმყოფებოდა. განცხადებას ხელი მოაწერეს მწერალმა დავით ტურაშვილმა, რეჟისორმა დათო დოიაშვილმა, კომპოზიტორმა მაცაცო სებისკვერაძემ, ნიკა რაჭველმა და სხვა პირებმა. ისინი გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძეს თავდებში უდგებიან, რომ გამოძიებას არ დაემალებიან.შეგახსენებთ, რომ გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძეს 4 მილიონზე მეტი თანხის უკანონო მითვისებაში ედებათ ბრალი. შემდეგი პროცესი 16 ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული.