საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოზურგეთში საია-ს ოფისში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს. შეხვედრის მიზანია მიგრაციის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლება. ამასთანავე, პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა" პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი ხორციელედება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერ. დონორ ორგანიზაციას ევროკავშირი წარმოადგენს. პროექტი ფოკუსირდება 4 მთავარ ამოცანაზე: მიგრაცია და განვითარება; მიგრაციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა; არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა; მიგრანტთა უფლებების დაცვა.
აღნიშნული შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევების შედეგების შესახებაც. კვლევები ეხება ბოლო პერიოდში საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას. კერძოდ, კვლევების შედეგად გაანალიზებულია საქართველოს მიგრაციის სტრატეგია 2013-2015 წლებში, მიგრაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები, მიგრაციული პროცესების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებისა და საქართველოს მოქალაქეების რეადმისიის (საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება) საკითხები.