2012 წლის 27 სექტემბრიდან დღემდე - 228 150 მგზავრი და 2198 რეისი. მათ შორის, 2014 წლის 1 იანვრიდან 30 მარტის ჩათვლით 51 453 მგზავრი და 246 რეისი - ეს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შედეგია გახსნიდან დღემდე.
აეროპორტი, რომლის მიზანი დაბალბიუჯეტიანი ავია-კომპანიების მოზიდვა და მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი მომსახურების შეთავაზებაა, საქართველოს ავიაციისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი ქეთევან ალექსიძე ამბობს, რომ პირველივე წელიწადში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საქართველოს მთლიანი ბაზრის მგზავრთნაკადის 10% გაატარა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ადილობრივ და საერთაშორისო ავიაკომპანიებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ავიაკომპანიები ვერ ახერხებდნენ სათანადო ოპერირებას საქართველოს აეროპორტებში დაწესებული მაღალი ტარიფის გამო. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მათთვის დაწესებულია დაბალი ფასები, რომელიც აბსოლუტურად ყველა მომსახურებას მოიცავს. მათ შორის, დაჯდომა-აფრენის ტარიფებს, მგზავრთა მომსახურების, საჰაერო ხომალდის მიწისზედა მომსახურებისა და საავიაციო უშიშროების ტარიფებს.
ავიაკომპანიებისთვის ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიენებამ" ფასდაკლების კონცეფცია შეიმუშავა. კონცეფცია ავიაკომპანიების მასტიმულირებელია, რაც შეიძლება მეტი ავიარეისი შეასრულონ და გაზარდონ მგზავრთნაკადი. ფასდაკლების მოპოვება ყველა ავიაკომპანიას შეუძლია იმის მიხედვით, თუ რამდენ ავიარეისს შეასრულებს წლის მანძილზე და მგზავრთა რა რაოდენობას მოემსახურება.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ქუთაისში მოქმედ ავიაკომპანიებს კიდევ ერთ, პრემიუმ პაკეტს სთავაზობს, რომელიც მგზავრთა რაოდენობის ზრდას ისახავს მიზნად. თუ ავიაკომპანია მთელი წლის მანძილზე კონკრეტული რაოდენობის მგზავრს ჩამოიყვანს, გადასახადის სახით თითოეულ მგავრზე მხოლოდ 5 დოლარს იხდის. 2013 წელს ავიაკომპანია WIZZ AIR-ი 173, 000 მგზავრს მოემსახურა, რაც წინასწარ განსაზღვრლ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა. პრემიუმ პაკეტით უკვე ისარგებლა ავიაკომპანია WIZZ AIR-მა. მან 2012 წელს დაიწყო ავიარეისების შესრულება უკრაინაში კიევის მიმართულებით. დროთა განმავლობაში ავიარეისების მიმართულება და სიხშირე გააფართოვა და ამჟამად ასრულებს ავიარეისებს დონეცკში, ხარკოვში, ვილნიუსში, კრაკოვსა და ვარშავაში. ახლო მომავალში დაგეგმილია ლვოვის მიმართულებით ფრენაც. 30 სექტემბრიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-ი ბუდაპეშტის მიმართულებით შეასურლებს ავიარეისებს.
WIZZ AIR-ის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფასდაკლებებით სარგებლობა შეუძლია ოთხ ავიაკომპანიას: Georgian Airways, Ural Airways, Belavia, S7-ს.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მორგებულია იმაზე, რომ გაიზარდოს მგზავრთა ნაკადი და ფრენების სიხშირე. რაც შემოსავალს ნიშნავს თავად აეროპორტისთვის, ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან, რაც საბოლოოდ ეკონომიკის განვითარებას ემსახურება.