ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამამ კონგრესს წინადადებით მიმართავს, ერთი მილიარდი დოლარი გამოყოს აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სამხედროების განთავსებისთვის.
„BBC“-ს ინფორმაციით, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა პოლონეთში ჩასვლისას, აეროპორტში პოლონეთის პრეზიდენტ, ბრონისლავ კომაროვსკისთან შეხვედრისას განაცხადა, ამერიკის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წმინდა მოვალეობაა.
„ჩვენი ვალდებულება პოლონეთის და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპელი სხვა მოკავშირეების მიმართ ჩვენივე უსაფრთხოების ქვაკუთხედია და ამიტომ წმინდაა“, - განაცხადა ბარაქ ობამამ.
ევროპული ტურნეს ფარგლებში ბარაქ ობამა დღეს უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შეხვდება. 6 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთში, ნორმანდიის ბრძოლის 70 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. ამავე ღონისძიებაზე მიწვეულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუმცა თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ორმხრივ მოლაპარაკებებს არ გამართავენ.