reportiori.ge - ნინი შერმადინი: კითხვა არ გებადებათ, ყველა რატომ გარბის?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:12
ინტერვიუ
ნინი შერმადინი: კითხვა არ გებადებათ, ყველა რატომ გარბის?
04 ივნისი, 2014. 17:54



მომღერალი ნინი შერმადინი თითქმის ერთი წელია რაც  ნიუ-იორკში წავიდა და იქ ცდილობს პროფესიული წარმატების მიღწევას. ქართველი მომღერლის გეგმები მასშტაბურია . ნინი ექსკლუზიურად „რეპორტიორს“ ესაუბრება რას საქმიანობს ნიუ-იორკში.

 

-ნინი, ამ ეტაპზე შტატებში ხართ. უფრო ზუსტად გვითხარით, სად და როგორ ხართ?

- ამჟამად ვარ ნიუ-იორკში, სადაც ვმუშაობ და ვსწავლობ. მე და ჩემი მენეჯერი, მაიკლ ბოსონე ახლა ვმუშაობთ ჩემს სინგლზე. ვწერთ სოლო ალბომს. ნაწილი იწერება ჩემს სტუდიაში, საუნდ სითი რიქორდ სტუდიოში, რომელიც სულ ახლახანს გავხსენით, მე, ჩემმა ძმამ და უნიჭიერესმა მუსიკოსმა, პაატა სილაგაძემ. ალბომის ნაწილი კი იწერება ლეიქ ჰაუს სთუდიოში, ნიუ ჯერსიში, სადაც ძალიან ცნობილი მომღერლები წერენ სიმღერებს. მაგალითად, ჯოს სთოუნი და ძალიან ბევრი როკ ჯგუფი.

 

-შეგიძლიათ თქვენს სამომავლო გეგმებზე გვესაუბროთ?

-ძალიან მასშტაბური სამომავლო გეგმები მაქვს, რომელზეც საუბარი ახლა არ მინდა. იმიტომ, რომ რამდენჯერაც წინასწარ რაღაც ვთქვი, მერე ხელი შემეშალა. უბრალოდ, ცუდად მაქვს დაცდილი წინასწარ ვთქვა რამე. ამიტომ, გადავწყვიტე  არაფერი არ ვთქვა. მაგრამ ძალიან მასშტაბური და რეზონანსული გეგმები მაქვს. ყველაფერი იქით მიდის რომ ეს გეგმები გამოვა. როგორც უკვე აღვნიშნე, ალბომზე ვმუშაობ, 6 სიმღერა მაქვს უკვე მზად, 4 დამრჩა. მერე დანარჩენს ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ გაგაგებინებთ. ყველაფერს გეტყვით აუცილებლად, არაფერს გამოგაპარებთ.

 

- საკმაოდ დიდი ხანია რაც შტატებში ხართ. რა გამოცდილება შეიძინეთ, პროფესიულად რა მხრივ გაიზარდეთ?

- ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ძალიან სწრაფად ვითარდები, როგორც პროფესიონალი, როგორც მუსიკოსი, როგორც უბრალოდ პიროვნება. ცხოვრების იმდენად სწრაფი ტემპია, ადამიანები იმდენად მობილიზებულები და მიზანდასახულები არიან, რომ აქაურ, განსაკუთრებით ნიუ იორკის ცხოვრების რიტმს თუ ჩამორჩი, ე.ი. დაკარგული ხარ.

უფრო მობილიზებული და დამოუკიდებელი გავხდი. ბევრი რამ ვისწავლე. საკუთარი თავის რწმენაც შემემატა. მიზანიც უფრო ახლოს არის, ამიტომ უფრო შრომისმოყვარე გავხდი. ზარმაცი არც არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სტიმული გაცილებით მეტია.

 

-რა ახალი თვისებები აღმოაჩინეთ საკუთარ თავში?

-აღმოვაჩინე ის, რომ თურმე ემოციების გაკონტროლება მისწავლია, რასაც ვერასდროს ვახერხებდი. ყოველთვის იმას ვამბობდი და ვაკეთებდი, რასაც ვგრძნობდი. ადვილად ფეთქებადი ხასიათი მაქვს, აქ კი ძალიან შევიცვალე. თითქოს გავცივდი. ნაკლებად ვენდობი ვინმეს. საკუთარი თავის და ღმერთის გარდა არავის მჯერა. სამწუხაროა, მაგრამ იმდენი ადამიანისგან ვიგრძენი ზურგში დანის ჩარტყმა, რომ ბუნებრივია, ოდესმე აქამდე მივიდოდი. უფრო დაკვირვებული და წინდახედული გავხდი. ვისწავლე მოთმინება და ლოდინი.  ყველას ყოველთვის ყველაფერი გვეჩქარება. მეც ასე ვიყავი, მაგრამ აქ ძალიან მკაცრად დგები რეალობის წინაშე. ეს თუ ადეკვატურად არ მიიღე და ძლიერი არ იქნები, დაიჩაგრები. ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ოცნებები ნამდვილად სრულდება! ამიტომ ჯერ ყველაფერი წინ არის, შრომისმოყვარეობა, მიზანი, რწმენა, ნიჭი-ეს ყველაფერი თუ ერთად არის თავმოყრილი, მაშინ წარმატებაც მოვა.

 

-რა არის საჭირო, რომ მომღერალმა საქართველოში წარმატებას მიაღწიოს?

-ჯერ ამისთვის შოუ-ბიზნესს უნდა მიხედონ წესიერად და მომღერალს სკუთარი თავის გამოვლენის საშუალება უნდა მიეცეს. კითხვა არ გებადებათ ყველა რატომ გარბის? ყველა გაქცევაზეა იმიტომ, რომ მანდ შრომა არ ფასდება. მაგალითად მე ლანძღვის მეტი არაფერი გამიგია საკუთარ თავზე. ქვეყნის სირცხვილით დაწყებული, უნიჭო და მახინჯით დამთავრებული ყველაფერი მიწოდეს. ამიტომ მანდ ყოფნის სურვილი აღარ მაქვს. მარტივად ვხვდები რომ საქართველოში ჩემი ადგილი არ არის. წარმატების და სახელის გარდა ჩემი ქვეყნისთვის ნამდვილად არაფერი მომიტანია. სადაც ხალხს ესირცხვილები და სადაც ელემენტარულად არ გაფასებენ, იქ ყოფნას აზრი არ აქვს. სადაც არ სჯობს, გაცლა სჯობსო, ხომ გაგიგიათ.

ალბათკარერისტი ვარ. ჩემი ერთადერთი საფიქრალი ჩემი შვილია. მინდა ამაყობდეს თავისი დედიკოთი და მას ძალიან წარმატებული და ბედნიერი მომავალი შევუქმნა.

 

-ნინი, შეცვალა შტატებმა თქვენი იმიჯი, სტილი?

-კი, სტილი შეცვალა. აქ ისეთი სწრაფი ტემპია, კომფორტულად უნდა გეცვას. ამიტომ ჩემი გარდერობი გავასპორტულე. ძალიან დავიკელი წონაში და უფრო კარგად მოვირგე სპორტული სტილი.

 

-როგორია თქვენი ყოველდღიური რეჟიმი?

-ვდგები დილის 7 საათზე, მივდივარ სამსახურში, ოფისში ვმუშაობ. მერე საღამოს ლექციაზე მივდივარ , სახლში ცხრაზე ვბრუნდები და აღარაფრის თავი არ მაქვს. პარასკევი, შაბათი და კვირა რესტორან „მიმინოში“  ვმღერი. ამავდროულად, აქ ქართველმა ქალბატონმა გახსნა  „maka's salon spa salon“-ი და იმის სახე ვარ.

 

26 მაისს უოლ სთრითზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დროშის აღმართვა იყო და წილად მხვდა პატივი საქართველოს ეროვნული ჰიმნი შემესრულებინა, რისთვისაც დიდი მადლობა ორგანიზატორებს.

 

ყოველ სეზონზე ვმღერი ნიუ იორკ ფეშენ ვიქზე ჩემი საყვარელი დიზაინერის, ფატუნა ბუშიჰედის სურვილით. ეს ადამიანი გენიალური დიზაინერია, რომელიც  ძალიან მეამაყება. არავინ არ იცის მას აქ როგორ აფასებენ! იამაყეთ ქართველებმა ქართველებით, ისედაც ცოტანი ვართ და ამდენი ბოღმა და ბოროტება საცოდაობაა. გვიყვარდეს ერთმანეთი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

 

სოსო თოლორაიას აქვს დიდი გეგმები. ვმუშაობთ მიუზიკლზე, სადაც მე მთავარ როლში ვიქნები. მის გარეშე მეტს ვერაფერს ვიტყვი.

და კიდევ ერთი რამ ვისწვალე-იცხოვრე დღევანდელი დღით, იმიტომ, რომ არ იცი ხვალინდელი იქნება თუ არა. ამიტომ მადლობა ღმერთს ყოველი დღისთვის!

 

 

 

ნინი შერმადინი   საქართველოდან მიუზიკლ "კაბარეს" კასტინგში მონაწილეობის მისაღებად წავიდა, სადაც შესარჩევ ტურში გაიმარჯვა. მომღერალს პროფესიულ წარმატებას ვუსურვეთ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016