საქართველო-თურქეთის საზღვარი: კირნათის ინციდენტი (უახლესი ისტორიის ფურცლები)
"reportiori.ge" აგრძელებს "ლიკბეზს", ანუ საზოგადოების, განსაკუთრებით მისი ახალგაზრდული ნაწილის ინფორმირებას დღევანდელობის აქტუალურ, მწვავე მოვლენებთან დაკავშირებით. ასეთ საკითხად მივიჩნიეთ სასაზღვრო სოფელ კირნათში" მომხდარი ინციდენტი. ვფიქრობთ, ეს პუბლიკაცია სასარგებლო იქნება ახალგაზრდებისთვის, ჩვენი კოლეგებისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სასაზღვრო დეპარტამენტის ახალგაზრდა, გამოუცდელი კადრებისთვის... (ეს რომ ასეა, ამაზე ამ სტრუქტურების ოფიციალური რეაქცია მეტყველებს ამ ინციდენტთან დაკავშირებით). პუბლიკაციის ავტორი გახლავთ სიმონ კილაძე.
თურქეთთან ახლოს მდებარე სასაზღვრო სოფელ კირნათში, ადგილობრივ გლეხებსა და თურქ მესაზღვრეებს შორის გასული თვის ბოლოს მომხდარმა დაპირისპირებამ ქართულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამასთან, უნდა ითქვას, რომ თუ თავდაპირველად პრობლემა ადგილობრივ დონეზე შუქდებოდა და ცენტრი მას მნიშვნელოვან ყურადღებას არ აქცევდა, ამ დღეებში ინციდენტის ექომ საქართველოს ხელისუფლების ყურამდეც მიაღწია და მის მოგვარებაში ცენტრალური სტრუქტურებიც ჩაერთვნენ, ადგილზე ჩავიდა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობაც. ინციდენტის ირგვლივ გაჩნდა სხვა და სხვა მოსაზრებები, მათ შორის ისიც, რომ რადგან საზღვარი მდინარე ჭოროხზე გადის, თურქეთში ჰიდროკაშხლების მშენებლობის გამო ჭოროხმა კალაპოტი შეიცვალა და სავარგულები მდინარის მეორე მხარეს აღმოჩნდა. თუმცა, რასაკვირველია, ამით საზღვარი არ შეცვლილა, ორი სახელმწიფოს ტერიტორიის გამყოფი პირობითი ხაზის მიმართულება და კოორდინატები იგივე დარჩა. აჭარის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებით, „თურქეთსა და ჩვენს მხარეს არსებული 50-მეტრიანი ნეიტრალური ზონა არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი ჩვენი მხრიდან. მას შემდეგ, რაც ჩვენი ნეიტრალური ტერიტორიის აქეთ მიწის ეს ნაწილი გამოჩნდა, მოსახლეობის ნაწილმა მისი დამუშავება გადაწყვიტა, მოგვიანებით ისინი ძალიან მიუახლოვდნენ საზღვარს და ზუსტად იმ 50-მეტრიან ნეიტრალურ ზონაში შევიდნენ. ამის გამო თურქი მესაზღვრეები საზღვართან მოვიდნენ და ჩვენები გააფრთხილეს, ეს არ მომხდარიყო". უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მცირე სასაზღვრო ინციდენტი საბოლოოდ მოგვარდება და მსგავსი გაურკვევლობა მომავალში არ განმეორდება. ჩვენ კი მკითხველს შევთავაზებთ საქართველო-თურქეთის საზღვრის ჩამოყალიბების ამსახველ დოკუმენტურ მასალებს, რომელიც საინტერესოა და პოლიტიკურ-დიპლომატიური თვალსაზრისით დღემდე არ დაუკარგავთ მნიშვნელობა.
1.
მოსკოვური მოლაპარაკება საქართველოს ზურგს უკან
1921 წლის 16 მარტს, მოსკოვში, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის შენობაში ფრიად მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენა ხდება: ხელი უნდა მოეწეროს რუსეთ-თურქეთის მეგობრობის ხელშეკრულებას. აი, სხდომათა დარბაზში შედის თურქეთის დელეგაცია: ეკონომიკის მინისტრი იუსუფ ქემალ თენგირშენქი (მეთაური), თურქეთის ელჩი რუსეთში, გენერალი ალი ფუად ჯებესოი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რიზა ნური-ბეი... რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი გიორგი ჩიჩერინი თურქ დიპლომატებს მაგიდასთან იწვევს, რომელზეც ხელშეკრულების პარაფირებული ტექსტი დევს. დგება მნიშვნელოვანი მომენტი: დოკუმენტს ხელს ჯერ ჩიჩერინი და სრულიად რუსეთის ცკ-ის წარმომადგენელი ჯელალ კორკმასოვი აწერენ, შემდეგ კი იუსუფ ქემალი, რიზა ნური და ალი ფუადი. ამრიგად, ქართველთა დაუკითხავად, თბილისიდან შორს, მოსკოვში ხელმოწერილი "რუსეთ-თურქეთის მეგობრობის ხელშეკრულებით" გადაწყდა საქართველოსა და მისი მეზობლების - სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ტერიტორიისა და საზღვრების ბედი. მოსკოვის ხელშეკრულებითაა "დაბადებული" ყარსის ხელშეკრულებაც. მოსკოვში ხელმოწერილი 16-მუხლიანი დოკუმენტის მთავარი მარცვალი პირველ მუხლშია, რომელშიც თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარია მოცემული. "ცნებაში "თურქეთი" იგულისხმება ის ტერიტორიები, რომლებიც განისაზღვრა ოსმალეთის დეპუტატთა პალატის მიერ შემუშავებული 1336 (1920) წლის 28 იანვრის "ეროვნული აღთქმით" (ამ დოკუმენტის თანახმად, აჭარა მიჩნეული თურქეთის განუყოფელ ნაწილად). შემდეგ აღწერილია თურქეთის ამჟამინდელი საზღვარი - სარფიდან ნახჭევანამდე. რაც შეეხება ბათუმის ოლქს, მეორე მუხლში ვკითხულობთ: „თურქეთი თანახმაა დაუთმოს თავისი სიუზერენიტეტი საქართველოს ბათუმის პორტზე, ქალაქსა და იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მოცემული საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს, იმ პირობით, რომ 1) ამ ადგილების მოსახლეობა ფართო ავტონომიით ისარგებლებს, რაც უზრუნველყოფს თითოეული თემის სარწმუნოებრივ-კულტურულ უფლებებს და მიიღებს ისეთ საადგილმამულო კანონს, რომელიც მათ სურვილებს ეთანხმება; 2) თურქეთს მიეცემა ბათუმის პორტით სხვადასხვა საქონლის თავისუფალი ტრანზიტის უფლება, უბაჟოდ და დაბრკოლებების გარეშე, ხარჯების დაუბეგრავად". მოსკოვის ხელშეკრულების მე-15 მუხლით რუსეთი ვალდებულებას იღებდა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკები მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს აღიარებდნენ, ანუ კრემლი მათზე ზეწოლას მოახდენდა. საქმე ის იყო, რომ როგორც ქართველ კომუნისტებს (უკლონისტებს), ისე მათ სომეხ კოლეგებს, ტერიტორიების დაკარგვა გულზე მაინცდამაინც არ ეხატებოდათ. შესაბამისად, როცა ცნობილი გახდა, მოლაპარაკება ყარსში გაიმართებაო, მათ რევანშის აღება განიზრახეს. პარტიის ცენტრალური ხაზიდან გადამხრელების განზრახვა ცნობილი გახდა რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროსთვის (ორჯონიკიძე, კიროვი, ფიგატნერი, პლეშჩაკოვი და სხვები), რომელმაც მკაცრი დირექტივა მისცა ქართველ და სომეხ ამხანაგებს: ყარსში მოლაპარაკება ჩატარდეს მოსკოვის ხელშეკრულების ჩარჩოების მკაცრი დაცვით; კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებმა მოახდინონ თურქეთთან სოლიდარობის დემონსტრაცია; არ დაუშვან ცალკეული რესპუბლიკების სეპარატისტული გამოსვლები; გამოიჩინონ ერთსულოვნება... ცხადია, ასეთი მკაცრი გაფრთხილების შემდეგ ძალზე რთული იქნებოდა პრეტენზიების წამოყენება, თუმცა უკლონისტებმა ბედი მაინც სცადეს.
2.
ქართული ოპოზიციის დემარში
კონფერენციის დაწყებისთანავე ქართველებმა თურქებს მოსთხოვეს ორად გაყოფილი სარფის მთლიანად საქართველოსთვის გადმოცემა, სომხებმა კი ისტორიული ქალაქ ანისის ტერიტორიის (ნანგრევების) დაბრუნება. ქემალისტებმა კატეგორიული უარი განაცხადეს და შემხვედრი წინადადება წამოაყენეს ბათუმის ნავსადგურში "ნეიტრალური ზონის" (ანუ ფაქტობრივად, თურქეთის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიის) შექმნა მოისურვეს. სამწუხაროდ, ყარსის ვალის რეზიდენციაში ქართველთა და სომეხთა თურქებთან გამართულმა ცხარე დისკუსიებმა ნაყოფი არ გამოიღო. მშვიდად მხოლოდ აზერბაიჯანის დელეგაცია იყო. 1921 წლის 13 ოქტომბერს თურქეთისა და საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს მეგობრობის ხელშეკრულებას, რომელიც ძირითადად მოსკოვური დოკუმენტის იდენტური იყო და მასში ჩაწერილ დებულებებს იმეორებდა. მეორე მუხლად უცვლელად იქნა შეტანილი მოსკოვის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ბათუმის ოლქს ეხებოდა: თითქოს ყველაფერი ნათელი იყო: თურქეთმა საქართველოს ბათუმზე თავისი სიუზერენიტეტი დაუთმო, საზღვარიც სარფზე გავიდა, საშიში არაფერია, მაგრამ გავიხსენოთ "ეროვნული აღთქმა", რომელიც დღემდე არ შეცვლილა და თურქეთის ხელისუფლება მას მოქმედ კანონად მიიჩნევს. ყარსის მოლაპარაკების შემდგომ, როგორც კი ხელშეკრულების ტექსტი გამოქვეყნდა, ლეგალურმა ოპოზიციამ (მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტებმა) მისი დებულებები უარყოფითად შეაფასა. განსაკუთრებით მწვავედ გამოხატეს უკმაყოფილება ხელშეკრულების რატიფიცირების დროს. 1922 წლის 14 აპრილს საგანგებო სესიაზე შალვა ელიავამ ცაკ-ის წევრებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის. ოპოზიციონერმა, სოციალისტ-ფედერალისტმა სიმონ ხუნდაძემ კი ელიავას ხელმოწერილი დოკუმენტი მკაცრად გააკრიტიკა - საქართველოს საზღვრების წამგებიანად გადაწყვეტის გამო. აჭარის წარმომადგენლებმა თოდრიამ და ხიმშიაშვილმაც უარყოფითად შეაფასეს აჭარის სამხრეთი ნაწილის თურქეთისათვის გადაცემა. დისკუსიის გამო რატიფიცირების პროცედურა გაჭიანურდა, საბოლოოდ კი ღამის 12 საათისთვის მაინც დაამტკიცეს, თავი მხოლოდ სამმა კაცმა შეიკავა. ალბათ, მკითხველისთვის ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, თუ რა საფრთხის წინაშე იდგნენ ისინი, როცა საბჭოთა საგარეო პოლიტიკასა და ბოლშევიკებს საჯაროდ აკრიტიკებდნენ. თურქულმა მხარემ კი ცოტა ხნით ადრე, 1922 წლის 16 მარტს, ანკარაში დიდი ეროვნული კრების დადგენილებით (კანონი #207) ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
3.
ორად გაყოფილი აჭარა
მოსკოვისა და ყარსის მოლაპარაკებათა დასრულების შემდეგ, თვალსაჩინო რუსი ბოლშევიკი, საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ლეონიდ კრასინი, ხედავდა რა, როგორც რუსეთ-თურქეთის, ასევე საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელშეკრულებათა ნაკლოვანებას, მიმართავს რსფსრ მთავრობის (სახკომსაბჭოს) თავმჯდომარეს, ვლადიმერ ლენინს, რომ ჩვენ მიერ ამას წინათ დადებული ხელშეკრულებით თურქეთს გადაეცა მდ.ჭოროხის აუზი, სადაც არსებობს სპილენძის უმდიდრესი საბადოები და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სპილენძსადნობი ქარხნები (განვმარტავთ, რომ 1920 წლის ბოლოს ამ ქარხნების რეკონსტრუქცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ განახორციელა იმპორტული დანადგარებით). სამწუხაროდ, ხელშეკრულებების ხელმოწერისას ჩვენი მხრიდან არ ყოფილა რაიმე მცდელობა, რათა უზრუნველგვეყო ამ ქარხნებისა და საბადოების იჯარით აღება მაინც. ვფიქრობ, ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს... ჩვენ დიდ მატერიალურ დახმარებას ვუწევთ თურქებს და სამართლიანი იქნება კომპენსაციის სახით საბადოების დამუშავების უფლება მაინც მივიღოთ... „გვიანღა იყო თითზე კბენანი..." თურქები ჯერ ყოყმანობდნენ, შემდეგ კი უარი თქვეს რუსეთის წინადადებაზე. არადა, დღეს მურღულის სპილენძსადნობი ქარხანა რამდენიმე ათას ტონა სპილენძს ადნობს წელიწადში... ახლა ვნახოთ, როგორ შეხვდა აჭარის საზოგადოება ბათუმის ოლქის ორად გაყოფის ფაქტს. ამ მიზნით მოვიხმოთ ერთ-ერთი იმდროინდელი საიდუმლო დოკუმენტი, რომელსაც 1922 წლის 22 ნოემბერს ბათუმიდან რუსეთის კონსული კონსტანტინ იუსტი უგზავნის რსფსრ საგარეო საქმეთა კომისარიატის ხელმძღვანელობას- გიორგი ჩიჩერინს, ლევ კარახანსა და სხვა ხელმძღვანელებს: "სრულიად საიდუმლოდ. მოხსენება ერთ ეგზემპლარად. მიმდინარე მომენტი აჭარისტანში ...უპირველეს ყოვლისა საკითხი საზღვრების შესახებ. აჭარის ინტელიგენცია, მათ რიცხვიდანაც კი, რომლებიც საბჭოთა პლატფორმაზე დარჩნენ, ამტკიცებენ, რომ მოსკოვის ძმობისა და მეგობრობის ხელშეკრულების დადებისას თურქმა დიპლომატებმა გააცურეს"ჩვენები", უმთავრესად იმ პუნქტში, სადაც მოცემულია საზღვარი საბჭოთა და თურქულ აჭარას (ართვინის ოლქი) შორის. მათი მიზანი იყო შეექმნათ საბჭოთა აჭარის კოლოსალური ეკონომიკური მიზიდვა თურქული აჭარისაკენ და ამ მიზანს თურქებმა ბრწყინვალედ მიაღწიეს. თურქეთის აჭარა ძლიერ მიისწრაფის ბათუმისაკენ, როგორც საექსპორტო და საიმპორტო პუნქტისაკენ, მაგრამ ბათუმისა და საბჭოთა აჭარის მიზიდვა ართვინისა და არტაანისაკენ უფრო მეტად ძლიერია... ართვინი და არტაანი ბათუმისა და საბჭოთა აჭარის მთავარი ეკონომიკური ბაზაა, რომლის გარეშეც მათ ცხოვრება უჭირთ. ართვინი და არტაანი - ეს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ბეღელია.. წინათ ყველა პროდუქტს ბათუმი აქედან ღებულობდა, მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებამ კი დაარღვია ეს მტკიცე ეკონომიკური ძაფები... ხშირად აჭარლები სინანულით იგონებენ მეფისა და ქართველი მენშევიკების დროსაც კი, რადგან მაშინ ართვინსა და არტაანში მისვლა ადვილი იყო. ახლა კი აჭარის ეკონომიკა გახლეჩილია ორ ნაწილად და ამ ორი ნაწილიდან ცხოვრება ყველაზე მეტად საბჭოთა აჭარას უჭირს. თურქმა "მავრმა" გააკეთა ეს „გენიალური" საქმე, მაგრამ იგი არ დაკმაყოფილდა ამით და არ წასულა, თურქებმა ჩაიდინეს კიდევ ერთი დიდი ბოროტება ბათუმის მიმართ. ეს ბოროტება გამოიხატება სოფელ აჭარისწყალთან 5 კმ-ის მოშორებით საზღვრის გაყვანაში... აქ თურქების მიერ მოწყობილი საბაჟო ყველაფერს ართმევს გლეხებს, როგორც კონტრაბანდას და ახდევინებს ჯარიმებს... ამის შედეგად გლეხები ბოროტდებიან და ძველი მენშევიკების დროს კვლავ სინანულით იხსენებენ. არადა, საბაჟოს გაუქმება არ შეიძლება, რადგან ეს მოიფიქრეს თურქებმა მოსკოვის ამ ჩვენს საუბედურო მეგობრობისა და ცბიერული ძმობის ხელშეკრულებაში". ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საკმაოდ კრიტიკული მოხსენების ავტორია ცნობილი საბჭოთა დიპლომატი კონსტანტინ იუსტი! უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს წერილი გახდა მიზეზი ლევ კარახანის პირადი მიმართვისა იოსებ სტალინისადმი, რომელსაც აცნობებდა აჭარის ხელოვნურად გახლეჩვის" გამო შექმნილ სიძნელეებს. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობისათვის ცნობილი გახდა ბათუმში დაარსებული თურქეთის გენერალური საკონსულოს მუშაკების მიერ წარმოებული პროპაგანდა ადგილობრივ მუსლიმანებს შორის, აჭარის მთლიანად ხელში ჩაგდების მიზნით. არქივში დაცულია შესაბამისი დოკუმენტებიც, მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ("გპუ") უფროსის მოადგილის იოსებ უნშლიხტის მოხსენებითი ბარათი: "რსფსრ სრულიად საიდუმლოდ. ინფორმაციის განყოფილება. საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილეს ამხ. კარახანს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო 24 მარტი 1923 წ. ამიერკავკასიის ჩეკადან მიღებული მასალების საფუძველზე ვახდენთ კონსტატირებას, რომ თურქეთის კონსული ბათუმში იბრაჰიმ-ტალი ბეი ეწევა დიდ პოლიტიკურ და სადაზვერვო მუშაობას, ჩვენს წინააღმდეგ მომართულს... გასული წლის 30 ოქტომბერს იბრაჰიმ ტალი ბეი ართვინს ესტუმრა. მან მონაწილეობა მიიღო ართვინის ადმინისტრაციისა და თურქეთის მომხრე გავლენიანი აჭარლების ერთობლივ თათბირზე. განიხილებოდა ზემო და ქვემო აჭარის გაერთიანების საკითხი, პლებისციტის მოწყობა - ვის პროტექტორატის ქვეშ იქნებოდა გაერთიანებული ავტონომიური აჭარისტანი. იბრაჰიმ ტალი-ბეიმ განაცხადა, რომ საბჭოთა აჭარის მოსახლეობის ნახევარის ხმა უკვე უზრუნველყოფილია თურქეთის სასარგებლოდ..." ბუნებრივია, რომ თურქი კონსულის მოქმედებას ოფიციალური თუ არა, ფარული მხარდაჭერა მაინც ექნებოდა ანკარიდან. ასე რომ, ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმდროინდელი თურქეთის არცთუ მთლად კეთილმეზობლურ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მიუხედავად უკვე რატიფიცირებული ყარსის ხელშეკრულებისა. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტების გამომზეურება სულაც არ ნიშნავს თურქეთის 1921-1923 წლების საგარეო პოლიტიკისადმი რაიმე ჩრდილის მიყენებას. ისინი მხოლოდ აფიქსირებენ და ნათლად გვიჩვენებენ იმ მძიმე მდგომარეობას, როგორშიც აღმოჩნდა აჭარა არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკის წყალობით. მიუხედავად იმისა, რომ ნათელი იყო საზღვრების ასე უსამართლოდ დადგენა საქართველოსთვის, ბუნებრივია, საქმეს აღარაფერი ეშველებოდა. 1923 წელს დაიწყო საბჭოთა კავშირ-თურქეთის საზღვრის დემარკაციის პროცესი ორმხრივი შერეული კომისიის მიერ, რომელიც დასრულდა 1926 წლის 8 სექტემბერს თბილისში ხელმოწერილი გენერალური ოქმით. ამ დოკუმენტით პრაქტიკულად დაფიქსირდა სოფელ სარფის ორად გაყოფაც (იმავე დოკუმენტის საფუძველზე გადის საზღვარი აჭარის სოფელ კირნათთანაც). 1925 წლის 17 დეკემბერს მოსკოვსა და ანკარას შორის დაიდო ნეიტრალიტეტისა და მეგობრობის შეთანხმება, რომლის თანახმად, მესამე სახელმწიფოს თავდასხმის შემთხვევაში საბჭოთა კავშირი და თურქეთი შეინარჩუნებდნენ ნეიტრალიტეტს და მონაწილეობას არ მიიღებდნენ რაიმე მტრულ აქტში ერთმანეთის მიმართ. დავიმახსოვროთ ეს მომენტი, რადგან სწორედ ეს გახდა საბაბი მოსკოვის მხრიდან ანკარისადმი პრეტენზიებისა.
4.
ლაზისტანი მოსკოვის გეგმებში
გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს, პრეზიდენტ მუსტაფა ქემალ ათა-თურქის სიკვდილის შემდეგ, საბჭოთა კავშირ-თურქეთის ურთიერთობებში გაცივების" სიმპტომები გაჩნდა: ანკარამ გეზი დასავლეთთან ინტეგრაციაზე აიღო, დაიდო ურთიერთდახმარების შეთანხმება ინგლისთან და საფრანგეთთან. ამასთან თურქეთი იძულებული იყო დიპლომატიურად "ეთამაშა" ფაშისტურ გერმანიასთანაც და ანგარიში გაეწია მესამე რაიხის ინტერესებისთვის. სწორედ ამიტომ საბჭოთა კავშირზე თავდასხმამდე ოთხი დღით ადრე ხელი მოეწერა თურქეთ-გერმანიის მეგობრობისა და თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას. აქვე შევნიშნავთ, რომ მეორე მსოფლიო ომში თურქეთმა მართალია ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, მაგრამ სინამდვილეში გერმანიას სამხედრო მრეწველობისა და ვერმახტისათვის საჭირო სტრატეგიული ნედლეულით ეხმარებოდა... გარდა ამისა, საბჭოთა კავშირთან ომში გერმანიის წარმატების შემთხვევაში თურქეთი იმედოვნებდა კავკასიის რეგიონში შემოჭრასა და მის დაკავებას. 1941 წლის ივლისის შუახანებში საბჭოთა დაზვერვის მოპოვებული ცნობებით თურქეთის გეგმები კრემლისათვის აშკარა გახდა. ამიტომ შესაძლო აგრესიის მოგერიების მიზნით საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიქმნა ამიერკავკასიის ფრონტი. თურქეთის საზღვარზე ბათუმიდან არარატამდე განლაგდნენ 45-ე და 46-ე არმიის ნაწილები. იმავე პერიოდში, გერმანიის გეგმების ნეიტრალიზების მიზნით, დიდ ბრიტანეთთან შეთანხმებით, სპარსეთის (ირანის) ჩრდილოეთ ნაწილში ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ნაწილები შევიდნენ და დაიკავეს ქალაქები თავრიზი, ასტარა, არდებილი, ფეხლევი, რეშტი, მეშხედი, ხოი და ურმია (თურქეთის საზღვართან). სპარსეთში საბჭოთა ჯარების შეყვანა საკმაოდ ადვილს ხდიდა თურქეთთან შესაძლო სამხედრო ოპერაციის წარმოებას. ზოგიერთი დოკუმენტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ პერიოდში (1941 წლის მეორე ნახევარი), უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბი არ გამორიცხავდა ამიერკავკასიის ფრონტის ჯარების შეყვანას ძველ ქართულ პროვინცია ლაზისტანშიც (რიზე, ტრაპიზონი, გიუმიშანე, ორდუ). სავარაუდოა, რომ სწორედ მაშინ იქნა შემუშავებული რეკომენდაცია ("სამახსოვრო") წითელი არმიის მებრძოლებისთვის, რომლის თანახმად, ლაზისტანის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის შემთხვევაში მოსახლეობის წინააღმდეგობა გამორიცხული არ იქნებოდა. თანაგრძნობა შეიძლება გამოხატულიყო მხოლოდ იმ ლაზებისაგან, რომლებიც ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობდნენ... წინააღმდეგობის გაწევა ძირითადად მოსალოდნელი იყო რელიგიური ფანატიზმის ნიადაგზე. "სამახსოვროში" საუბარი იყო აგრეთვე იმაზე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო საბჭოთა ჯარისკაცი თურქეთის ტერიტორიაზე: მკაცრი დისციპლინა, ლაზი ქალებისადმი და უფროსი ასაკის ადამიანებისადმი პატივისცემა და სხვა. როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირი სპარსული პრეცედენტის გამეორებას ჯერ კიდევ 1941 წლის შემოდგომაზე ფიქრობდა - თურქეთის ტერიტორიაზე ჯარებს შეიყვანდა და საზღვარზე ერთგვარ ბუფერულ ზონას შექმნიდა. მართალია, იმ ხანებში საბჭოთა ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა - წითელ არმიას უჭირდა, მტერი მოსკოვს და ჩრდილოეთ კავკასიას უახლოვდებოდა, ამიტომ ამიერკავკასიის ფრონტის ჯარების ნაწილი სასწრაფოდ სხვა ფრონტებზე გადაისროლეს...
5.
„დღე-X" და განუხორციელებელი მიზნები
გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის პირველ წლებში სახელმწიფო საზღვრის საქართველოს უბანზე დარღვევებმა მკვეთრად იმატა. როგორც უშიშროების ორგანოები და ამიერკავკასიის ფრონტის სარდლობა თვლიდნენ, ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ახალქალაქის რაიონებში მთავარი მადესტაბილიზირებელი ფაქტორი იყო ადგილობრივი მცხოვრებლები - თურქული წარმოშობის პირები და მაჰმადიანი ქართველები (მესხები). შესაბამისად, მათ მასობრივად დააბრალეს თურქებთან თანამშრომლობა და 1944 წლის ნოემბერში შუა აზიაში გადაასახლეს. ოფიციალურად ეს ოპერაცია თურქეთ-საბჭოთა კავშირის სახელწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებად შეფასდა, თუმცა აშკარად ჩანდა, რომ კრემლი სამომავლოდ რაღაცას ამზადებდა, ზურგის საიმედოობა სჭირდებოდა და ამიტომაც გაწმინდა ტერიტორია „მტრულად განწყობილი ელემენტებისაგან. და დადგა კიდეც „დღე-X" :1945 წლის 19 მარტს საბჭოთა კავშირმა თურქეთთან 1925 წელს დადებული მეგობრობისა და ნეიტრალიტეტის ხელსეკრულების დენონსაცია გამოაცხადა, იმავე წლის 2 ივნისს კი თურქეთს ტერიტორიების დაბრუნება მოსთხოვა... რაც მოხდა შემდეგ, ეს რუსული და თურქული დიპლომატიის დრამატული მოვლენებია, რომელშიც „ძლიერთა ამა სოფლისანის" ნებით თუ უნებლიედ, საქართველოც აღმოჩნდა ჩათრეული... ამ პერიოდში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, შეიძლებას ითქვას: საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში, რომლებიც რთულად და არაერთგვაროვნად მიმდინარეობდა, მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებმა თურქეთს საშუალება მისცა გარკვეული გავლენა მოეხდინა აჭარაზე, მისთვის სასურველ ხელსაყრელ მომენტში.