ჯავახეთის მუფთის, მამუკა ვაშაყმაძის ინფორმაციით, ახალციხის პოლიციასთან წუხელ დაპატიმრებული ფრიდონ გობაძის ბაბუა ინფარქტით გარდაიცვალა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. როგორც მუფთმა, მამუკა ვაშაყმაძემ განაცხადა, გობაძის ბაბუამ შვილიშვილის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია სოფელში გაიგო, რის გამოც ინერვიულა და ინფარქტით გარდაიცვალა.
"ცუდი ამბავი მოხდა, წუხელ პოლიციის შენობასთან დაპირისპირების დროს ფრიდონ გობაძე დააპატიმრეს. აღელვებულმა ხალხმა ვეღარ მოზომა, ჭიშკარს მიადგა, რის გამოც ეს ბიჭი შეაგდეს საპატიმროში. ერთი საათის მერე გავიგეთ, რომ ნერვიულობის ნიადაგზე გობაძის ბაბუას ინფარქტი მოუვიდა და გარდაიცვალა. გასვენებაში მისული ხალხი აქეთ მოემართება. საპატრიარქო რეაგირებას არ ახდენს, ღარიბაშვილი და ივანიშვილი არაფერს არ ამბობენ. ხალხი ამ ყველაფერს გულცივად ხვდება, ასე მხოლოდ ჯალათები აკეთებენ და ამ ყოველივეს კარგი შედეგი არ მოჰყვება", - აღნიშნა მამუკა ვაშაყმაძემ.
მისივე თქმით, ხულოსა და წალკის მოსახლეობა დაპატიმრებულების გათავისუფლების მოთხოვნით სამარშრუტო ტაქსებით ახალციხის პოლიციისკენ მიემართება. მამუკა ვაშაყმაძის თქმით, ამ დრომდე პატიმრობაში რჩება 11 ადამიანი, ხოლო 10 გუშინ გაათავისუფლეს. მუფთის თქმით, ადიგენის ჭელის მოსახლეობამ ღამე ახალციხის პოლიციასთან გაათენა და მანამდე დარჩებიან პოლიციის შენობასთან, სანამ დაპატიმრებულებს არ გაათავისუფლებენ:
"ვითხოვთ დაპატიმრებულების გათავისუფლებას. აგრესიულად მოექცნენ მათ. გუშინ ვესაუბრე ახალციხის სამმართველოს უფროსს, დაპატიმრების მერე ძალადობა არ დაფიქსირებულა. 11 კაცი კვლავ პატიმრობაში რჩება, 10 კი გამოუშვეს. ახლციხის პოლიციასთან ვიმყოფებით. ხულოდან და წალკიდან მოდის ხალხი მხარდასაჭერად. ძალიან მეშინია ცუდი შედეგები არ მოყვეს ამას. ყველა შეურაცყოფილად გრძნობს თავს, სულში ჩაგვაფურთხეს ფაქტიურად. სანამ არ გაათავისუფლებენ, თუნდაც ერთი კვირა გავიდეს, აქ ვრჩებით", - აღნიშნა მამუკა ვაშაყმაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟის დროს სამართალდამცველებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა.