უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ადიგენის რაიონის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი დააკავეს.აღნიშნული ინფორმაცია ადიგენის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა ტელეკომპანია "პირველ არხთან" საუბრისას დაადასტურა.
არსებული ინფორმაციით, გამგებელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მიმარეთის დემონტაჟის გამო მეორე დღეა ვითარება დაძაბულია. მინარეთის დემონტაჟის პროცესში სამართალდამცველებისთვის გაწეული წინააღმდეგობის და მათთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებაში ხელის შეშლის ბრალდებით ათობით ადილობრივი მუსლიმი დააკავეს.
დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მეორე დღეა ახალციხის პოლიციის განყოფილებასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეთა თქმით, მანამ არ დაიშლებიან, სანამ ყველა დაკავებული არ გათავისუფლდება. დაპატიმრებულთა ნაწილი გუშინ გვიან ღამით გაათავისუფლეს, 9 პირი კი, ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მათგან 6-ს ადმინისტრაციულ ჯარიმას დააკისრებენ, 3 კი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა.