სასამართლო სხდომაზე, მანდატურმა მოსამართლეს სამი პირის მიერ პროცესის დროს შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისა და შეძახილების შესახებ შეატყობინა. მოსამართლემ, წესრიგის დარღვევისა და შეურაცხმყოფელი შეძახილებისათვის დარბაზიდან გააძევა ავთო ადუაშვილის ახლობლები და მეგობრები. მოსამართლე ეკა არეშიძემ განაცხადა, რომ თუ სასამართლო პროცესი უმართავი გახდება, ის, რა თქმა უნდა, გამოიყენებს უფლებას, რომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დახუროს სხდომა.
ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებული თეიმურაზ ქობალია იკითხება. პროცესზე, თეიმურაზ ქობალიამ განაცხადა, რომ ვახტანგ ჩხაპელია , რომელიც ბრალდების მხარის მიერ ავთო ადუაშვილის მკვლელობის შემკვეთად სახელდება, რამდენჯერმე დაუკავშირდა და უთხრა, რომ ოჯახური პრობლემები ქონდა და ერთი პირის მოკვლა სურდა, თუმცა, ვინაობა არ დაუსახელებია.
ქობალიას თქმით, ჩხაპელია ამ საქმეში 50 000 დოლარის გადახდას აპირებდა, თუმცა თანხას ვინ იხდიდა ჩხაპელიას არ დაუსახელებია.
ქობალიამ ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულებიდან ასევე იცნობს გელა უბილავას, რომელიც მკვლელობის ორგანიზატორად არის დასახელებული.
ქობალიამ ადუაშვილის მკვლელობის შემდგომი პერიოდიც გაიხსენა და განაცხადა, რომ დეკემბერში ის უბილავას შეხვდა და გაიგო, რომ ჩხაპელიამ თანხის ნახევარი გადაიხადა. ბრალდებულის თქმით, უბილავამ ასევე განაცხადა, რომ ჩხაპელია თავიდან დაკავშირებია სხვა პირს, რომელმაც თანხის ნახევარი წინასწარ გამოართვა, თუმცა საქმე არ შეასრულა.
სასამართლო პროცესზე, მოსამართლე ეკა არეშიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლო პროცესის დახურვის შესახებ არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ სხდომის დახურვის შესახებ შუამდგომლობა იმ მოტივით დააყენა, რომ დაზარალებულების მხრიდან აგრესია შეიმჩნეოდა.