სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მეწარმეებს ახალი სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. დღევანდელ შეხვედრას დაესწრო 400-მდე მეწარმე და ბიზნესმენები, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, დღეს გაიმართა შეხვედრა ბიზნესის ძალიან ფართო წრეების წარმომადგენლებთან, სადაც ისაუბრეს პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში".
„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მოვიდა. ამ შეხვედრამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია. თქვენ ნახეთ, რომ დარბაზში ადგილები არ იყო და ხალხი ფეხზე იდგა. ძალიან ბევრი შეკითხვა იყო ტექნიკურ საკითხებზე. მინდა ვთქვა, რომ ეს პროგრამა არის მართლაც უნიკალური შანსი ყველა დამწყები ბიზნესმენისთვის, რომ საკუთარ გეგმებს ხორცი შეასხან და ჩამოაყალიბონ ახალი საწარმო ობიექტები, როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო მიმართულებით. ამიტომ, ვთვლი, რომ ძალიან საჭირო და პროდუქტიული შეხვედრა იყო", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და ა.შ. პროგრამის ბიუჯეტია 46 მილიონი ლარი.