ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისათვის მსჯავრდებულების შესახებ სკანდალური ვიდეოკადრების ავტორი, გია ალავიძე N9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 26 აგვისტოს პირობით ვადამდე გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 25 მაისს ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერით გია ალავიძის მიერ გადაღებული ვიდეო კადრები გავიდა, სადაც ნათლად ჩანდა, რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულები საპყრობილეში. აღნიშნული კადრების ეთერში გასვლის შემდეგ ალავიძის დევნა დაიწყო, რის შემდეგაც იგი დააკავეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსჯავრდებული დაკავების მიზეზად სწორედ მის მიერ გავრცელებულ კადრებს მოიაზრებდა.
გია ალავიძემ წერილობით მრავალჯერ მიმართა როგორც საქართველოს პარლამენტს, ისე მთავარ პროკურატურას საქმის გადახედვის თხოვნით, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც ყოფილ მსჯავრდებულს ერთკვირიანი შიმშილობაც ჰქონდა გამოცხადებული.
16 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა გია ალავიძის საქმეზე პრესკონფერენცია გამართა და მთვარი პროკურატურისა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მხრიდან, მისი დაცვის ქვეშ მყოფის, გია ალავიძის საქმის შესწავლა და რეაგირება მოითხოვა.
გია ალავიძის გათვისუფლების საკითხთან დაკავშირებით „რეპორტიორი" სასჯელაღსრულების სამინისტროს პრეს-ცენტრის უფროსს, ირაკლი კორძაის დაუკავშირდა, რომელმაც ალავიძის გათავისუფლების ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა.