მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც ასევე თორმეტთაგანია, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება; წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რა დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ.
ამ დღეს ქრისტიანები ასევე პირველად ამბობენ სულიწმიდის მოწვევის ლოცვას „მეუფეო ზეცათაო“... სულთმოფენობის დღესასწაულს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: როდესაც წმ. წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმ. მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღმრთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. აქედან მოყოლებული, დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმიდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება.