კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დაესწრება.
სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ დავით კაკაბაძის, როგორც ფერწერული და გრაფიკული ტილოები, ასევე მხატვრის ფოტო-ნამუშევრები. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ფილმი "ჯიმ შვანთე".
ექსპოზიცია წინანდალში 2014 წლის ივნის-ივლისის განმავლობაში დარჩება.
დავით კაკაბაძის გამოფენა 2014 წლის 17 სექტემბერს პარიზში, მაიოლის მუზეუმში (Musée Maillol) გაიხსნება. მაიოლის მუზეუმი 5 თვის განმავლობაში უმასპინძლებს ექსპოზიციას, სადაც დავით კაკაბაძის 40 ნამუშევარი იქნება გამოფენილი, მათ შორის კონსტრუქციულ-დეკორატიული კოლაჟები და სხვადასხვა პერიოდის გრაფიკა, ზეთის და აკვარელის ნამუშევრები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები კაკაბაძეების ოჯახის კერძო კოლექციიდან. მაიოლის მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია წარმოადგენს ფრანგი მოქანდაკის და მხატვრის არისტიდ მაიოლის ნამუშევრებს. მუზეუმი ასევე ცნობილია დროებითი გამოფენების განსაკუთრებით მაღალი ხარისხით.