ყატარის ტელეკომპანია „ალ ჯაზირამ", ე.წ. „სამხრეთ ოსეთში" გამართული საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეთერში გადასცა რეპორტაჟი საქართველოს ამ სეპარატისტული რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ. როგორც ვიდეოსიუჟეტიდან ჩანს, რეპორტიორი ნიკოლაი კორჟოვი „სამხრეთ ოსეთში" საქართველო-რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შედეგადაა შესული.
ვიდეომასალაში საკმაოდ დიდი ადგილი აქვს დათმობილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გახსენებას, ცალკეული ადამიანების მოგონებებს ცხინვალის დაბომბვის შესახებ, საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ტელეგამოსვლებს, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
ვიდეომასალაში აღნიშნულია, რომ საქართველო-რუსეთის ომიდან უკვე თითქმის 6 წელი გავიდა, თუმცა სამხედრო მოქმედებით გამოწვეული ნგრევა ჯერ კიდევ არაა ლიკვიდირებული. რუსეთმა „სამხრეთ ოსეთს" დიდი ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინა ცხინვალისა და მის ახლოს მდებარე სოფლების აღსადგენად, მაგრამ აღდგენა ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. აქვე უნდა ითქვას, რომ რეგიონში ამჟამად სტაბილური ვითარებაა. ექსპერტების თქმით, ეს სტაბილურობა ბევრადაა განპირობებული სამხრეთ ოსეთში დილოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზებით. ბევრი ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, რომ ისინი თავს დაცულად გრძნობენ და დარწმუნებულნი არიან, რომ 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები აღარ განმეორდება.
ტელერეპორტიორი ცდილობს ადგილობრივი პოლიტიკოსების პოზიციის გაგებას რუსეთთან შეერთების თაობაზე. როცა იგი სახალხო პარტიის ლიდერს ალექსანდრე პლიევს ეკითხება, შესაძლოა თუ არა სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, იგი პასუხობს: „ეს ყოველი ოსის ოცნებაა".