reportiori.ge - დღევანდელ დღეს კოტე მარჯანიშვილი დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:09
კულტურა
დღევანდელ დღეს კოტე მარჯანიშვილი დაიბადა
09 ივნისი, 2014. 12:30


საბჭოთა ეპოქის ქართველი რეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი კონსტანტინე (კოტე) ალექსანდრეს ძე მარჯანიშვილი დაიბადა 1872 წლის 9 ივნისს  სოფელ ყვარელში. (1931).


კოტე მარჯანიშვილის მამა, ალექსანდრე ანდრიას ძე მარჯანიშვილი (მარჯანოვი, გ. 1876) იყო რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი, ფრანგულიდან თარგმნა ალექსანდრე დიუმას ორი დიანა"; დედა, ელისაბედ სოლომონის ასული ჭავჭავძე (დ. 1850 - გ. წ. უცნობია) იყო აკაკი წერეთლის წერილების ადრესატი, ხოლო ილია ჭავჭავაძემ მას ლექსი „გახსოვს, ტურფავ..." მიუძღვნა. ალექსანდრე მარჯანიშვილის და - მაგდალინა იყო პუბლიცისტ სერგეი მესხის დედა და მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძის დიდი ბებია.


კოტე მარჯანიშვილს ჰყავდა ორი და - თამარი და ნინო. უფროსი და - თამარი 1890 წლიდან ბოდბის, შემდგომ სერაფიმო-ზნამენსკის ქალთა მონასტერის წინამძღვარი (იღუმენია) იყო; უმცროსი და- ნინო ცოლად ჰყავდა ექიმ გრიგოლ ელიავას. მათი ვაჟი გიორგი ელიავა იყო ცნობილი მიკრობიოლოგი და საზოგადო მოღვაწე.


განათლება მიიღო თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც ხშირად მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. მარჯანიშვილი პირველად გამოვიდა 1894 წელს ქუთაისის დრამატულ დასში, რომელსაც კ. მესხი ხელმძღვანელობდა. ამავე წელს 27 ნოემბერს დებიუტი ჰქონდა თბილისის სცენაზე, შეასრულა ერეკლეს როლი ა. წერეთლის დრამატულ პოემაში „პატარა კახი". 1897 წელს მარჯანიშვილი რუსეთში გაემგზავრა. მსახიობობდა ქ. ელიზავეტგრადში, ქერჩში, ბაქოში, ტაშკენტში, აშხაბადში, ტულაში, ლუგანსკში, ვიატკაში.


1900-1901 წლებში სათეატრო სეზონში ვიატკაში დადგა ა. ჩეხოვის პიესა ძია ვანია". 1904-იდან მოღვაწეობდა როგორც რეჟისორი. 1904-1905 და 1905-1906 სეზონში მიიწვიეს კ. ნეზლობინის დრამატულ დასის რეჟისორად რიგაში, სადაც დადგა მ. გორკის პიესა მოაგარაკენი". 1905 რევოლუციის დღეებში მარჯანიშვილი დაუახლოვდა მ. გორკის. იგი მონაწილეობდა პოლიტიკურ დემონსტრაციებში, გამოდიოდა მიტინგებზე. დიდ ყურადღებას უთმობდა თეატრის რევოლუციურ სულისკვეთებას, მოქალაქეობრივ პათოსს, სადღესასწაულო განწყობილებას. მარჯანიშვილი რეჟისორად მუშაობდა ხარკოვის (1906-1907), კიევის (1907-1908), ოდესის (1908-1909) დრამატულ დასებში.


1909 წლიდან მოსკოვის კ. ნეზლობინის თეატრის რეჟისორი იყო. ამ პერიოდში ა. სუმბათაშვილთან ერთად აქტიურ დახმარებას უწევდა ქართველ რეჟისორებს ვ.შალიკაშვილს, ა.წუწუნავას და ვ. მჭედლიშვილს, რომლებიც მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში სწავლობდნენ. მოსკოვში მონაწილეობდა ქართული დრამატული სტუდიის შექმნაში. 1910-1913 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში, სადაც დადგა კ. ჰამსუნის „ცხოვრების ბრჭყალებში" (1911), ჰ. იბსენის „პერ გიუნტი"(1912); მონაწილეობა მიიღო თ.დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების" დადგმაში (1910), და ჰ. კრეგის დადგმის „ჰამლეტის" განხორციელებაში. 1913 წელს მარჯანიშვილმა მოსკოვში დააარსა „თავისუფალი თეატრი", სადაც თეატრალურ რუტინას დაუპირისპირა სინთეზური თეატრის პრინციპი, ცდილობდა აღეზარდა ყოველმხრივ განვითარებული მსახიობი, რომელიც გამოვიდოდა ოპერაში, დრამაში, პანტომიმაში. თეატრმა მხოლოდ ერთი სეზონი (1913-1914) იარსება.


მარჯანიშვილმა აქ დადგა: მ. მუსორგსკის ოპერა „სოროჩინცის ბაზრობა", ჟ. ოფენბახის ოპერეტა „მშვენიერი ელენე", შნიცლერ-დონანის პანტომიმა „პიერეტას საბურველი" და სხვა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა თეატრებს დონის როსტოვში (1914-1915), „ბუფის" (1916-1917) და მინიატიურების თეატრს (1917-1918) პეტროგრადში. 1919 წელს მარჯანიშვილმა კიევში, სოლოვცოვის თეატრში, დადგა ლოპე დე ვეგას დრამა "ცხვრის წყარო", ეს დადგმა შევიდა საბჭოთა თეატრის ისტორიაში, როგორც პირველი საბჭოთა სპექტაკლი. 1920 წელს მარჯანიშვილმს პეტროგრადში დააარსა კომიკური ოპერის თეატრი, რომელშიც საინტერესო დადგმები განახორციელა. 1922 წელს მარჯანიშვილი საქართველოში დაბრუნდა და საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა თეატრს. მან სათუთად შემოინახა რევოლუციამდელი ქართული თეატრის დემოკრატიული და რეალისტური ტრადიციები, გაამდიდრა ისინი რევოლუციური იდეებით.


1922 წელს მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში დადგა რევოლუციურ-ჰეროიკული სპექტაკლი ლოპე და ვეგას „ცხვრის წყარო", რომელიც ქართული თეატრის განახლებას დაედო საფუძვლად. 1926 წლამდე მარჯანიშვილი სათავეში ედგა რუსთაველის თეატრს. აქ მან დადგა ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში" (1922), გ. ერისთავის „გაყრა" (1923), ჟ.მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო" (1924; მ. ქორელთან ერთად), უ. შექსპირის „ჰამლეტი" (1925) და სხვა.


1924-1928 წლებში მარჯანიშვილი მოღვაწეობდა ქართულ კინოში. გადაიღო ფილმები: „ქარიშხლის წინ" (1924), „სამანიშვილის დედინაცვალი" (1924), „ამოკი" (1927), „კრაზანა" (1928), „კომუნარის ჩიბუხი" (1929).


1928 წელს ქუთაისში დააარსა დრამატული თეატრი მე-2 სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით. 2 სეზონის შემდეგ (1928-1930) თეატრი თბილისში გადმოვიდა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა ამ თეატრს გარდაცვალებამდე.


1930 წელს მე-2 სახელმწიფო თეატრმა მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით ჩაატარა გასტროლები მოსკოვსა და ხარკოვში. ეს იყო ქართული თეატრის პირველი გასტროლები საქართველოს გარეთ. მარჯანიშვილის სახელი მინიჭებული აქვს აგრეთვე ყვარლის სახალხო თეატრს. ყვარელში, მარჯანიშვილის სახლში გახსნილია მემორიალური მუზეუმი. დაწესებულია მარჯანიშვილის სახელობის პრემია.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016