დღეს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების #5-ე და #6-ე დაწესებულებასთან საზოგადოებრივი მისაღები გახსნა. ამ სერვისით ისარგებლებენ, როგორც მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები, ასევე ადვოკატები და სხვა დაინტერესებული პირები.
საზოგადოებრივ მისაღებში განაცხადების მიღება, კონსულტაცია თემატურ საკითხებზე, ასევე ამანათებისა და პაემნების რეგისტრაცია ხდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, მსგავსი სერვისი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კომუნიკაციას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის. რიგით მეექვსე საზოგადოებრივი მისაღები მოქალაქეთა მიღებას უკვე შეუდგა. მსგავსი სერვისით მოქალაქეები უკვე სარგებლობენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, გლდანის #8-#18, ქსნის #15-#19 და რუსთავის #16-#17 დაწესებულებებში. საზოგადოებრივი მისაღების გახსნის შემდეგ მინისტრმა #5-ე ქალთა დაწესებულებაში მყოფი ჩვილბავშვიანი მსჯავრდებული ქალბატონები მოინახულა და ბავშვები აუზებით დაასაჩუქრა. დაწესებულებაში ამჟამად 5 ქალბატონი იმყოფება, რომელთაც სამ წლამდე შვილი ჰყავთ. დედები და ბავშვები დაწესებულებაში, ცალკე გამოყოფილ შენობაში ცხოვრობენ, სადაც ჩვილების სწორი განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი.