მართლმადიდებელი სამყარო 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას აღნიშნავს.
სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ოთხშაბათის გამო მარიამობის დღესასწაული მხოლოდ თევზით ხსნილდება.
უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის მარხვა უძღვის, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო. უცნობია, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.
ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დანერგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. უფალმა ასევე ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული თავად უფლის ხელით ავიდა ცათა საუსუფეველში.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. მესამე დღეს მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი
გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.