reportiori.ge - როცა შოკისმომგვრელი არაფერია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:54
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
როცა შოკისმომგვრელი არაფერია
ავტორი:
11 ივნისი, 2014. 16:21

 

საქართველოსთვის უკიდურესად არასასურველი მიმართულებით განვითარდა მოვლენები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; ჩვენმა უგულითადესმა

 

მეგობარმა რასმუსენმა ამიერიდან NATO-ს ნაცვლად  ნატაშაზე  ან შუშანიკზე იოცნებეთო; ალასანიამ კიდევ ერთხელ მიმართა ნატოს; მოძმე უკრაინაში გრძელდებოდა უსასტიკესი სისხლიანი შეტაკებები სეპარატისტებსა და პატრიოტებს შორის; დააპატიმრეს ბიზნესმენი ღონიაშვილი; პრემიერი ღარიბაშვილი

ორსაათნახევარს ესაუბრა ჟურნალისტებს;

სასამართლომ ოქროს მომპოვებელ კომპანიას საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე მუშაობის უფლება შეუჩერა...

 

წინასაარჩევნო ვნებათაღელვანი

 

როგორც მოსალოდნელი იყო, გასული კვირა „ქართული ოცნების" ავტორიტეტულმა წარმომადგენლებმა  პრემიერ ღარიბაშვილის გამოთქმის, „ჩვენ არცერთ სააჩევნო ოლქში სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას არ დავუშვებთ", ინტერპრეტაციას მოანდომეს. თავის მხრივ, „ოცნების" პოლიტიკურმა ოპონენტებმაც არანაკლები ძალისხმევა მოანდომეს პრემიერის ამ გამონათქვამის სათავისოდ გამოყენებას.


მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენები კი თბილისიდან ოციოდე კილომეტრის დაშორებით, ჯერ კიდევ საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მყოფ მარნეულში განვითარდა: ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ,  თავისი წესიერებით, კაიბიჭობითა და გულუბრყვილობით ცნობილმა კობა ასანიძემ სპეციალური განკარგულებით ადგილობრივი გამგებლობის კანდიდატობიდან მოხსნა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი აჰმედ იმამყულიევი - ბოლო ორი წლის განმავლობაში მას საქართველოში არ უცხოვრიაო.


ამასთან დაკავშირებით პარლამენტარმა ხათუნა გოგორიშვილმა საკმაოდ უცნაური განცხადება გააკეთა:იძულებული ვარ, ყველას საჯაროდ განვუცხადო, რომ მე, ხათუნა გოგორიშვილს, მიმდინარე წლის 12 მაისს მქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან თბილისში, იუსტიციის სახლში. მან გადმომცა მთავრობის დანაბარები, ხომ არ ვიფიქრებდით, მოგვეხსნა მარნეულში კანდიდატურა და არ ეყარა ჩვენს კანდიდატს კენჭი".


ქალბატონ გოგორიშვილის მტკიცებით, გამგებლობის კანდიდატს ნაცმოძრაობიდან, პატივცემულ აჰმედ იმამყულიევს,  თურმე, მარნეულში ისეთი რეიტინგი აქვს, თვით ნუგზარ გვემულსაც (წიკლაურს) რომ შეშურდებოდა.


საქმეში  ნაცმოძრაობის დიდი ლიდერი, თითქმის ხელახლა გათბილისმერებული გიგი უგულავაც ჩაერთო, რომელმაც ყვირილით, პირგამეხებული სახითა და მაგიდაზე მუშტების ბრახუნით „ვიღაც ასანიძისგან" გადაწყვეტილების შეცვლა მოითხოვა. მართალია, პატივცემულმა გიგიმ მოგვიანებით არაკორექტულობისთვის საჯაროდ ბოდიში მოიხადა, მაგრამ მისი ეს მოქმედება ძალიან ჰგავდა ჯეელი გიგის „კმარულ" თავგადასავლებს.


იმის თქმას როგორ გავბედავ, რომ ყოვლად უბიწო ქალწულმა ხათუნამ იცრუა - იგი ალბათ შეცდა.  და ამ საბედიწერო შეცდომისკენ  მას უბიძგა პრემიერ ღარიბაშვილის ნაჩქარევმა განცხადებამ - „ჩვენ არ დავუშვებთ..." თუმცა, სიმართლესთან უფრო ახლოს იქნება, თუ ვიტყვი - პოლიტიკური დემაგოგიის უზადოდ მცოდნე გოგორიშვილმა შესანიშნავად გამოიყენა თავდაჯერებული პრემიერის სიტყვები.


სამწუხაროდ, ეს არ ყოფილა გასულ კვირაში პრემიერის ერთადერთი მძიმე ლინგვისტური შეცდომა - ჟურნალისტებთან შეხვედრისას მან ისიც განაცხადა, „ქართულ პოლიტიკურ სპექტრში „ქართული ოცნების" ღირსეულ ოპონენტს ვერ ვხედავო".


პოლიტიკურმა ფიგურამ ასეთი რამ არ უნდა თქვას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ღირსეული მეტოქე არა გყავს, შენს გამარჯვებას ფასიც არა აქვს.


სხვათა შორის, აჰმედ იმამყულიევის გარდა, საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში, თუ არ ვცდები,  მინიმუმ  კიდევ ორ პერსონას არ უცხოვრია - კაკულიას და ჯიქიას, ფოთის და რუსთავის მერობის კანდიდატებს „ქართული ოცნებიდან".


მარნეულის გარდა, გასულ კვირაში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ნაცმოძრაობის ლიდერების გამოჩენას ბათუმშიც. ამჯერად მუშტი-კრივი არგუმენტებად გიორგი ბარამიძემ მოიშველია.

 

ჩახედე პრემიერს თვალებში...

 

გასული კვირა იმითაც იყო ღირსშესანიშნავი, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს თითქმის ორსაათნახევრის განმავლობაში პასუხობდა. უცნაური აქ არაფერია - ჟურნალისტების კითხვებს მსოფლიოს ყველა ცივილიზებული ქვეყნის პირველი პირი პასუხობს. ვერ გეტყვით, დიდი სიამოვნებით-მეთქი, მაგრამ მაინც. გონივრულთან და საქმიანთან ერთად, კითხვა შეიძლება პროვოკაციული, დემაგოგიური და ბრიყვულიც კი იყოს, მაგრამ ადრესატმა მაინც ყველას უნდა უპასუხოს. ასეთია ცივილიზებულ სამყაროში მიღებული ულმობელი წესი.


სასიამოვნოა, რომ ეს კეთილი ტრადიცია ნაციონალების ცხრაწლიანი მონოლოგის შემდეგ საქართველოშიც აღდგა. ახლა მთავარია, ქართველმა თანამდებობის პირებმა კითხვაზე პასუხის გაცემა ისწავლონ. მათ შორის, დიპლომატიური პასუხისაც. იმ დონეზე მაინც, რომ სააკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრ ვაშაძეს ასეთი რამ არ ათქმევინო: „ამ ხელისუფლების პოლიტიკური კრახი უახლოეს მომავალში გარდაუვალია და ამის გარანტი ირაკლი ღარიბაშვილია". თუმცა, ზოგის ენას ძვალი მართლაც არა აქვს!!!


გასულ კვირაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთავარმა პროკურატურამ ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ გახსნილია 2008 წელს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას მკვლელობა. განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი აფხაზეთის კუდ-ის მაშინდელმა უფროსმა, ამჟამად ე.წ. „ხურჩის ტერორისტული აქტის საქმეზე" ბრალდებულმა  რომან შამათავამ, მას შემდეგ, რაც მისგან სასურველი აღიარებითი ჩვენება ვერ მიიღო, ხელებშეკრული და თვალახვეული ნავით ზღვაში გაიყვანა, ფეხზე ბეტონის ფილა მიაბა, თავში ტყვია დაახალა და ზღვაში გადააგდო. საქმეში ფიგურირებს ნაგუბერნატორალი გუნავაც. საქმეზე კომენტარი გააკეთა პრემიერმა ღარიბაშვილმაც.


ამ ინფორმაციას მოჰყვა სერიოზული დაპირისპირება ზუგდიდში, ტრადიციული დედის გინებითა და ქვების სროლით. მოკლულის ახლობლები გუნავასა და, საერთოდ, ნაციონალური მოძრაობისგან  არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას მოითხოვდნენ.


ნაცმოძრაობის ლიდერებმა, რასაკვირველია, ამ მოვლენებს სიცრუე და წინასაარჩევნოდ დადგმული სპექტაკლი უწოდეს.


გასულ კვირაში გავრცელდა კიდევ ერთი მართლაც შემაძრწუნებელი ინფორმაცია - სააკაშვილის ციხეებში ადამიანების ორგანოებით ვაჭრობდნენ!  ასახელებენ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებასაც, რომელიც თურმე ამაში მონაწილეობდა.


ეს ამბავი მტკნარი სიცრუეც რომ აღმოჩნდეს, იგი მაინც დარჩება მძაფრ წინასააჩევნო ანტირეკლამად ნაცმოძრაობისთვის.


გასულ კვირაშივე დიდი ოდენობით „ფულის გათეთრების" ბრალდებით დააპატიმრეს ბიზნესმენი ღონიაშვილი, უგულავას ქვისლი, რამაც ნაცმოძრაობის ელიტაში ნამდვილი პანიკა გამოიწვია. თუ გავითვალისწინებთ, რომ   ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ღონიაშვილის საიდუმლოებით მოცული ფირმის მეშვეობით, სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობა ფინანსდებოდა, პანიკის საფუძველი მართლაც არსებობს.


ამას დაერთო გადადება სასამართლო პროცესისა, სადაც გიგი უგულავას თბილისის მერის თანამდებობაზე აღდგენის საკითხი უნდა განხილულიყო. მოტივი - პროცესზე პროკურორების გამოუცხადებლობა.


ალბათ, მოვლენათა ამგვარმა მსვლელობამ ათქმევინა ყოფილ მერს, ღარიბაშვილს ეშინია, რომ ერთხელაც იქნება მივალ და თვალებში ჩავხედავო. იმედია, თავიდან „გაკმარებულ" გიგის მისი კეთილისმსურველები ამ განზრახვას გადააფიქრებინებენ, თორემ ღარიბაშვილის თვალებში მან შეიძლება ისეთები ამოიკითხოს, ისეთები, რომ მტრისას!...

 

სინოდის სხდომა და იმედის ფესტივალი


გასულ კვირაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელსაც მორწმუნე მრევლი ერთგვარი შიშით, ხოლო დანარჩენი საქართველო - დიდი ინტერესით ელოდა. საქმე ის გახლავთ, რომ სხდომამდე კარგა ხნით ადრე ჯიუტად ვრცელდებოდა ხმები მისი უწმინდესობის, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის გადადგომისა და ამ გადაწყვეტილების წმინდა სინოდის სხდომაზე გამოცხადების თაობაზე. რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი მომხდარა. სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ძველებურად გამართულად მუშაობს ბოროტი  ჭორების გამავრცელებელი მანქანა.


რაც შეეხება წმინდა სინოდის სხდომას,  დაამოწმეს პატრიარქის განცხადება და ლოცვა-კურთხევა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით, გამოარჩიეს ახალი მღვდელმთავრებ ევროპის, ამერიკის და საინგილოსთვის და წმინდანად შერაცხეს პირველი მღვდელმთავარი იოანე.

 

კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია: 6, 7 და 8 ივნისს თბილისში, სპორტის სასახლეში დაგეგმილი იყო მსოფლიო ქრისტიანულ-ევანგელისტური ეკლესიის საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით  „იმედის ფესტივალი". საორგანიზაციო საკითხები წინასწარ შეთანხმებული იყო სპორტის სასახლის ხელმძღვანელობასა და შესაბამის უწყებებთან.

 

„ფესტივალის" დაწყებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა, რომ თურმე სპორტის სასახლეში „ხანძარი გაჩენილა, არსებობს თაღის ჩამონგრევის ალბათობა და ამიტომ იქ ღონისძიების ჩატარება შეუძლებელია".

 

„ფესტივალი" მაინც ჩატარდა - დიდუბეში, ყოფილი „კიროვის ქარხნის" ტერიტორიაზე.

 

ვწუხვარ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ ამგვარი ფაქტებია,  საქართველოს, მის ხალხსა და  ხელისუფლებას ცივილიზებული სამყაროს თვალში ევროპულ ფასეულობებზე მოლაყბე ველური ტომებით დასახლებულ  ეკზოტიკურ ქვეყნად რომ წარმოაჩენს. თუმცა, დანარჩენის თქმისაგან თავს შევიკავებ...

 

გასულ კვირაში თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი და ოქროს მომპოვებელ კომპანიას საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიულ მაღაროში მუშაობის უფლება შეუჩერა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ხელისუფლების მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აღნიშნული მაღარო მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული ძეგლია და მისი მეცნიერული შესწავლა აუცილებელია.

 

ტიალო დარიალაო...

 

დარიალი საქართველოსთვის დიდხანს იყო ევროპისკენ გასასვლელი კარიბჭე. თავს ნუ მოვიტყუებთ - ის, რასაც ევროპულ ფასეულობებს ვუწოდებთ, თავის დროზე საქართველოში პეტერბურგის გავლით დარიალიდან შემოვიდა. ახლა ეს კარიბჭე  ჩაკეტილია - პოლიტიკოსთა უგუნურებისა და ბუნების ჭირვეულობის გამო. გასულ კვირაში რადარებმა მყინვარზე მიწისქვეშა ბიძგები დააფიქსირა. სპეციალისტების მითითებით, ხეობაში გამწმენდი სამუშაოები შეწყდა და პერსონალმა იქაურობა სასწრაფოდ დატოვა, თუმცა კვირის ბოლოს სამუშაოები ისევ განახლდა.

 

ბუნება ალბათ გვაპატიებს შეცოდებებს და დარიალის კარს სამუდამოდ არ ჩაგვიკეტავს. აი, პოლიტიკური ამინდის გამოდარებას კი პირი არ უჩანს. უკრაინაში ისევ გრძელდება უსასტიკესი შიდა დაპირისპირება, რაც საფრთხეს უქმნის, საერთოდ, უკრაინული სახელმწიფოს არსებობას და არა მხოლოდ მას.

 

რუსეთის ზურგშექცევით ევროპული კურსის გაცხადებისთანავე ორად გაიხლიჩა მოლდოვა, ტერიტორიების 20 პროცენტზე მეტი დაჰკარგა საქართველომ, უმძიმესი ტერიტორიული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა აზერბაიჯანი, დამოუკიდებლობა გამოაცხადა ყირიმმა, „დამოუკიდებლობისთვის" ხმალამოღებული იბრძვის უკრაინის აღმოსავლეთი...

 

საქართველოსთვის ძალიან არასასურველი მიმართულებით ვითარდება მოვლენები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ  ეს  ადმინისტრაციული ერთეულები „დამოუკიდებელი რესპუბლიკების" სტატუსით რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას მოითხოვენ. მით უფრო, აფხაზეთს უკვე მართავს რაულ ხაჯიმბას „ხელისუფლება", ხოლო გასულ კვირას სამხრეთ ოსეთში გამართულ „საპარლამენტო არჩევნებში" „ედინაია ასეტიამ" საკმაოდ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მართალია, ევროკავშირი არ სცნობს ამ არჩევნებს, მარამ ეს ჩვენვის დიდი ვერაფერი შეღავათია.

 

არავინ იცის, როდის „აფეთქდება" ვითარება საქართველოს ეთნიკური სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში...

 

ვფიქრობ, ავის მომასწავებელია გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაცია რუსული „ყაზტრანსგაზ თბილისის" შესაძლო გაყიდვის თაობაზეც.

 

რაც მთავარია, საქართველოში არ არსებობს ერთიანი საზოგადოებრივი აზრი დამოუკიდებელი საქართველოს მომავალზე: ისტორიულ ტერიტორიებთან (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) ერთად რუსეთთან და ევრაზიულ კავშირთან თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა, რეალური გასაღების ბაზრით სარგებლობა, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ვითარების სწრაფი გაუმჯობესება; თუ ისტორიულ ტერიტორიებზე საბოლოოდ უარის თქმა, ჯავახეთისა და ქართლის ნახევარზე მეტის დაკარგვის მტანჯველი შიში, ნატო-ევროპის მჭიდროდ დაგმანულ კართან უსასრულო ლოდინი და ვედრება - სეზამ, გაიღე!

 

თუ NATO გასულ კვირაში საქართველოს სამხედრო მინისტრის კიდევ ერთხელ შეთავაზებას გაითვალისწინებს და საქართველოში თავდაცვითი სისტემების განლაგებას დათანხმდება, რუსულ-ქართული ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბება, რაც ქართულ სახელმწიფოებრიობას ნამდვილად არ წაადგება.

 

კარგია ევროპელობა, მაგრამ იგი კარგია ცოცხალი, ჯანმრთელი, მაძღარი ადამიანებისა და ბუნებაში რეალურად არსებული ქვეყნისათვის.

 

მოდი, ვიფიქროთ. ჩემს „რუსეთუმედ" შერაცხვას და კოცონზე დაწვას ყოველთვის მოვასწრებით.

 

გასულ კვირაში შოკისმომგვრელი არაფერი მომხდარა...

 

 

 

 

 

მიხეილ დარახველიძე



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016