9 ივნისიდან ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს დღეები მიმდინარეობს. გამართული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ „რეპორტიორს" საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ზაზა გოგსაძე ესაუბრა:
„გუშინ გვქონდა პრეზენტაცია საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოსთან დაკავშირებით. ღონისძიებას ესწებოდნენ ჩეხეთის სხვადასხვა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები და ბიზნესმენები", - განაცხადა გოგსაძემ.
მისი თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოითქვა. ელჩი არ გამორიცხავს, რომ ჩეხური კომპანიები წელს კიდევ უფრო გააქტიურდენ, რაც პრაქტიკულ შედეგებსაც გამოიღებს.
ღონისძიების ფარგლებში, „ქართული საღამო" გაიმართა, სადაც ცნობილმა შეფ-მზარეულმა, მანუელ ფაუნდესმა სხვადასხვა ქართული კერძი წარმოადგინა. ქართულმა სამზარეულომ და ღვინოებმა პრაღაში დიდი მოწონება დაიმსახურა. ამასთან, გოგსაძის ინფორმაციით, გაიმართა რუსუდან გორგილაძის წიგნის პრეზენტაცია, რომელიც მკითხველს ქართული კულინარიის ისტორიაზე მოუთხრობს. სამკაულების დიზაინერმა ირმა მანჯგალაძემ კი საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო.
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თქმით, განსაკუთრებული აღტაცება ვოკალურ ანსამბლ „ჰერიოს" მიერ ჩეხურ ენაზე შესრულებულმა ჩეხეთის ჰიმნმა გამოიწვია. მისი თქმით, ჩეხები ამბობდნენ, რომ მსგავსი შესრულება მათ აქამდე არ მოუსმენიათ:
„აქ იმყოფება ახალგაზრდა ბიჭებით დაკომპლექტებული ვოკალური ანსამბლი „ჰერიო". მათ ჩეხურ ენაზე ქართულ პოლიფონიურ სტილში ჩეხეთის ჰიმნი შეასრულეს, რამაც მხურვალე ტაში და დიდი ოვაცია გამოიწვია", - აღნიშნა გოგსაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.
რაც შეეხება ხვალისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს, ელჩის თქმით, 12 ივნისს წმინდა სვიმონისა და იუდას სახელობის ეკლესიაში „ჰერიოს" კონცერტი გაიმართება, რომელსაც 450 კაცი დაესწრება. 18-19 ივნისს კი თანამედროვე ქართული ფილმის ჩვენება გაიმართება.
ჩეხეთში საქართველოს დღეებს, როგორც გოგსაძემ გვითხრა, ძალიან ბევრი სტუმარი ეწვია. მათ შორის უყვნენ ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალჩინოსნები. საქართველოს დღეებმა პრაღაში ჩეხი მოქალაქეების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
როგორც გოგსაძემ განგვიცხადა, იგეგმება ჩეხეთის დღეების საქართველოში მოწყობაც, რაც გაისისთვის დაიგეგმება.