„Deznew"-ის ცნობით - „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შესახებაც მან facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და მალევე წაშალა, თუმცა შინაარსის დამახსოვრება შევძელით. „დღეიდან ლაღი და თავისუფალი ვარ", - წერდა კუბლაშვილი წაშლამდე. გადადგომის მიზეზები უცნობია".
სიმართლე გითხრათ, კუბლაშვილი რომც წასულიყო, წასვლის მიზეზზე მეტად, პირადად ჩემთვის, აქამდე, ამ თანამდებობაზე მისი ყოფნის მიზეზი იქნებოდა უფრო უცნობი და გაუგებარი.
ერთი სიტყვით, ამ აშკარაზე აშკარა დეზინფორმაციამ ბევრს აუჩქროლა გული და ნერვები. ინტერნეტში დადებული ყოველი ათი გამოხმაურებიდან, ცხრა დაახლოებით ასეთია: „Yes", „როგორც იქნა", „მადლობა ღმერთს", „დაიჭირეთ, სადმე არ გაგვასწროს" და ა.შ. მოკლედ, ხალხი პირველ ემოციას აყვა და სანამ ინფორმციის ავტორის, ანუ, „Deznew-ის ვინაობას გაარკვევდა, რამდენიმე წუთით, კი ჩავარდა ნირვანაში.
მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს კუბლაშვილიც და ბევრი სხვაც, მართლა დატოვებს მაღალ პოსტს. ჰოდა, ხალხის მათდამი განწყობას, უფრო სწორად ათიდან ცხრა ადამიანის განწყობას და დამოკიდებულებას თუ მივიღებთ მხედველობაში, დაუცველი ბობოლების თავზე დამტვრეული ჭიქა და ზურგში ლაყე კვერცხი ვითომ გასაკვირია?
დამნაშავეები ისევ სავარძლებში სხედან. ჯერ-ჯერობით უდანაშაულოები კი მათ გადადგომას ელიან. რას იზამ, ქართულმა სამართალმა ამ პარადოქსამდეც მიგვიყვანა.
ისე კოტე კუბლაშვილს ადამიანურად ვურჩევ, ნურც ძალიან დააჩქარებს წასვლას, თორემ, ფაქტია, რომ ამ ბოლო დროს, „ნაცმოძრაობას" ჭიაბერაშვილის თავზე ჭიქის დამსხვრევაზე მეტად ბევრი არაფერი გახარებია. ასეთი გაწევა-გამოწევის შემთხვევაში, ჩემო კოტე ბატონო, შენს ჯანმრთელობაზე მეტად შენს მეგობრებს, შენი შეურაცხყოფის მერე რომ სალაპარაკო თემა მიეცემათ, ის თემა უფრო აინტერესებთ. ისე არ უნდა მოიქცე, ისე არ უნდა იცხოვრო, ისე არ უნდა შეაძულო ხალხს თავი, რომ შენი „წასვლის" შესახებ დეზინფორმაციამ, ასეთი მასობრივი სიხარული გამოიწვიოს.
თუმცა რას გარიგებ. რაც ვთქვი, ჩემზე კარგად იცი, თორემ ვინ იცის, მართლა როგორ გინდა წასვლა და... კინაღამ წამომცდა - მშვიდი ცხოვრება-მეთქი!