კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მცხეთაში, გუჯარის დარბაზის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ ხვალ აქცია-პრეზენტაცია „გვაქვს უთვალავი ფერითა" გაიმართება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ფერადი ქვებით მინაზე შესრულებული აბსტრაქცია, რომლის შუაგულში წრეწირის ცენტრისკენ მიმართული შვიდი ხაზი იქნება. ასევე, გამოფენენ ფოტონამუშევრებს, სამკაულებს, ფსკვნილებსა და ნაქარგებს.
პროექტის ერთ-ერთი ავტორის, დედა სიდონიას თქმით, მთავარი იდეა სხვადასხვა სოციუმის საერთო ინტერესებითა და ფასეულობებით გაერთიანებაა.
საღამოს მუსიკალურად კლასიკური კვარტეტი გააფორმებს. ღონისძიებაში კი მონაწილეობას იღებს ანსამბლი „სუხიშვილები".
აქცია-პრეზენტაციის მხარდამჭერები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად არიან თბილისის მერია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და კომპანია „სარაჯიშვილი".