კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე „ქართული ოცნების" ოფისთან უკვე მეათე დღეა მჯდომარე აქციას მართავს. როგორც ანჯაფარიძემ „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების" შენობის წინ გეგმავდნენ პერფორმანსის მოწყობას, თუმცა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით გადაიფიქრეს.
„ჩვენი მოთხოვნების კვლავ უცვლელია. ვითხოვთ მთავარ პროკურორთან შეხვედრას. ასევე, ძალიან გვინდა შევხდეთ პრემიერ-მინისტრს. ვიცით რომ ქვეყანაში ბევრი სხვა თემაა, ბევრი პობლემაა, თუმცა, ჩვენს გვაქვს გამოძიებული დასტა სისხლის სამართლის დანაშაულის, როგორც კინოცენტრში მიმდინარე ფაქტებთან დაკავშირებით, ისევე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გაყალბებულ დიპლომებთან დაკავშირებით. კინოცენტრში კვლავ იფლანგება მილიონობით თანხები და არავინ ყურადღებას არ გვაქცევს! გვინდოდა პერფორმანსის გაკეთება, მაგრამ გადავიფიქრეთ, რადგან ვინმემ არ იფიქროს სახელმწიფოს წინააღმდეგები ვართ, ან არჩევნების ჩაშლას ვლამობთ. ვაგრძელებთ მშვიდობიან, მდუმარე, მჯდომარე აქციას, რომელიც 3 რიცხვში დავიწყეთ. ვიქნებით ბოლომდე, სანამ ყურადღებას არ მოგვაქცევენ!" - აცხადებს ანჯაფარიძე „რეპორტიორთან" საუბარში.