2013 წლის 27 აგვისტოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 91 მსჯავრდებული - 28 ქალბატონი და 63 მამაკაცი გათავისუფლდა.
პირობით ვადამდე გათავისუფლებულთაგან ერთს, მოსახდელი სასჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა.
პირობით ვადამდე გათავისუფლებულთა შორისაა 8 მსჯავრდებულიც, რომლებსაც სხვადასხვა დაავადებები აღენიშნებოდათ.
კომისიის წევრებმა იმ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები განიხილეს, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან დადებითად ხასიათდებიან და მოხდილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშულზე სასჯელის ნახევარი, მძიმეზე - 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე - 3/4. შუამდგომლობების განხილვისას კომისიის წევრებმა მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობა გაითვალისწინეს, ამასთანავე, შეფასდა მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.
მსჯავრდებული ქალბატონების შემთხვევაში, ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების დახასიათების, ასევე, პატიმართა და მათი ოჯახის წევრების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეკრების გარდა, კომისიის წევრები უშუალოდ გაესაუბრნენ იმ მსჯავრდებულებს, რომელთა შუამდგომლობებს კომისია განიხილავდა. მსგავსი პრაქტიკა მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობაში, გარდა არასრულწლოვნებისა, 2013 წლამდე გამოყენებული არ ყოფილა.
იმ მსჯავრდებულ ქალბატონებს, რომელთა შუამდგომლობები დღეს კომისიამ განიხილა, პარლამენტის ადამიანი უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გაესაუბრა. ეკა ბესელია ვადამდე გათავისუფლების კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია.
პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედ კომისიაში სულ 300-მდე შუამდგომლობა შევიდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ადგილობრივი საბჭოებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გათავისუფლდა 841 მსჯავრდებული, აქედან 790 სრულწლოვანი მამაკაცი, 39 სრულწლოვანი ქალბატონი, 11 არასრულწლოვანი კაცი და 1 არასრულწლოვანი ქალბატონი.
2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 აგვისტომდე სულ გათავისუფლდა 1967 მსჯავრდებული. მათ შორის 1687 სრულწლოვანი მამაკაცი, 249 სრულწლოვანი ქალი, 30 არასწრულწლოვანი მამაკაცი და 1 არასრულწლოვანი ქალბატონი.