თბილისის საქალაქო სასამართლო ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმის განხილვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული , ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით არსებითად იხილება სისხლის სამართლის საქმე ანტონ (ავთანდილ) ადუაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულების ვახტანგ ჩხაპელიას, გელა უბილავასა და კობა ყურუას მიმართ.
სხდომაში, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძე თავმჯდომარეობს, 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯული მონაწილეობს.
სახელმწიფო ბრალდება მათ ბრალს სდებს შემდეგში: 2012 წლის ოქტომბრის თვეში, ვახტანგ ჩხაპელიამ გელა უბილავას შეუკვეთა ანტონ ადუაშვილის მკვლელობა, რომლის სანაცვლოდ შესთავაზა 50 ათასი აშშ დოლარი.გელა უბილავას ორგანიზებით, ჯგუფურად, წარსულში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის მსჯავრდებულმა კობა ყურუამ და ვლადიმერ ქარჩავამ განახორციელეს ანტონ ადუაშვილის განზრახ მკვლელობა; კერძოდ 2012 წლის 23 ნოემბერს ხსენებული პირები ჩაუსაფრდნენ თბილისში ფალიაშვილის ქუჩა N38 თან კაფეში მყოფ ანტონ ადუაშვილს. დაახლოებით 18:50 საათზე ამ უკანასკნელს ა/მანქანაში ჩაჯდომისთანავე თავს დაესხნენ კობა ყურუა და ვლადიმერ ქარჩავა. მიახლოებისთანავე მას კობა ყურუამ მუცლის არეში დანით ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგ ვლადიმერ ქარჩავას დახმარებით დაჭრილი ანტონ ადუაშვილი გადაათრიეს უკანა სავარძელზე და გაემართნენ ზაზიაშვილის ქუჩის მიმართულებით. გადაადგილებისას ვლადიმერ ქარჩავამ, გელა უბილავასაგან წამოღებული "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ანტონ ადუაშვილს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობის ჩადენის შემდეგ კობა ყურუა და ვლადიმერ ქარჩავა დაეუფლნენ ანტონ ადუაშვილის სახელზე რეგისტრირებულ "ბერეტას" სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს და სხვა პირად ნივთებს და მიიმალნენ. 2012 წლის 24 ნოემბერს, გელა უბილავამ ვახტანგ ჩხაპელიასგან შეთანხმებისამებრ მიიღო გასამრჯელო, რაც იმავე დღეს გელა უბილავამ გადაუნაწილა შემსრულებლებს კობა ყურუას და ვლადიმერ ქარჩავას თითოეულს 16500 აშშ დოლარის ოდენობით.
"აღნიშნული საქმის განხილვა 2013 წლის 25 აგვისტოს დაიწყო. სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოადგინეს, ასევე მხარეებმა სასამართლოს წარმოუდგინეს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები. შესავალ სიტყვამდე კი სხდომის თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულებს მისცა განმარტებები გამოსაყენებელი კანონის თაობაზე, ხოლო შემდეგ წილისყრით აირჩა უფროსი მსაჯული და ნაფიცმა მსაჯულებმა დადეს ფიცი. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. მედიის, კერძოდ კი საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებისათვის, რომელიც სარგებლობს პროცესის ვიდეო ჩაწერის უფლებით, მოსამართლემ გააკეთა სპეციალური გაფრთხილება-განმარტება, ნაფიცი მსაჯულების გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნებისა და სხვა პერსონალური მონაცემების დაცვისა და გამჟღავნების დაუშვებლობისა თაობაზე.
სულ დღეის მდგომარეობით (2013 წლის 27 აგვისტო) გაიმართა 3 სასამართლო სხდომა და დაიკითხა ბრალდების 7 მოწმე. თბილისის საქალაქო სასამართლო, ისევე როგორც მთელი საზოგადოება დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით ელოდება ხალხის სახელით მიღებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტს",-ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.