საქართველოს ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირისგან დახმარების სახით სერიოზულ ფინანსურ პაკეტს მიიღებს.
ინფორმაცია, კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის საერთაშორისო საინვესტიციო კონფრენციის დაწყებამდე გააცნო, რომელსაც 10:00 საათზე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნიან.
"პრეზიდენტ ბაროზოს ვიზიტი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის საქართველოსადმი ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირება.
ვიზიტის ფარგლებში ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა მქონდა ევრობანკის ვიცე-პრეზიდენტთან, რომელთანაც საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მომავალი ურთიერთობების პესრსპექტივები განვიხილეთ.
ევრობანკი აპირებს სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტის შექმნას იმისთვის, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად, ქართული კომპანიების მიერ გაწეული სამუშაოები სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტით დაფინანსდეს. რათა ქართულმა კომპანიებმა ადვილად შეძლონ ევროპის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით იმ სტანდარტების მიღწევა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს განახორციელონ ევროპის ბაზარზე ექსპორტი.
ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ხელი ეწერება შეთანხმებას წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისთვის 8 მილიონი ევროს ფარგლებში. ეს იქნება სპეციალური დახმარება ევროკავშირისგან და ვფიქრობ, ასეთი ტიპის სპეციალური დახმარება მომავალშიც ბევრი იქნება გათვალისწინებული. გარდა ამისა, მაკროეკონომიკური სტიმულირებისთვის გათვალისწინებულია 46 მილიონი ევრო და სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული სტანდარტების მიღწევისთვის სპეციალური დახმარება 51 მილიონი ევროს ოდენობით. ასე, რომ პაკეტი საკმაოდ სერიოზულია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.