სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ, რა განვლო საქართველომ, დღეს სად ვართ და მომავალში სად შეიძლება, ვიყოთ. ადამიანის თვისება არის ისეთი, რომ მუდამ ვაიდეალებთ წარსულს, მუდამ გვგონია, რომ წარსულში ნაკლები პრობლემები იყო, ნაკლები განსაცდელი იყო, სინამდვილეში, ყოველ დროს, ყოველ საუკუნეს გააჩნია თავისი დამახასიათებელი დადებითი და უარყოფითი თვისებები. დღეს ჩვენ ვიმყოფებით იმ დროს, როდესაც შესუსტდა სარწმუნოება, როცა ადამიანი ვერ ხედავს რეალურად ცოდვა-მადლს და ხშირი შემთხვევაა, როცა ცოდვა ცოდვად არ მიაჩნია და მადლი მადლად. ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა ადამიანისა. ხანდახან ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, რომ კაცობრიობა მთიდან დაგორებულ კლდესა თუ ქვას ჰგავს, რომელსაც ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს, მაგრამ რაც შეუძლებელია ადამიანისთვის, ის შესაძლებელია ღვთისთვის. თუ გაძლიერდება რწმენა ჭეშმარიტი, სიყვარული და სასოება, ყველაფერი შეიძლება დადგეს თავის ადგილზე. უპირველეს ყოვლისა, ადამიანს უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, უნდა სწამდეს ჭეშმარიტად მამა, ძე და სულიწმინდა, სამება ერთარსი და განუყოფელი, უნდა უყვარდეს თავისი სამშობლო და უნდა უყვარდეს და პატივს სცემდე ადამიანს, მის სიცოცხლეს." - ბრძანა პატრიარქმა.