ქართველი რეჟისორი 2013 წლის 13 ივნისს გარდაიცვალა.
გრიგოლ- გიგა, დავითის ძე ლორთქიფანიძე დაიბადა 1927 წლის 19 ოქტომბერს თბილისში. სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.
1950 წელს დაამთავრა მოსკოვი. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრისა და ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.სადიპლომო სპექტაკლი დადგა ვილნიუსის რუსულ დრამატულ თეატრში.
1952-54, 1957-63, 1963-67, 1976-80წლებში იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1954-56 წლებში- ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობი სდრამატული თეატრის, 1963-65 წლებში თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი. 1967 წელს რუსთავში დაარსა სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1976 წლამდე.
1984-86 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის მხატვრული ხელმძღვანელი, 1985 წლიდან _ საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, პარალელურად _ ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
გიგა ლორთქიფანიძე 1999-2000 წლებში იყო შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი.
რეჟისორის მნიშვნელოვანი დადგმებია კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი" კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი", ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "მე ვხედავ მზეს", პ. კაკაბაძის "კახაბერის ხმალი", ა. როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი", ვ. კოროსტილიოვის "ასი წლის შემდეგ", და "მარტოობის დღესასწაული", ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა", სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", ვ. აბაშიძის მუსიკალურ თეატრში _ "მევიოლინე სახურავზე", თბილისის საოპერო თეატრში ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე", ბ. კვერნაძის "კოლხთა ასული", ბათუმის საოპერო თეატრში _ ჯ. ვერდის "აიდა".
ლორთქიფანიძემ გადაიღო მხატვრული ფილმები "დათა თუთაშხია" (1976-77, 7 სერია გ. გაბესკირიასთან ერთად). "წიგნი ფიცისა", "ერთ პატარა ქალაქში", "თეთრი ბაირაღები", "პრემიერა".
გიგა ლორთქიფანიძე გახლდათ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი 1992-95 წლებში.
ლორთქიფანიძე გახლდათ საქართველოს და სსრ კავშირის სახალხო არტისტი, საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი, „შრომი სწითელი დროშის" და „საპატიო ნიშნის" სამი ორდენის კავალერი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი.
გიგა ლორთქიფანიძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.