დღეს 12 საათზე დარიალში დროებითი საავტომობილო გზა გაიხსნება. ადგილზე იმყოფება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც ხეობაში მიმდინარე სამუშოებს პირადად ადევნებს თვალს.
დროებითი გზის გახსნა „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ 24-საათიანი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა ადამიანს, რომლის დაუღალავი შრომის შედეგადაც დროებითი საავტომობილო გზა გაიხსნა.
მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 17 მაისს შეწყდა, როდესაც მყინვარწვერიდან 2 მილიონამდე კუბამეტრი მოცულობის ყინულის მასა და მთის ნაშალა ჩამოწვა.
გზის გახსნა შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც, სტიქიის გამო, ადმინისტრაციულ ცენტრს იყო მოწყვეტილი, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შეუფერხებლად მიიღოს.
დროებით საავტომობილო გზაზე გადაადგილება ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის იქნება დაშვებული და მასზე მოძრაობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა უწყებას, რომელიც სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში იყო ჩართული.
ძირითადი გზის გასაყვანად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დარიალის ხეობაში სამუშაოებს აგრძელებს.