ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, გადამხდელთა მომსახურების გამარტივების მიზნით, მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობას უახლოეს მომავალში შემოსავლების სამსახურის მობილური სერვის-ცენტრები მოემსახურება. სამინისტროს ახალი ინიციატივის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სტეფანწმინდაში სტუმრობისას განაცხადა, სადაც იგი გადამხდელებს შეხვდა.
ხადურმა ასევე მოინახულა საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“, რომლის მუშაობაც დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის გამო დროებით შეფერხებულია. მინისტრი ადგილზე მომუშავე მებაჟეებს გაესაუბრა და არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მათგან მოისმინა. მისი თქმით, გზის გახსნისთანავე საბაჟო მზადაა ჩვეული რეჟიმით განაახლოს მუშაობა.
„ადგილობრივ მოსახლეობას გავაცანით ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებელთათვის შემოსავლების სამსახურის მობილური სერვის-ცენტრების ამოქმედებას. ვფიქრობთ, გადამხდელებს გაუმარტივდებათ საქმიანობა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორება. რაც შეეხება საბაჟო-გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ მუშაობას, გზის გახსნისთანავე ჩვენ დავიწყებთ მომსახურებას, რაც ჩვენს ექსპორტიორებს გაუადვილებს მიმოსვლას რუსეთის ფედერაციასთან და იმედი გვაქვს, რომ ახალი შესაძლებლობები, რომელიც გაჩნდა მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით სრულად იქნება გამოყენებული,“ - განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა დარიალის ხეობაში გზის გაწმენდითი სამუშაოებიც დაათვალიერეს.