„დაკარგული ლეგენდები“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ქართული ლეგენდების დასაცავად შეიქმნა. მსგავსი შინაარსის პროექტი საქართველოში პირველია. გუნდი, რომელიც მითოლოგიური გმირების გაცოცხლებაზე მუშაობს, დარწმუნებულია, რომ პროექტი, მსოფლიო მასშტაბით, დიდ წარმატებას მოიპოვებს.
ამირანის ისტორია სამ წიგნად გამოიცემა. გრაფიკული ნოველის პირველ ნაწილზე მუშაობა ერთ თვეში დასრულდება. წიგნის პრეზენტაციაზე ჩანახატების მიხედვით გმირების გაცოცხლება მოხდება. წიგნი როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე იბეჭდება. მისი შეძენის შესაძლებლობა კი ყველას ექნება.
იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა, თუმცა სამუშაო ჯგუფი პროექტზე ბოლო ერთი თვეა, რაც აქტიურად მუშაობს. ნოველის ისტორიის ავტორისთვის მსგავსი მასშტაბური პროექტი პირველია.
გრაფიკული ნოველის გმირები ქართული კულტურის ელემენტებით იხატებიან. იარაღი და ტანსაცმელი სამუზეუმო ექსპონატებთან თანხვედრაშია. იქიდან გამომდინარე, რომ „დაკარგული ლეგენდები“ პატრიოტული ხასიათისაა, მხატვრები პროექტის წარმატებაში დარწმუნებულები არიან.
გრაფიკული ნოველის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა, თავდაპირველად, წიგნის სახით იქნება შესაძლებელი, შემდეგ კი მისი ეკრანიზაცია იგეგმება. პროექტის მენეჯერი დარწმუნებულია, რომ „დაკარგული ლეგენდები“ მსოფლიოს აალაპარაკებს.