reportiori.ge - ხვალ პეტრე-პავლობის მარხვა იწყება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:42
რელიგია
ხვალ პეტრე-პავლობის მარხვა იწყება
15 ივნისი, 2014. 14:24


სულთმოფენობის მეორე შვიდეული ყოველთა წმიდათა კვირიაკედ იწოდება, ხვალ, 16 ივნისს კი პეტრე-პავლობის მარხვა იწყება. ეს მარხვა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია - პეტრე-პავლობის მარხვა.


პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ასე რომ, პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე - 7 დღე.


მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე ძველი სტილით 29 ივნისს (ახალი სტილით - 12 ივლისს) აღინიშნება. მეორე დღეს, ე.ი. ძველი სტილით 30 ივნისს(ახ. სტ.13 ივლისს) ეკლესია იხსენიებს წმინდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა კრებას: პეტრეს, ანდრიას, იაკობ ზებედის ძის, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფეს ძეს, იუდა იაკობის ძეს (თადეოზს), სვიმონ მოშურნესა და მატათას.

ასევე 13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.


ამ მრავალდღიან მარხვას ძველად „ერგასის შემდგომს" უწოდებდნენ. ამჟამად მას ზაფხულის მარხვადაც იხსენიებენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ.


წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც „თავთა მოციქულთა". მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან (კერძოდ, პეტრე თორმეტ მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი პავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური), მათ შორის არის ერთგვარი სულიერი სიახლოვე, მსგავსება, რაც თუნდაც იმაში გამოიხატა, რომ ისინი ერთდრულად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.


სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის, დააარსეს ეკლესიები. „საქმე მოციქულთა" მოგვითხრობს: „და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეჰვედრეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა" (საქმე 14, 23).


პეტრე-პავლობის მარხვას „მოციქულთა განწესებაც" იხსენიებს: „სულთმოფენობის შემდგომ იზეიმეთ ერთი შვიდეული და შემდგომ იმარხულეთ".


პეტრე-პავლობის მარხვის შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული ათანასე დიდთან, ამბროსი მედიოლანელთან (IV ს.) და ლეონ დიდთან (V ს.). წმინდა ათანასე დიდი იმპერატორ კონსტანტინესადმი მიძღვნილ სიტყვაში, რომელშიც არიანელებს ამხელს, წერს: „წმინდა ორმოცდამეათე დღის შემდგომ, მარხვაში, ერი სალოცავად გავიდა სასაფლაოზე"; წმინდა ამბროსი მედიოლანელი ამბობს: „ღმერთმა ისე განაგო, რომ მონაწილეობა მიგვეღო მის ვნებებში, ორმოცდღიან მარხვაში; ასევე ბედნიერ გვყო თვისი აღდგომითა და სულთმოფენით... ხოლო ამ მხიარულ დღეთა შემდეგ ჩვენ ისევ ვმარხულობთ"; ლეონ დიდი კი წერს: „საეკლესიო მარხვები წელიწადის დროთა შესაბამისად ისეა განაწილებული, რომ წელიწადის ყოველ დროს შესაბამისი თავშეკავებული მოღვაწეობაც ახლავს".


ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი (XII ს.) მიუთითებს: „პეტრეპავლობის დღესასაწულამდე შვიდი და უფრო მეტი დღით ადრე ყოველი ქრისტიანი, ერისკაცნიცა და მონაზვნებიც, ვალდებულნი არიან, იმარხულონ, თორემ განყენებულნი იქნებიან კრებულიდან".


პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობის შემდგომ ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრე-პავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა, შემდეგ კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა - დადგინდა, მათი ხსენების დღემდე, ე.ი. 12 ივლისამდე ემარხულათ. კანონები მოციქულთა მარხვის შესახებ დაცულია იოანე მმარხველთან (VI ს.), საბა იერუსალიმელისა და სტუდიელთა მონასტრის ტიპიკონებში. ამ მარხვას თავიანთ ეპისტოლეებში იხსენიებენ პატრიარქი ნიკიფორე და თეოდორე ბალსამონიც.


პეტრე-პავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა.


საქართველოს ეკლესიაში მარხვის შენახვის წესს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი (როგორც წესი, ეს მარხვა თევზით ხსნილია, მაგრამ ამისთვის კურთხევას უმაღლესი საეკლესიო პირნი იძლევიან).


მორწმუნე, რომელსაც სურს, სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობის გამო შეიმსუბუქოს მარხვა, კურთხევას იღებს მმართველი ეპისკოპოსისგან ან სულიერი მოძღვრისგან. ამით თავიდან ავიცილებთ ყოველგვარ გაუგებრობასა და გართულებებს, თვითნებურ მარხვას რომ მოსდევს თან.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016