ყოფილი გამომძიებელის, ამჟამად პატიმრობაში მყოფ გია ალავიძის წერილზე დაყრდნობით გაზეთი "პრაიმტაიმი" ინფორამციას ავრცელებს, სადაც პატიმარი ალავიძე სანდრო გირგვლიანის მკლველობის მტკიცებულებებზე საუბრობს.
წერილში, ალავიძე წერს, რომ პროკურატურას გირგვლიანის მკვლელების საქმეზე სხვა, აქამდე გაუხმაურებელი მტკიცებულებები გადასცა, რის სანაცვლოდაც ის გარკვეულ გარანტიებს ითხოვდა, თუმცა ამ დრომდე მას ეს გარანტიები არ მიუღია. მისივე განმარტებით, მან ახალი მტკიცებულებები, რომელსაც საზღვარგარეთ მეგობართან ინახვდა, საკუთარი ძმის მეშვეობით გადასცა პროკურატურას, თუმცა თავად პროკურატურის მხრიდან არანაირი თანმხვედრი ნაბიჯები არ გადადგმულა.
"საქართველოს მთავარი პროკურორისადმი არაერთი მიმართვის შემდეგ, #9-ე დაწესებულებაში შემხვდა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი, გამომძიებელი ზ. შანშიაშვილი, რომელმაც შეადგინა გასაუბრების ოქმი, რომელიც შეეხებოდა სანდრო გირგვლიანის საქმეს და სხვა გახმაურებულ საქმეებს. ასევე ჩემ მიერ გასაჯაროებულ კადრებს, რომელიც 2009 წლის 25 მაისს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში მოხვდა და გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს შეეხებოდა. მე მას მოვთხოვე შემხვედროდა მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილების მიმღები პირი, რომ მსურდა ყოველგვარი წინაპირობის და რაიმე მოთხოვნების გარეშე გამოძიებისთვის გადამეცა სანდრო გირგვლიანის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებები. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს, ისევ შემხვდა დაწესებულებაში გამომძიებელი ზ. შანშიაშვილი, რომელმაც მთხოვა გადამეცა ჩემთან არსებული მასალები. მე მას უარი ვუთხარი და ვთხოვე შემხვედროდა ის პირი, ვინც მე მოვითხოვე. 2013 წლის 4 იანვარს დაწესებულებაში კვლავ შემხვდა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი, ამჯერად გამომძიებელი კ. ჭუმბაძე, რომელმაც ასევე დამკითხა, გასაუბრების ოქმით. მას განვუცხადე, რომ ჩემთან არსებული ნივთ-მტკიცებულებები, რომ მოხვედრილიყო გამოძიებასთან, საჭირო იყო კანონით გათვალისწინებული საპროცესო ნორმების დაცვით მისი წარდგენა, ასევე გარკვეული ტექნიკური საკითხების მოგვარება, ვინაიდან საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულების ნაწილი ჩემს დაკავებამდე შენახული მქონდა საზღვარგარეთ, ჩემს მეგობართან", - წერს პატიმარი გია ალავიძე.