საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც უარყოფს პრეზიდენტის განცხადებას, თითქოს დღეს პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრა გააუქმეს - „საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ პრემიერ მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა გააუქმეს შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, რომელიც თითქოს დღეს, 17 ივლისს უნდა გამართულიყო, არ შეესაბამება სიმართლეს. პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტარებთან ჩანიშნული არ ყოფილა და შესაბამისად ვერ გაუქმდებოდა. საქართველოს პრემიერ მინისტრი ემზადება უმნიშვნელოვანესი ვიზიტისთვის, რომელიც გაიმართება პოლონეთსა და ლიტვაში, რის გამოც ასეთი შეხვედრა ვერც დაიგეგმებოდა. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, მისი შეხვედრა ევროპარლამენტარებთან ასევე არ იყო დაგეგმილი, რადგან დღეს მინისტრი მასპინძლობს თავის კოლეგას, სომხეთის თავდაცვის მინისტრს და ეს შეხვედრა დიდი ხნის წინ დაიგეგმა“ - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.